1. წესების მე-4 მუხლით დადგენილი ბიოწარმოების ზოგადი პრინციპების გარდა, ბიომეურნეობის მართვა უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ სპეციფიკურ პრინციპებს:
ა) ნიადაგის ნაყოფიერებისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების ღონისძიებების განხორციელებას, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, ნიადაგის გამკვრივებისა და ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლას;
ბ) ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების მთლიანობის მაქსიმალურ შენარჩუნებას და, წარმოების მეთოდების შერჩევისას, ადგილობრივი და რეგიონული ეკოლოგიური ბალანსის გათვალისწინებას;
გ) მცენარეთა კვებას ძირითადად ნიადაგის ეკოსისტემიდან;
დ) მემცენარეობასა და მეცხოველეობაში ნარჩენების, ასევე, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის, არაძირითადი თანაპროდუქტების განმეორებითი გამოყენების დაშვებას;
ე) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, ადგილობრივ და საარსებო პირობებთან შეგუებული ჯიშების მოშენებას, მეცხოველეობისათვის ისეთი მეთოდის შერჩევას, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველთა იმუნური სისტემის გაძლიერებას და ბუნებრივ მედეგობას დაავადებათა მიმართ;
ვ) ცხოველთა დაავადებებისადმი რეზისტენტულობის გათვალისწინებას, ასევე, სუფთა ჰაერზე და საძოვარზე ცხოველის რეგულარულ გაყვანას;
ზ) მეცხოველეობის პროდუქტების ბიოწარმოებას, დაბადებიდან ან გამოჩეკიდან, სრულად ბიომეურნეობაში მყოფი ცხოველიდან (ფრინველიდან);
თ) ხელოვნური პოლიპლოიდიით მიღებული ცხოველის მოშენების აკრძალვას;
ი) ცხოველთა კვებას ბიომეურნეობიდან მიღებული საკვებით, რომელიც შედგება ბუნებრივი სათიბ-საძოვრიდან მიღებული თივის, ბიომეურნეობიდან მიღებული სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტებისა და ბუნებრივი არასასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ნივთიერებებისგან;
კ) აკვაკულტურის კვებას მდგრადი თევზჭერის პროდუქტებით;
ლ) მცენარეთა დაცვას პრევენციული ღონისძიებების გატარებით, მათ შორის მავნებელ-დაავადებათა მიმართ გამძლე სახეობებისა და ჯიშების შერჩევით, სწორი თესლბრუნვით, მექანიკური და ფიზიკური მეთოდების გამოყენებით, მავნებლებისაგან დაცვას ბუნებრივი მტრების გამოყენებით;
მ) აკვაკულტურის წარმოებისას, ბუნებრივი ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, წარმოებაში გამოყენებული წყლის უვნებლობასა და ასევე წყლისა და ხმელეთის ეკოსისტემის ხარისხის შენარჩუნებას;
ნ) წყლის რესურსების ჭარბი და არასწორი მართვის, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
ო) ერთსა და იმავე მეურნეობაში ბიოლოგიური და კონვერსიული საწარმო/სამეურნეო ერთეულების, მათ შორის აკვაკულტურული მეურნეობის გამიჯნვას, შემდეგი პირობების დაცვით:
ო.ა) მეცხოველეობაში - სხვადასხვა სახეობების შერჩევით;
ო.ბ) აკვაკულტურაში - ერთი და იგივე სახეობის დაშვება ტერიტორიების ერთმანეთისაგან სათანადოდ გამიჯნვით;
ო.გ) მემცენარეობაში - ერთმანეთისაგან კარგად გარჩევადი სხვადასხვა ჯიშის შერჩევით.
2. თუ ბიომეურნეობა კონვერსიულ მეურნეობას ესაზღვრება, უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები დაბინძურების თავიდან აცილებისათვის.
3. სურსათის/ცხოველის საკვების ბიოწარმოება უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ სპეციფიკურ პრინციპებს:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების ბიოწარმოებას ბიოლოგიური, მექანიკური და ფიზიკური მეთოდებით, პროდუქტის ორგანული მთლიანობის დაუზიანებლად;
ბ) ბიოწარმოების სასოფლო-სამეურნეო ნედლეულისა და ინგრედიენტების გამოყენებას (გარდა მარილისა და წყლისა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინგრედიენტი ბაზარზე არ მოიპოვება „ბიო“ ფორმით;
გ) სურსათის/ცხოველის საკვების ნამდვილ წარმოშობასთან დაკავშირებით გამოყენებულ მეთოდსა და ინგრედიენტს, რომელსაც შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს მომხმარებელი;
დ) ცხოველის საკვების ბიოწარმოებისას, ზოოტექნიკური და დიეტოლოგიური საჭიროებების შემთხვევებში, საკვებდანამატისა და ტექნოლოგიური დანამატის შეზღუდულ გამოყენებას;
ე) ერთსა და იმავე საწარმოში, ბიოლოგიური და კონვერსიული წარმოებისას, მონაცვლეობითი წარმოების განხორციელება