1.      მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 განსაზღვრავს, ცალკეულ ზონაში, კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე დასაშვებ, შენობა-ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა სრული სართულების, აგრეთვე სრულ სართულთან, ამ წესებით გათანაბრებული მანსარდის ან მისი ნაწილის იატაკის ძირითადი კონსტრუქციების ზედაპირების ჯამურ ფართობს.
მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 არის შენობა-ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა სრული სართულების იატაკის ძირითადი კონსტრუქციების ზედაპირების ჯამური ფართობის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან შეფარდების მაქსიმალური მაჩვენებელი.
2. შენობა-ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა სრული სართულების იატაკის ძირითადი კონსტრუქციების ზედაპირების ჯამური ფართობის, აგრეთვე სრულ სართულთან ამ წესებით გათანაბრებული მანსარდის ან მისი ნაწილის იატაკის ძირითადი კონსტრუქციების ზედაპირების ფართობი, იანგარიშება შესაბამისი სართულის გარე კონტურის ზომებით, აივნებისა და ტერასების ფართობების გამოკლებით.
3. კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი გამოითვლება ქვემოთ განსაზღვრული ჩამონათვალის შესაბამისად:
ა) მიწისპირა და მიწისზედა სრული სართულის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის, მათ შორის, ერკერის გარე კონტურში მოქცეული ზედაპირის ფართობი კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;
ბ) არასრული სართულის იატაკის კონსტრუქციის ზედაპირის ფართობი  კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში არ შედის;
გ) სხვენში, რომელშიც მოწყობილია ისეთი მანსარდა, რომელიც წარმოადგენს სრულ სართულს, მაშინ ასეთი მანსარდა  კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის ასეთი სხვენის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობის 3/4-ით;
დ)     სხვენში, რომელშიც მოწყობილია ისეთი მანსარდა, რომელიც წარმოადგენს არასრულ სართულს, მაშინ ასეთი მანსარდა კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის ასეთი სხვენის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობის 1/3-ით;
ე) ერთბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის (ზონებში სზ-1 და სზ-2) მანსარდის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობი არ შედის კ-2-ის საანგარიშო ფართობში;
ვ)  მიწისპირა სართულზე არსებული კიბის უჯრედის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის და შესაბამის სართულზე არსებული ლიფტის შახტის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 60 მ2-ზე მეტია  კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;
ზ) შენობისა და ქუჩის ზედაპირის გადაკვეთის დონე(ებ)ზე, შენობაში ავტომობილის გასასვლელად მოწყობილი გვირაბის გზის ზედაპირის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 50 მ2-ზე მეტია  კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;
თ) აივნის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც გამოწეულია შენობა-ნაგებობის ფასადის გარე კედლიდან 1,5 მ-ზე მეტი მენძილით – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;
ი) ვერანდის, ერკერის, ლოჯიის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობი - კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად;
კ) სზ-1-ში კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში არ შედის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დამხმარე შენობა ნაგებობ(ებ)ის, მათ შორის, სათბურების გარე კონტურში მოქცეული ზედაპირის ფართობი;
ლ)     მიწისზედა ავტოფარეხი მიუხედავად მისი სიმაღლისა, კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში არ შედის.
4. კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი მრგვალდება მეათედის სიზუსტით