1. დამოუკიდებელი ექსპერტი წარმოადგენს სამინისტროს მიერ ამ დებულების მე-12 მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს, რომელსაც:
ა) გააჩნია თეორიული ცოდნა განსახილველ საკითხზე;
ბ) აქვს პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის დარგში;
გ) აქვს საექსპერტო მუშაობის გამოცდილება;
დ) გააჩნია კოლექტიური მუშაობის ჩვევები, საკითხების ინტეგრირებულად განხილვისა და ანალიზის უნარი;
ე) გააჩნია ორგანიზაციული მუშაობის ჩვევები და შეუძლია შეასრულოს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის ფუნქციები;
ვ) აკმაყოფილებს ამავე დებულებით დადგენილ მოთხოვნებს.
2. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები შეიძლება მოწვეული იქნენ მხოლოდ მათი თანხმობის საფუძველზე.
3. სპეციალურ რეესტრში რეგისტრირებისა და შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ისინი იძენენ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსს და ახორციელებენ თავის ფუნქციებს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების ფარგლებში.
4. აკრძალულია სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში იმ პირთა რეგისტრირება და შემდგომში სახელმწიფო ეკოლოგიური ექპერტიზის პროცედურაში “დამოუკიდებელი ექსპერტის“ სტატუსით მონაწილეობა, რომლებიც:
ა) წარმოადგენენ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს (მინისტრი, მინისტრის მოადგილე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ტერიტორიული  ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები);
ბ) ასრულებენ იმ სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საშტატო თანამშრომლის მოვალეობებს, რომელთა ფუნქციონირება ნაწილობრივ ან მთლიანად მოიცავს ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის რეგულირებას;
გ) არიან საქმიანობის განმახორციელებლის წარმომადგენელი, საპროექტო დამასაბუთებელი დოკუმენტაციის დამუშავების მონაწილე ან საქმიანობის განმახორციელებელთან სხვა ფორმით შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები;
დ) ექსპერტიზაზე წარმოდგენილ საქმიანობაში ნებისმიერი სხვა სახით დაინტერესებული პირები;
ე) ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებიან სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
5. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს მიერ „დროებითი ექსპერტ-კონსულტანტის“ სტატუსით შესაძლებელია ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოწვეულნი იქნენ:
ა) სამინისტროს საშტატო თანამშრომლები;
ბ) პირები, რომლებიც ასრულებენ იმ სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საშტატო თანამშრომლის მოვალეობებს, რომელთა ფუნქციონირება ნაწილობრივ ან მთლიანად მოიცავს ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის რეგულირებას.
6. იმ დროებით ექსპერტ-კონსულტანტების დამტკიცება, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ უნდა იქნენ სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად, ყოველი კონკრეტული პროცედურისათვის ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
7. დროებითი ექსპერტ-კონსულტანტები საქმიანობას ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე