(ა) არც „ინტელსატ“-ი და არც რომელიმე ხელმომწერი, დირექტორი, თანამდებობის პირი და არც რომელიმე თანამშრომელი არ „ინტელსატ“-ის რომელიმე ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, არ არის პასუხისმგებელი (და მათ წინაშე არ აღიძვრება არანაირი სარჩელი რომელიმე ხელმომწერის ან „ინტელსატ“-ის მიერ) იმ დანაკარგზე ან ზარალზე, რომელიც გამოწვეულია შეთანხმებისა და ექსპლუატაციის შესახებ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სატელეკომუნიკაციო სერვისის განუხორციელებლობის, დაყოვნების ან ხარვეზიანი შესრულების მიზნით.
(ბ) თუ კომპეტენტური სასამართლო ტრიბუნალის ან მმართველთა საბჭოს შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებით „ინტელსატ“-ს ან რომელიმე ხელმომწერს ეკისრება რაიმე მოთხოვნილი თანხის გადახდის ვალდებულება (მასთან დაკავშირებული ხარჯებისა და დანახარჯების ჩათვლით), რაც გამოწვეულია შეთანხმების ან ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების თანახმად „ინტელსატ“-ის მიერ განხორციელებული ან ნებადართული საქმიანობის გამო, და თუ ეს მოთხოვნა არ კმაყოფილდება ანაზღაურებით, დაზღვევით ან სხვა ფინანსური შეთანხმებით, მაშინ, მიუხედავად ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულების მე-5 მუხლით დადგენილი სილინგისა (ზღვრული თანხისა), ხელმომწერებმა „ინტელსატ“-ს უნდა გადაუხადონ გადაუხდელი მოთხოვნის შესაბამისი თანხა მათი საინვესტიციო წილების პროპორციულად იმ დღის მდგომარეობით, როცა ასეთი წესით მოთხოვნილი თანხა დაექვემდებარება გადახდას.
გ) იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე მუხლის (ბ) პუნქტის შესაბამისად გადასახადებთან დაკავშირებული საჩივარი აღძრულია ხელმომწერის წინააღმდეგ, ამის შესახებ ხელმომწერმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს „ინტელსატ“-ს და ამ უკანასკნელს უნდა მიეცეს რეკომენდაციებისა და რჩევების მოწოდების ან სასამართლო პროცესზე დაცვის უზრუნველყოფის შესაძლებლობა იმ კანონმდებლობის ფარგლებში, რომლის იურისდიქციაშიც აღძრულია სასამართლო საქმე. ასევე, მას შესაძლებლობა უნდა მიეცეს გახდეს სასამართლო პროცესის მხარე ხსენებულ ხელმომწერთან ერთად ან შეასრულოს მისი შემცვლელის როლი