1. სხ-ის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის გასაფორმებლად, სხ-ის (ძრავის, ნაკეთობის) ნამუშევარი საათებისა და ტექნიკური მდგომარეობის აღსარიცხავად, მისი მიღება-გადაცემის გასაფორმებლად გათვალისწინებული საბუთები განეკუთვნება დანომრილს. ეს საბუთები განკუთვნილია მხოლოდ სხ-ის (ძრავის, ნაკეთობის) კონკრეტული ეგზემპლარისათვის, რომელიც დამამზადებელ ქარხანაში რეგისტრირებულია გარკვეული (სერიული, საქარხნო და ა.შ.) ნომრით.
2. დანომრილ საბუთებს განეკუთვნება სააგენტოსა და დამამზადებლის/შემმუშავებლის მიერ გაცემული საბუთები, აგრეთვე სხ-ის სადაზღვევო მოწმობა (კასკო) და ავიასაწარმოს მიერ გაცემული ტექნიკური საბორტო და სანიტარიული ჟურნალები. ამ პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალები მთლიანად შევსების შემდეგ ინახება ერთი წლის განმავლობაში.
3. სააგენტოს მიერ გაცემულ საბუთებს განეკუთვნება:
ა) სხ-ის სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა;
ბ) სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობა/სერტიფიკატი, სააგენტოს მიერ გაცემული ან აღიარებული;
გ) რადიოსადგურის გამოყენების მოწმობა;
დ) სხ-ის ადგილმდებარეობაზე ხმაურის მოწმობა.
4. დამამზადებლის/შემმუშავებლის მიერ გაცემულ საბუთებს განეკუთვნება:
ა) სხ-ისა და ძრავების ფორმულარები;
ბ) მაკომპლექტებელი ნაკეთობ(ებ)ის პასპორტი და/ან ეტიკეტი;
გ) ნიველირების მონაცემების ცხრილი;
დ) ფრენის რეჟიმების აღმრიცხველების ტარირების გრაფიკები;
ე) სხ-ის რემონტის შემდეგ სარემონტო საწარმოს მიერ გაცემული პლანერის ძალური ელემენტის ფორმულარი;
5. დანომრილი საბუთების უქონლობისას ან შეცდომით გაფორმებისას, სხ-ის საფრენად გაშვება აკრძალულია.
6. დამამზადებლის მიერ გაცემული სტ-ის ფორმულარები (პასპორტები) არის სტ-ის ნამუშევარი საათებისა და ტექნიკური მდგომარეობის აღრიცხვის ძირითადი საბუთები. სტ-ის ექსპლუატაცია ფორმულარის (პასპორტის) გარეშე აკრძალულია.
7. სტ-ის ფორმულარები, პასპორტები და ეტიკეტები ინახება ავიასაწარმოში, ყოველი სხ-ისათვის დაკომპლექტებული. მათ ხომალდზე დებენ სხ-ის სარემონტოდ გადაფრენისას ან სხვა მფობელისათვის გადაცემისას.
8. სხ-ის დროებით აეროდრომზე გამოყენებისას, ფორმულარების, პასპორტებისა და ეტიკეტების შენახვის წესს ადგენს ავიასაწარმო. თუ ეს საბუთები ბაზაზე რჩება, სხ-ის ძრავებისა და ნაკეთობების ნამუშევარ საათებს აღრიცხავენ სპეციალურ ჟურნალში. დროებით აეროდრომზე გაფრენის წინ ჟურნალში შეაქვთ მორიგი ტმ-ის დასაგეგმად საჭირო ცნობები.
9. ავიასაწარმოში ფორმულარის (პასპორტის) სხ-ის ექსპლუატაციის განყოფილებას აწარმოებს ტმ-ზე პასუხისმგებელი სამსახური (ქვედანაყოფი). ჩანაწერები შეაქვთ ავიასაწარმოს უფლებამოსილ მუშაკებს (მათ შემადგენლობას განსაზღვრავს ავიასაწარმო), ფორმულარით მითითებული წესების შესაბამისად.
10. ფორმულარში (პასპორტში) ჩანაწერი კეთდება მკაფიოდ, შეცდომებისა და გადაშლების გარეშე. შესწორებებს ხელს აწერს მისი შემტანი პასუხისმგებელი პირი. ფორმულარში (პასპორტში) ჩანაწერის საფუძველია:
ა) საავიაციო ტექნიკის ჰაერში მუშაობის ცნობები;
ბ) განწესები და ტმ-ის განაწესები;
გ) სხ-ისა და მისი ნაკეთობების რესურსის აღრიცხვის ბარათები (აგრეთვე, აღრიცხვის სხვა ფორმები, მათ შორის – კომპიუტერული);
დ) დროებით აეროდრომზე სხ-ის ნამუშევარი საათების აღრიცხვის ჟურნალის ჩანაწერები;
ე) დაყვანითი სამუშაოების, დათვალიერებების, კვლავაღჭურვის, რემონტის, სხვა სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი საბუთები.
11. ფორმულარში (პასპორტში) რემონტზე და დაყვანით სამუშაოებზე ჩანაწერი კეთდება იმ საწარმოში, სადაც ეს სამუშაოები შესრულდა. სამუშაოს შესრულება დასტურდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.
12. სხ-ზე ნაკეთობების დაყენებისას, ნაკეთობის პასპორტში შეაქვთ სხ-ის ამოსაცნობი ნიშანი და სერიული ნომერი, მისი დამონტაჟების ადგილის (სისტემის არხთან კუთვნილების) ჩანაწერი.
13. სხ-ისა და ძრავების ფორმულარებში ნაფრენისა და ნამუშევარი საათების ჯამი მიეთითება: სხ-ის პტმ-ზე გადაცემისას და ყოველთვიურად. სხ-ის დროებით აეროდრომზე ბაზირებისას, ნამუშევარი საათების და ფრენების რაოდენობა ყოველდღიურად მიეთითება აღირცხვის ჟურნალით.
14. თუ სტ-ის ფორმულარის რომელიმე განყოფილება მთლიანად შეივსო, ახორციელებენ ფორმულარის „გაგრძელებას”, რომელიც ფორმულარის ფორმით ივსება. გაგრძელებული ფორმულარის პირველ გვერდზე იწერება „გაგრძელება”, შევსებული ფორმულარის პირველ გვერდზე კი – „იხილეთ გაგრძელება” და მიეთითება გაგრძელების შემოღების თარიღი. ეს ჩანაწერები დასტურდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით. ფორმულარების გაგრძელებაში შეიტანება შემოღების დღისათვის არსებული ჯამური ნაფრენი (ნამუშევარი საათები, დაფრენებისა და ციკლების რაოდენობა და ა.შ.) რემონტების რაოდენობა და სხვ. გაგრძელება არის შევსებული ფორმულარის დანართი და მის გარეშე ფორმულარს არა აქვს ოფიციალური საბუთის ძალა. გაგრძელება იკვრება ზონარით და იბეჭდება.
15. ფორმულარის (პასპორტის, ეტიკეტის) დაკარგვისას, ამოწმებენ ამ ნაკეთობის ტექნიკურ მდგომარეობას და იკვლევენ დაკარგვის მიზეზს, რის შემდეგაც:
ა) სხ-ის (ძრავის) ფორმულარის დუბლიკატს გასცემს ავიასაწარმო (სარემონტო საწარმო), ნაკეთობების ვარგისობის დამადასტურებელი კომისიის აქტის საფუძველზე;
ბ) მაკომპლექტებელი ნაკეთობის პასპორტის (ეტიკეტის) დუბლიკატს აფორმებს ამაზე უფლებამოსილი პირი, ამ ნაკეთობის ტექნიკური მდგომარეობისა და მისი შემდგომი ექსპლუატაციის შესაძლებლობის განსაზღვრის შემდეგ. ამ პირების შემადგენლობას ადგენს ავიასაწარმო.
16. გაცემული ფორმულარის (პასპორტის, ეტიკეტის) დუბლიკატის პირველ გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში იწერება სიტყვა „დუბლიკატი” და მასში იწერება დაკარგვის მიზეზის მოკვლევისას დადგენილი ნაკეთობის მახასიათებლები, ნამუშევარი საათების, ტმ-ის და რემონტის შესრულების თარიღის ჩათვლით.
17. კომპიუტერული სისტემების გამოყენებისას, ფორმულარების (პასპორტების) შენახვა შეიძლება ცალკე სათავსოში. ელექტრონულ ფორმულარში (პასპორტში) ჩანაწერების შეტანისას, გამოიყენება შესაბამისი უფლებამოსილი პირების ელექტრონული კოდები (პაროლი).
18. სხ-ის პლანერის ძალური ელემენტების ფორმულარის წარმოება ეკისრება სპეციალიტს, რომელსაც ავიასაწარმო ნიშნავს.
19. დანომრილი და სახომალდე საბუთების წარმოებას ამოწმებენ ავიასაწარმოს მიერ დანიშნული სპეციალისტები.
20. ჩამოწერილი სტ-ის დანომრილი საბუთების შენახვის ვადას ადგენს საქართველოს კანონმდებლობა