1. საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია დავის განხილვის პროცესში მიიღოს შუალედური გადაწყვეტილებები სხვადასხვა საკითხებზე და სხვადასხვა დროს. აღნიშნულ გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე. ამ გადაწყვეტილებებს აქვთ იგივე სამართლებრივი ძალა, როგორც საარბიტრაჟო სასამართლოს მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებს და ძალაში შედიან მათი მიღების დღიდან.
2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში მხარეებს უფლება აქვთ, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მეშვეობით წერილობითი თხოვნით მიმართონ საარბიტრაჟო სასამართლოს, გასწორებულ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში დაშვებული ისეთი შეცდომები, როგორიცაა გაანგარიშებაში, ასევე ხელნაწერში და ბეჭდვისას დაშვებული და სხვა მსგავსი ტექნიკური ხასიათის შეცდომები. საარბიტრაჟო სასამართლო ვალდებულია, მხარის მომართვის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება, შეიტანოს თუ არა შესაბამისი შესწორებანი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შეცდომების გასწორებაზე საარბიტრაჟო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც ხელს აწერენ საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე და წევრები და მოწმდება სანოტარო წესით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დამოწმებისათვის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცდომების გასწორების შესახებ წარმოადგენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემადგენელ ნაწილს.
3. საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში თავისი ინიციატივით გაასწოროს ზემოაღნიშნული ტექნიკური ხასიათის შეცდომები.
4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში მხარეებს უფლება აქვთ, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მეშვეობით წერილობითი თხოვნით მიმართონ საარბიტრაჟო სასამართლოს, განმარტებულ და დაზუსტებულ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილი. საარბიტრაჟო სასამართლო ვალდებულია მომართვის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება განმარტების ან განმარტებაზე უარის შესახებ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტებას ხელს აწერენ საარბიტრაჟო სასამართლოს წევრები და მოწმდება სანოტარო წესით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დამოწმებისათვის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტება წარმოადგენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემადგენელ ნაწილს.
5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში საარბიტრაჟო სასამართლოს თავისი ინიციატივით, ან მხარეთა წერილობითი მომართვის საფუძველზე, შეუძლია მიიღოს დამატებითი გადაწყვეტილება საკითხებზე, რომელიც განხილული იყო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, მაგრამ არ აისახა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში, კერძოდ:
ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის დაკმაყოფილებასაც ითხოვდა მხარე, გადაწყვეტილებაში არაფერია მითითებული;
ბ) უფლების საკითხის გადაწყვეტის მიუხედავად, გადაწყვეტილებაში არ არის მოცემული გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;
გ) გადაწყვეტილებაში არ არის ჩამოყალიბებული საარბიტრაჟო მოსაკრებლის მხარეებს შორის განაწილების საკითხი.
დამატებითი გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სასამართლოს გამოაქვს საარბიტრაჟო სხდომაზე, რომლის შესახებაც წინასწარ ეცნობებათ მხარეებს. მხარეთა გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას. დამატებითი გადაწყვეტილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია