წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აკვაკულტურა – წყლის ორგანიზმების, მათ შორის, წყალმცენარეების კულტივირება ან/და მოშენება, მოსავლის მიღების პროცესების ჩათვლით, ისეთი მეთოდებით, რომლებიც ბუნებრივ გარემოსთან შედარებით, უზრუნველყოფს წარმოების პოტენციალის ზრდას;
ბ) ბიომეურნეობა – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სისტემა, რომელიც მოიცავს მეურნეობის დაგეგმვის, მართვისა და წარმოების ისეთ მეთოდებს, რომელიც ხელს უწყობს ეკოსისტემაში ბუნებრივი წონასწორობისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას;
გ) ბიოპროდუქტი – სურსათი/ცხოველის საკვები, მათ შორის, სურსათის/ ცხოველის საკვების წარმოებაში გამოყენებული საფუარი, ასევე მცენარეთა ვეგეტატური გამრავლებისა და სათესლე მასალა, რომლის წარმოება, გადამუშავება, შეფუთვა, შენახვა, ტრანსპორტირება, ეტიკეტირება/ნიშანდება და რეალიზაცია შეესაბამება ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს;
დ) „ბიო“, „ეკო“, „ორგანული“ – ბიოწარმოებიდან მიღებული ან ბიოწარმოებასთან დაკავშირებული;
ე) ბიოწარმოება – საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, მეურნეობის/წარმოების მართვის ერთიანი სისტემა, ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიური და ბიოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას და შეესაბამება ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების, ეტიკეტირების/ნიშანდების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ეტაპებზე;
ვ) ბიოლოგიური მეთოდი - წარმოების ყველა ის მეთოდი, რომელიც ეფუძნება მეურნეობაში არსებული განახლებადი რესურსების ფართო გამოყენებას, ბუნებრივი სასოფლო-სამეურნეო ეკოსისტემების მდგრადობის შენარჩუნებას, ბიოპროდუქტის გადამუშავებისას მისი ორგანული მთლიანობისა და აუცილებელი სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას, სრულად გამორიცხავს სინთეზური საშუალებით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმისა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმიდან მიღებული პროდუქტის გამოყენებით ბიოპროდუქტის წარმოებას და შეესაბამება ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს;
ზ) ბიოწარმოების სერტიფიკატი – შესაბამისობის შეფასების დოკუმენტი, რომლითაც სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს, რომ სურსათი/ცხოველის საკვები, პირველადი წარმოების პროდუქტი, შეესაბამება ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს;
თ) ოპერატორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია მის მიერ წარმოებულ ბიოპროდუქტთან დაკავშირებული საქმიანობის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;
ი) განახლებადი რესურსი – თვითგანახლების უნარის მქონე ბუნებრივი რესურსი;
კ) გენური ინჟინერია - თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც იძლევა მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდების გამოყენებით ისეთი მცენარეული, ცხოველური ორგანიზმების, მიკროორგანიზმების და უჯრედების მიღების საშუალებას, რომელიც ვერ მიიღწევა სელექციით ან ბუნებრივი რეკომბინაციის გზით;
ლ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმი - ნებისმიერი ორგანიზმი, ადამიანის გარდა, რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდები არ განეკუთვნებიან ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;
მ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმიდან მიღებული პროდუქტი (შემდგომში - გმო-დან მიღებული პროდუქტი) - გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებული, ან/და გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილსაც არ გააჩნია გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი;
ნ) გადამუშავება/დამზადება – ნებისმიერი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის თავდაპირველ ბიოპროდუქტს, მათ შორის – დაკვლა, დაჭრა, გაცხელება, შებოლვა, დაკონსერვება, დამწიფება, გამოშრობა, დამარილება, გამოწურვა, გაცივება ან ამ პროცესთა ნებისმიერი კომბინაცია და სხვა, ასევე, შეფუთვა, ეტიკეტირება/ნიშანდება;
ო) დაფასოებული სურსათი/ცხოველის საკვები - სურსათის/ცხოველის საკვების შეფუთული ერთეული, რომლის შიგთავსის მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლა შეუძლებელია შეფუთვის გახსნის ან შეცვლის გარეშე;
პ) ინგრედიენტი – სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებისათვის ნებადართული ნებისმიერი ნივთიერება, მათ შორის საკვებდანამატი, სასურსათო ნედლეული, რომელიც გამოიყენება სურსათის/ცხოველი საკვების წარმოებაში და მზა სურსათში/ცხოველის საკვებში რჩება საწყისი ან შეცვლილი ფორმით;
ჟ) ინსპექტირება – სერტიფიკაციის ორგანოს მიერ ბიოპროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებული საწარმოო პროცესისა და წარმოების შემდგომი - გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, შეფუთვის, ეტიკეტირების/ნიშანდების და რეალიზაციის შემოწმება ამ წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. აღნიშნული წარმოადგენს ბიოწარმოების სერტიფიკაციის საფუძველს;
რ) სერტიფიკაციის ორგანო - საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, ან სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანო, რომელიც აფასებს სურსათის/ცხოველის საკვების, ასევე, პირველადი წარმოების პროდუქტის შესაბამისობას, დადგენილ მოთხოვნებთან;
ს) კონვერსია – არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც გამოიყენება ბიოწარმოების მეთოდები;
ტ) კონვერსიული პროდუქტი - პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს და წარმოებულია გარდამავალ პერიოდში მყოფ იმ არაბიოლოგიურ მეურნეობაში, რომელიც წარდგენილია სერტიფიკაციაზე;
უ) მაიონიზებელი რადიაცია (მაიონებელი გამოსხივება) – გამოსხივება, რომელსაც აქვს გარემოში იონური წყვილის წარმოქმნის უნარი;
ფ) მემცენარეობა – სასურსათოდ განკუთვნილი მცენარეული ნედლეულის წარმოება, ველურადმზარდი მცენარის კომერციული მიზნებით შეგროვების ჩათვლით;
ქ) მეცხოველეობა – შინაური ან მოშინაურებული ხმელეთის ცხოველის, ასევე ფრინველის, ფუტკრის მოშენება;
ღ) ეტიკეტირება/ნიშანდება – ნებისმიერი წერილობითი, ბეჭდვითი ან გრაფიკული ნიშანი, რომელიც გამოსახულია სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების პროდუქტის თანმხლებ დოკუმენტზე, ეტიკეტსა და იარლიყზე, ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის შეფუთვაზე;
ყ) ორგანული მართვის სისტემა - დოკუმენტებისა და ჩანაწერების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს დეტალურ მონაცემებს ბიომეურნეობაში განხორციელებულ ქმედებათა პროცედურებისა და სხვა დადგენილი მოთხოვნების შესრულების შესახებ;
შ) პირველადი წარმოება - პროცესი, რომელიც მოიცავს: მცენარის მოყვანას, მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის ჩათვლით, ცხოველის გაზრდას, მოშენებას, აგრეთვე რძის წველას. პირველადი წარმოება, ასევე, მოიცავს ველურადმზარდი მცენარეების შეგროვებას;
ჩ) საკვებდანამატი – ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვებად, მაგრამ ემატება სურსათს/ცხოველის საკვებს წარმოების, გადამუშავებისა და შენახვის დროს, რის შედეგადაც ეს ნივთიერება სურსათის/ცხოველის საკვების ინგრედიენტი ხდება შეცვლილი ან უცვლელი ფორმით;
ც) სურსათი – ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი. სურსათი ასევე მოიცავს: ყველა სახის სასმელს (მათ შორის, სასმელ წყალს), საღეჭ რეზინსა და სურსათში გამოსაყენებელ ნებისმიერ ნივთიერებას (წყლის ჩათვლით), რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს: ცხოველის საკვებს, ცოცხალ ცხოველებს, გარდა იმ ცხოველებისა, რომლებიც გამზადებულია ბაზარზე განსათავსებლად ადამიანის მოხმარების მიზნით, მცენარეებს (მოსავლის აღებამდე), სამკურნალო და ჰომეოპათურ საშუალებებს, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, კოსმეტიკურ საშუალებებს, ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს;
ძ) ცხოველის საკვები – ცხოველის საკვებად გამოსაყენებელი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი და ნივთიერება, საკვებდანამატის ჩათვლით;
წ) საწარმოო ერთეული – ნაგებობა ან მეურნეობის ერთეული, სადაც გადაამუშავებენ/დაამუშავებენ, შეფუთავენ და/ან ინახავენ ბიოპროდუქტს;
ჭ) ტექნოლოგიური დანამატი – ნივთიერება, რომელიც ასრულებს ტექნოლოგიურ ფუნქციას და გავლენას არ ახდენს მზა პროდუქტზე. მისი გამოყენება ხდება მხოლოდ სურსათის/ცხოველის საკვების, სასურსათო ნედლეულის ან მათი ინგრედიენტის გადამუშავების დროს;
ხ) შესაბამისობის შეფასება – პროცედურები, რომლებითაც დგინდება, შესრულებულია თუ არა შესაბამისობის შეფასების ობიექტის მიმართ დადგენილი მოთხოვნები;
ჯ) წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ეტაპები – პროცესის ყველა ეტაპი ბიოპროდუქტის პირველადი წარმოებიდან, მისი შენახვის, გადამუშავების, ტრანსპორტირების, ეტიკეტირების/ნიშანდების, ბაზარზე განთავსების, მომხმარებლისათვის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ჩათვლით;
ჰ) ჰიდროპონული წარმოება - წარმოების მეთოდი, რომლის დროსაც მცენარის ფესვები იზრდება მინერალური ნივთიერებების შემცველ სითხეში ან ინერტულ მასაში ან მასაზე;
ჰ1) წყლის ცხოველი - ჰიდრობიონტები (თევზები, მოლუსკები, კიბოსნაირები, წყალხმელეთა ცხოველები), რომელთა სასიცოცხლო ციკლის ყველა სტადია, ქვირითისა და გამეტების ჩათვლით, დაკავშირებულია წყალთა