1. სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის მიზნით ფორმდება პირდაპირი ხელშეკრულებები კომერციულ ოპერატორსა და კვალიფიციურ საწარმოებს შორის.
2. პირველი პუნქტის შესაბამისად გაფორმებული და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების შესაბამისად კვალიფიციური საწარმოები კომერციულ ოპერატორს უგზავნიან დადგენილი ფორმით შევსებულ განაცხადებს საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად. განაცხადი საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვისათვის უნდა იქნეს წარმოდგენილი საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდებამდე არა უგვიანეს 3 კალენდარული დღით ადრე.
3. საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობაზე განაცხადის ტექნიკურად განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია არ ჩართოს ელექტროენერგიის ეს მოცულობა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების გეგმაში, რაზედაც იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომერციულ ოპერატორს, შესაბამისი დასაბუთებით.
4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმების შემდგომ სისტემის კომერციული ოპერატორი ახდენს შემოსული განაცხადების შერჩევას საბალანსო ელექტროენერგიის ვაჭრობაზე დაშვების მიზნით შემდეგი წესით:
ა) კომერციულმა ოპერატორმა გაყიდვის შესახებ განაცხადები უნდა განიხილოს განაცხადებში წარმოდგენილი ფასების ზრდის მიხედვით, ხოლო თანაბარი ფასების შემთხვევაში მათი წარმოდგენის თანამიმდევრობის შესაბამისად;
ბ) კომერციულმა ოპერატორმა ყიდვის შესახებ განაცხადები უნდა განიხილოს მათი წარმოდგენის თანამიმდევრობის შესაბამისად.
5. შერჩეული განაცხადებით სისტემის კომერციული ოპერატორი ადგენს მყიდველთა და გამყიდველთა სიას და შესაბამისი საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების გრაფიკს (მოცულობებს), რის შესახებაც აცნობებს ვაჭრობის მონაწილეებს.
6. დადებული გარიგებების მიხედვით გამყიდველებს უჩნდებათ ვალდებულება დადგენილი გრაფიკების შესაბამისად მიაწოდონ გაყიდული ელექტროენერგიის შესაბამისი მოცულობები, ხოლო მყიდველებს უჩნდებათ ვალდებულება მოიხმარონ დადგენილი გრაფიკების შესაბამისად შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობები.
7. საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან 12 დღის ვადაში სისტემის კომერციული ოპერატორი ვაჭრობის მონაწილეებს უგზავნის შეტყობინებებს ჩატარებული ვაჭრობების, დადებული გარიგებების, საბალანსო ელექტროენერგიის ფასის, გაყიდული/შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობების შესახებ.
8. ვაჭრობებზე გასაყიდად შემოთავაზებული ელექტროენერგია თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან, მათ შორის ორმხრივი ვადიანი სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან.
9. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია მოსთხოვოს კვალიფიციურ საწარმოებს გარიგებების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად საბანკო გარანტიის წარმოდგენა ამ კვალიფიციური საწარმოს მიერ წინა თვეში კომერციული ოპერატორის მეშვეობით შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საფასურის გადახდის 5 დღეზე მეტი ვადით დაგვიანების შემთხვევაში. ამგვარი საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ამ კვალიფიციური საწარმოს მიერ წინა თვეში სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულების ოდენობით