1. განაცხადს უდასტურდება შეტანის თარიღი შეტანიდან ორი კვირის განმავლობაში, თუ განცხადება შევსებულია ქართულ ენაზე და შეიცავს განმცხადებლის სახელს და მიმოწერის მისამართს, ამასთან, განაცხადი უნდა შეიცავდეს დიზაინის გამოსახულებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, გამოსახულების ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იყოს პროდუქტის ნიმუში, თუ დიზაინი ორგანზომილებიანია და განმცხადებელი ითხოვს გამოქვეყნების გადადებას.
3. გამოსახულება არ ჩაითვლება წარდგენილად, თუ იგი არ არის მკაფიოდ გამოსახული, რის გამოც შეუძლებელია დიზაინის აღქმა.
4. თუ განმცხადებელი შეასრულებს ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საქპატენტი განაცხადს შეტანის თარიღს დაუდასტურებს ზემოაღნიშნული საგანაცხადო მასალების წარდგენის თარიღით.
5. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება, რომლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში იგი ვალდებულია წარადგინოს მოთხოვნილი მასალა. ამ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში განაცხადის შეტანის თარიღად მიიჩნევა აღნიშნული მოთხოვნის შესრულების თარიღი. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი შეტანილად არ მიიჩნევა და მიიღება გადაწყვეტილება საგანაცხადო მასალების განუხილველად დატოვების შესახებ