1. დიზაინის გამოქვეყნების გადადების მოთხოვნის წარდგენა დასაშვებია დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადით.
2. თუ განაცხადს დაუდგინდა რამდენიმე პრიორიტეტი, გამოქვეყნების გადადების ვადა აითვლება ყველაზე ადრინდელი პრიორიტეტიდან.
3. მრავლობითი განაცხადის შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა მიუთითოს, მასში შემავალ რომელ დიზაინზე ითხოვს გამოქვეყნების გადადებას.
4. განაცხადზე, რომელზეც მოითხოვება გამოქვეყნების გადადება, საქმისწარმოება მიმდინარეობს კანონით დადგენილი წესით. ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გამოსახულების ნაცვლად წარმოდგენილია პროდუქტის ნიმუში.
5. თუ დიზაინზე მოითხოვება გამოქვეყნების გადადება, დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ბიულეტენში ქვეყნდება მხოლოდ განმცხადებლის სახელი, განაცხადის შეტანის თარიღი, განაცხადის ნომერი, გამოქვეყნების გადადების ამოწურვის თარიღი და კეთდება აღნიშვნა გამოქვეყნების გადადების შესახებ.
6. დიზაინის, რომელზეც მოითხოვება გამოქვეყნების გადადება, რეგისტრაციის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოქვეყნების გადადების ვადის ამოწურვის შემდეგ, განმცხადებლის მიერ შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, საქპატენტი აქვეყნებს ბიულეტენში განაცხადის მონაცემებს ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.
7. განმცხადებელს შეუძლია გააუქმოს გამოქვეყნების გადადება და მოითხოვოს დიზაინის გამოქვეყნება არა უგვიანეს 3 თვით ადრე გამოქვეყნების ვადის ამოწურვამდე.
8. თუ ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად წარდგენილია პროდუქტის ნიმუში, განმცხადებელი ვალდებულია, გამოქვეყნების გადადების ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე, წარადგინოს დიზაინის გამოსახულება ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლით დადგენილი წესით, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ