1. რადიოდანადგარი ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარი მომსახურებაში დაიშვება მხოლოდ დანიშნულებისამებრ, ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობისა და შესაბამისობის დადასტურების წესების დაცვის შემთხვევაში CE ან GES ნიშანდებით.
2. სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების საერთო სარგებლობის სატელეკომუნიკაციო ქსელთან შეერთებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული პირობებისა და მოთხოვნების დაცვა (კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებების თავსებადობა, ურთიერთშენაცვლებადობა და სხვ.).
3. საერთო სარგებლობის სატელეკომუნიკაციო ქსელში ჩართულ კავშირგაბმულობის ოპერატორებს უფლება არ აქვთ უარი თქვან ტექნიკურ მოწყობილობებზე, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების შესაბამის ინტერფეისებთან დაკავშირება და რომლებიც შეესაბამებიან ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ ამ რეგლამენტის შესაბამისად სერტიფიცირებული დანადგარი, სერიოზულ ზიანს აყენებს ქსელს (იწვევს მიუღებელ ან/და საზიანო ხელშეშლას ქსელის მუშაობის პროცესში) კომისიის ნებართვით კავშირგაბმულობის ოპერატორი უფლებამოსილია უარი თქვას ამ დანადგარის ქსელთან მიერთებაზე ან გათიშოს ასეთი დანადგარი;
ბ) საგანგებო ვითარებაში ქსელზე დანადგარით სერიოზული მავნე ზემოქმედების საშიშროების შემთხვევში, კავშირგაბმულობის ოპერატორი უფლებამოსილია ქსელის დაცვის მიზნით გათიშოს დანადგარი, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მომხმარებელსა და კომისიას და თუ შესაძლებელია მომხმარებლის მხრიდან ხარჯების გაწევის გარეშე შესთავაზოს მას მომსახურების ალტერნატიული ვარიანტი.
4. თუ რადიოდანადგარი ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარი მომსახურებაში დაშვებული იყო, მაგრამ ექსპლუატაციის პროცესში საფრთხე შეუქმნა საზოგადოების უსაფრთხოებასა და ადამიანის ჯანმრთელობას, გამოიწვია კავშირგაბმულობის სხვა ოპერატორების მნიშვნელოვანი ზიანი, ელექტრომაგნიტური შეუთავსებლობა, საერთო სარგებლობის სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და რადიოდანადგარების ელექტრომაგნიტური ხელშეშლა, კომისია უფლებამოსილია შეზღუდოს ამ რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების მომსახურებაში დაშვება