1. წინამდებარე წესებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.
2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „ელექტროენერგიის აღრიცხვა“ – ელექტროენერგიის აღრიცხვის პროცესი, რომელიც მოიცავს ყველა სახის გაზომვას აღრიცხვის მოწყობილობის საშუალებით;
ბ) „გატარება” – განაწილების ან წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარება სხვა კვალიფიციური საწარმოს ან/და იმ საცალო მომხმარებლისათვის, რომელიც ელექტროენერგიას შეისყიდის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისაგან;
გ) „ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალება“ – ელექტროსადგური, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენება იმ ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, რომელიც ამ ელექტროსადგურთან ერთად იმყოფება ერთი და იმავე ფიზიკური ან იურიდიული პირის პირდაპირ საკუთრებაში;
დ) „პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე“ – ამ წესების თანახმად ორმხრივი ხელშეკრულება, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და პირდაპირ მომხმარებელს და, მეორე მხრივ, კვალიფიციურ საწარმოს შორის, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების გაწევაზე, რომელიც რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ და ითვალისწინებს ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ან/და გატარების მომსახურების პირობებს;
ე) „ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარება“ – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წარმოების ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველყოფისა და სადგურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამეურნეო ხარჯი;
ვ) „ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯი“ – ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარება, ასევე ელექტროენერგიის დანაკარგები, რომელიც წარმოიქმნება სადგურის ძალოვან და გამზომ ხელსაწყოებში, ტრანსორმატორებსა და ელექტროგადამცემ ხაზებში;
ზ) „ქვესადგურის საკუთარი მოხმარება“ – ქვესადგურის ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველყოფისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამეურნეო ხარჯი;
თ) „ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში“ – ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებში, ძალოვან, ვოლტდამმატ და გამზომ ტრანსორმატორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, მაშუნტირებელ რეაქტორებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში;
ი) „ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის განაწილების ქსელში“ – ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გამანაწილებელ, საჰაერო და საკაბელო ქსელში, ძალოვან და გამზომ ტრანსორმატორებში, დენშემზღვუდველ რეაქტორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში;
კ) „ელექტროენერგიის ზენორმატიული დანაკარგი“ – დადებითი სხვაობა გადამცემ ქსელში არსებულ ფაქტობრივ დანაკარგსა და კომისიის მიერ დადგენილ ელექტროენერგიის ნორმატიულ დანაკარგს (ტექნოლოგიური დანახარჯს) შორის;
ლ) „ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვის სისტემა“ – გამზომი ტრანსფორმატორების, შემაერთებელი სადენების, მრიცხველების, შემკრები, გარდამქმნელი და გადამცემი მოწყობილობების ერთობლიობით შექმნილი სისტემა ელექტროენერგიის რაოდენობის, მისი პარამეტრების აღრიცხვისა და გარკვეულ პერიოდში დამახსოვრებისათვის.
მ) „საბალანსო ელექტროენერგიის ფასი“ – სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, რომელიც გამოანგარიშდება ამ წესების მე-4 თავის მიხედვით;
ნ) „საბითუმო ვაჭრობა” – ელექტროენერგიის, მათ შორის საბალანსო ელექტროენერგიის, სიმძლავრის და სარეზერვო სიმძლავრის ყიდვა და გაყიდვა “ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესებით უფლებამოსილ საწარმოებს შორის;
ო) „საანგარიშო პერიოდი“ – ერთი კალენდარული თვე;
პ) „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ – სისტემის კომერციული ოპერატორი;
ჟ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელი“ – წარმოების ლიცენზიატი და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.
თავი II
ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობ