1. საქმეში შეტანილი დოკუმენტების დაცვისა და მათი განლაგების წესის განმტკიცების მიზნით მისი ყველა ფურცელი, დამადასტურებელი წარწერისა და შიდა აღწერის ფურცლების გარდა, გაშლილი სახით ინომრება არაბული ციფრებით, მთლიანი ნუმერაციით, ფურცლის ზედა მარჯვენა კუთხეში შავი გრაფიტის ფანქრით ან ნუმერატორით. ნომრები არ უნდა შეეხოს ტექსტს. ფურცლების დანომვრა მელნით და ფერადი ფანქრებით აკრძალულია. საქმის დოკუმენტების შიდა აღწერის ფურცლები ინომრება ცალკე.
2. საქმეთა ფურცლები, რომლებიც რამდენიმე ტომს ან ნაწილს შეიცავენ, ინომრება ცალ-ცალკე თითოეული ტომისა თუ ნაწილის მიხედვით.
3. ფოტოსურათები, ნახაზები, დიაგრამები და სხვა საილუსტრაციო და სპეციფიკური დოკუმენტები, რომლებიც საქმეში წარმოადგენენ დამოუკიდებელ ფურცელს, ინომრება მეორე მხარეს ზედა მარცხენა კუთხეში.
4. დაკეცილი ფურცელი იშლება და ინომრება ზედა მარჯვენა კუთხეში. ამასთან, ცალი მხარით ჩაკერებული ნებისმიერი ფორმატის ფურცელი ინომრება როგორც ერთი ფურცელი, დაკეცილი და შუა ნაწილით ჩაკერებული ფურცელი ხელახლა უნდა ჩაიკეროს და დაინომროს როგორც ერთი ფურცელი.
5. ფურცელი, რომელზეც დაწებებულია დოკუმენტები (ამონაჭრები, ამონაწერები, ფოტოსურათები და ა.შ.), ინომრება როგორც ერთი ფურცელი. თუ დოკუმენტს ცალ მხარეს მიწებებული აქვს სხვა დოკუმენტები (ამონაჭრები, ტექსტის ჩანართები, თარგმანები და ა.შ.), თითოეული დოკუმენტი ინომრება ცალ-ცალკე.
6. საქმეში ჩაკერებული ჩანადებიანი კონვერტები ინომრება: ჯერ ინომრება კონვერტი, ხოლო შემდეგ მორიგი ნომრით – კონვერტის თითოეული ჩანადები.
7. საქმეში ჩაკერებული დოკუმენტები (დაბეჭდილი გამოცემების ჩათვლით), რომლებსაც საკუთარი ნუმერაცია აქვს, შეიძლება დაინომროს საერთო წესით ან დარჩეს მისი საკუთარი ნუმერაცია, თუ იგი შეესაბამება საქმეში დოკუმენტების რიგით განლაგებას.
8. თუ აღმოჩნდა, რომ საქმის ფურცლების ნუმერაციაში დაშვებულია მრავალი შეცდომა, საქმისწარმოებაში საქმის ფურცლები ხელახლა ინომრება. ფურცლების ხელახალი დანომვრის დროს ძველი ნომერი იშლება ერთი დახრილი ხაზით და გვერდით დაისმება ფურცლის ახალი ნომერი. საქმის ბოლოს დგება ახალი დამადასტურებელი წარწერა, ამასთან, ძველი დამადასტურებელი წარწერა უნდა წაიშალოს, მაგრამ დარჩეს საქმეშ