1. ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე შეიძლება გახდეს წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, იმპორტიორი და ექსპორტიორი, რომელიც აკმაყოფილებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ წესების მოთხოვნებს, აგრეთვე სისტემის კომერციული ოპერატორი.
2. ყველა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესებით კვალიფიციური საწარმოსათვის დადგენილ მოთხოვნებს, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართოს კომერციულ ოპერატორს.
3. კომერციულ ოპერატორთან რეგისტრაციისათვის კვალიფიციურმა საწარმომ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დადგენილი ფორმით განცხადება სისტემის კომერციული ოპერატორის სახელზე, ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების მიღებასთან დაკავშირებით;
ბ) კომისიის მიერ გაცემული ლიცენზია (შესაბამისი ლიცენზიატისათვის);
გ) სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ;
დ) პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირისათვის აგრეთვე წესდება;
ე) ელექტრულ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა გაცემული შესაბამისი ქსელის მფლობელი პირის მიერ (არსებობის შემთხვევაში);
ვ) მიერთებისა და აღრიცხვის წერტილების სქემატური აღწერა.
ზ) ელექტროენერგიის წლიური მოხმარების ან გამომუშავების ან გადაცემის ან განაწილების საპროგნოზო მაჩვენებელი, მათ შორის, სიმძლავრის საპროგნოზო გრაფიკი მაქსიმალური და მინიმალური დატვირთვების ჩვენებით.
4. კვალიფიციური საწარმო ვალდებულია 10 დღის განმავლობაში კომერციულ ოპერატორს შეატყობინოს და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესახებ.
5. კვალიფიციური საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები უნდა იქნეს დამოწმებული შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.
6. კვალიფიციური საწარმოს ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების მინიჭების ან უარის თქმის საკითხს წყვეტს სისტემის კომერციული ოპერატორი, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში.
7. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს კვალიფიციური საწარმოს განაცხადი ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების მინიჭების თაობაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების მოთხოვნებს.
8. სისტემის კომერციული ოპერატორის გადაწყვეტილება ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების მინიჭების ან უარის თქმის თაობაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა.
9. კვალიფიციური საწარმო, გადაცემისა და ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დაამონტაჟოს, ააწყოს, გაარემონტოს, მზადყოფნაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს მის ხელთ არსებულ საშუალებებს;
ბ) ოპტიმალურ ვადებში მოიყვანოს ძირითადი საშუალებანი საექსპლუატაციო დონემდე;
გ) კომერციულ ოპერატორს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია მისი ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის.
10. კვალიფიციური საწარმო და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია დაუმორჩილოს მის ხელთ არსებული საშუალებები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნებს. ამ პირობის დაცვით კვალიფიციური საწარმო დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამა თუ იმ საშუალების დატვირთვის მიზანშეწონილობას და ხარისხს; კვალიფიციურ საწარმოს შეუძლია გამოიყვანოს თავისი საშუალებანი ცენტრალური დისპეტჩერიზააციიდან (სისტემიდან) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ქმედება ნებადართულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ წინასწარ დადგენილი რეჟიმით