1. „გარემოზე ზემოქმედების შეფასება“ – დაგეგმილი საქმიანობის შესწავლისა და გამოკვლევის პროცედურა, რომლის მიზანია გარემოს ცალკეული ელემენტების, ადამიანის, ასევე ლანდშაფტის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; გარემოზე ზემოქმედების შეფასება შეისწავლის, გამოავლენს და აღწერს დაგეგმილი საქმიანობის პოტენციურ პირდაპირ და არაპირდაპირ ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე, მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ნიადაგზე, ჰაერზე, წყალზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, ეკოსისტემებსა და ისტორიულ ძეგლებზე ან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების ერთიანობაზე, მათ შორის, ამ ფაქტორების ზეგავლენას კულტურულ ფასეულობებზე (მემკვიდრეობაზე) და სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე (ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის).
2. „საქმიანობა“ – გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საწარმოო, სამეურნეო ან ყველა სხვაგვარი საქმიანობა (მათ შორის მშენებლობა) ინფრასტრუქტურული გეგმების, პროგრამებისა და პროექტების განხორციელების ჩათვლით, ასევე არსებული საწარმოს ხელახალი ტექნოლოგიური აღჭურვა.
3. „საქმიანობის განმახორციელებელი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, (რომელიც არ არის იურიდიული პირი), რომელიც არის საქმიანობის განხორციელების ინიციატორი და მიმართავს შესაბამის ორგანოს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების უფლების მისაღებად.
4. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვა“ – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა საქმიანობის განმახორციელებელზე და წარმოადგენს საქმიანობის დაწყების სამართლებრივ საფუძველს.
5. „საკონსულტაციო ფირმა“ – იურიდიული პირი, რომელსაც წესდების შესაბამისად უფლება აქვს გასწიოს კონსულტაცია გარემოს დაცვის სფეროში.
6. „გარემოს დაცვის ნორმები“ – საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების ის ზღვრები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს ეკოლოგიურ წონასწორობას. ამ მიზნით დაწესებული გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები – ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და ნიადაგში ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის მავნე ნივთიერებების კონცენტრაციისა და მიკროორგანიზმების რაოდენობათა ზღვრულად დასაშვები ნორმები; ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები; რადიაციული ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები; – გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები; გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმები; ეკოლოგიური მოთხოვნები პროდუქციისადმი; გარემოზე დატვირთვის ნორმები.
7. „ხელახალი ტექნოლოგიური აღჭურვა“ – საწამოს არსებული ტექნოლოგიის შეცვლა განსხვავებული ტექნოლოგიით, რაც იწვევს ექსპლოატაციის პირობების შეცვლას.
8. „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა“ – გარემოსდაცვითი ხასიათის აუცილებელი ღონისძიება, რომელიც ხორციელდება საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
9. „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანო“ – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
10. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გამცემი ორგანო“ – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
11. „დამოუკიდებელი ექსპერტი“ – გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გამცემ ორგანოსთან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილე ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე და სათანადო წესით რეგისტრირებულია სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრში.
12. „ექსპერტთა რეესტრი“ – გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ შედგენილი საინფორმაციო ბანკი დამოუკიდებელ ექსპერტთა პროფესიონალური და პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელშიც სავალდებულოა ექსპერტთა რეგისტრაცია და რომლის მიხედვითაც ხდება ცალკეული საექსპერტო კომისიების ფორმირების მიზნით ექსპერტთა შერჩევა.
13. „პროექტი“ – საქმიანობის დამასაბუთებელი დოკუმენტაცია მისი დამუშავების ნებისმიერ სტადიაზე.
14. „საექსპერტო დასკვნა“ – სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტის დასკვნა დაგეგმილი საქმიანობის განსახილველი დამასაბუთებელი დოკუმენტაციის ცალკეულ მიმართულებაზე ან საკითხზე.
15. „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის დასკვანა“ – სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის დასკვნა (შემდგომში – კომისიის დასკვანა), რომელიც შედგენილია ცალკეული საექსპერტო დასკვნების შეჯერების საფუძველზე.
16 „დროებითი ექსპერტ-კონსულტანტი“ – სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს ან სხვა სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საშტატო თანამშრომლები, რომელთა ფუნქციონირება ნაწილობრივ ან მთლიანად მოიცავს ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის რეგულირებას
„სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 06.03.2007
მუხლი 4. ტერმინთა განმარტებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების რეგულირების საგანი
- მუხლი 2. დებულების მიზნები
- მუხლი 3. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცედურის პრინციპები
- მუხლი 5. უფლებები სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის სფეროში
- მუხლი 6. ვალდებულებები სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში
- მუხლი 7. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ობიექტები
- მუხლი 8. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურის ჩატარების თანამიმდევრობა და წესი
- მუხლი 10. საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელ ექსპერტთა მიმართ და მათი სტატუსი
- მუხლი 11. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ექსპერტთა რეესტრი
- მუხლი 12. დამოუკიდებელ ექსპერტთა რეგისტრაცია და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურისათვის მათი შერჩევის კრიტერიუმები
- მუხლი 13. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისიის ფორმირება და შემადგენლობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, მუხლი 4, №193, 06.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 360130000.22.023.010072 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1352420/muxli-4/