1. წინამდებარე კონვენცია შეერთებისთვის გახსნილია იუნესკოს ყველა არაწევრი სახელმწიფოსთვის, რომლებიც გაეროს ან მისი რომელიმე სპეციალიზებული დაწესებულების წევრები არიან და რომლებსაც იუნესკოს გენერალური კონფერენცია იწვევს კონვენციასთან შესაერთებლად.
2. წინამდებარე კონვენცია შესაერთებლად ასევე გახსნილია იმ ტერიტორიებისთვის, რომლებსაც აქვთ გაეროს მიერ აღიარებული სრული შიდა თვითმმართველობა, მაგრამ არ მიუღწევიათ სრული დამოუკიდებლობისათვის გენერალური ასამბლეის 1514 (XV) რეზოლუციის მიხედვით, და რომლებიც კომპეტენტური არიან წინამდებარე კონვენციით რეგულირებად საკითხებში, ამგვარ საკითხებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებთან შეერთების კომპეტენციის ჩათვლით.
3. შემდეგი დებულებები ეხება რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციებს:
(ა) წინამდებარე კონვენცია შესაერთებლად ასევე გახსნილია რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომლებსაც, ქვემოთ მოცემული შემთხვევების გარდა, ისევე ეკისრებათ წინამდებარე კონვენციის დებულებების შესრულება, როგორც მონაწილე სახელმწიფოებს;
(ბ) იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ორგანიზაციის ერთი ან მეტი წევრი სახელმწიფო ასევე წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის მონაწილეს, ორგანიზაცია და ამგვარი წევრი სახელმწიფო ან სახელმწიფოები თანხმდებიან გაინაწილონ პასუხისმგებლობა წინამდებარე კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. პასუხიმგებლობის ამგვარი განაწილება ძალაში შევა მხოლოდ (გ) ქვეპუნქტში აღწერილი შეტყობინების პროცედურის დასრულების შემდეგ. ორგანიზაცია და წევრი სახელმწიფოები ერთდროულად ვერ ისარგებლებენ წინამდებარე კონვენციით მინიჭებული უფლებებით. გარდა ამისა, რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით ხმის უფლების გამოყენების თვალსაზრისით, აქვთ იმდენი ხმა, რამდენიც არის წევრი სახელმწიფო, რომელიც იმავდროულად წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოა. ამგვარი ორგანიზაცია ვერ გამოიყენებს კენჭისყრის უფლებას, თუ რომელიმე მისი წევრი სახელმწიფო იყენებს თავის უფლებას და პირიქით.
(გ) რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია და მისი წევრი სახელმწიფო თუ სახელმწიფოები, რომლებიც შეთანხმდებიან პასუხისმგებლობის განაწილებაზე (ბ) პუნქტის თანახმად, პასუხისმგებლობის ამგვარი შეთავაზებული განაწილების შესახებ მონაწილეებს შემდეგნაირად შეატყობინებენ:
(i) კონვენციასთან შეერთების შესახებ დოკუმენტში ორგანიზაციამ მკაფიოდ უნდა მიუთითოს იმ საკითხებში პასუხისმგებლობის განაწილების თაობაზე, რომლებსაც კონვენცია არეგულირებს;
(ii) პასუხისმგებლობის განაწილებაში რაიმე მოგვიანებით შეტანილი ცვლილებების შემთხვევაში რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციამ დეპოზიტარს უნდა შეატყობინოს ნებისმიერი ამგვარი ცვლილება; თავის მხრივ დეპოზიტარი ამგვარ ცვლილებას მონაწილეებს ატყობინებს;
(დ) იგულისხმება რომ რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც წინამდებარე კონვენციის მონაწილენი გახდნენ, ინარჩუნებენ კომპეტენციას ყველა იმ საკითხში, რომლებთან დაკავშირებითაც ორგანიზაციისთვის კომპეტენციის გადაცემა არ ყოფილა საგანგებოდ გამოცხადებული ან დეპოზიტარისთვის შეტყობინებული;
(ე) ,,რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია” ნიშნავს ორგანიზაციას, რომელიც შედგება გაეროს ან ნებისმიერი მისი სპეციალიზებული დაწესებულების წევრი სუვერენული სახელმწიფოებისგან და რომელსაც ამ სახელმწიფოებმა გადასცეს უფლებამოსილება წინამდებარე კონვენციით რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებით და რომელიც სათანადოდაა უფლებამოსილი გახდეს მისი მონაწილე მისივე შიდა პროცედურების თანახმად.
4. კონვენციასთან შეერთების შესახებ დოკუმენტი შესანახად გადაეცემა იუნესკოს გენერალურ დირექტორ