მომსახურების საფასური კონტროლირებულ ოპერაციაში ჩაითვლება საბაზრო პრინციპის შესაბამისად, როდესაც სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:

ა) მისი დაკისრება ხდება რეალურად გაწეული მომსახურებისთვის;

ბ) მომსახურება მიმღებისათვის წარმოადგენს, ან მიწოდებისას მოსალოდნელი იყო, რომ წარმოადგენდა ეკონომიკურ ან კომერციულ ღირებულებას, რომელიც ემსახურება მომსახურების მიმღების კომერციული მდგომარეობის გამყარებას;

გ) ის დაკისრებულია მომსახურებისთვის, რომლისთვისაც დამოუკიდებელი საწარმო შედარებად გარემოებებში გადაიხდიდა საფასურს, თუ ეს მომსახურება მისთვის გაწეული იქნებოდა დამოუკიდებელი საწარმოს მიერ ან თვითონ შეასრულებდა  საწარმოში თავისთვის;

დ) მისი ოდენობა შეესაბამება თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა დამოუკიდებელ საწარმოებს შორის შედარებადი მომსახურებისთვის შედარებად გარემოებებში.

საწარმოსთვის დაკისრებული მომსახურების საფასური არ ჩაითვლება საბაზრო პრინციპის შესაბამისად, როდესაც მისი დაკისრება ხდება მხოლოდ აქციონერის მიერ ერთ ან მეტ ურთიერთდამოკიდებულ საწარმოში წილის/აქციის ფლობის გამო. აღნიშნული მოიცავს ასეთი ურთიერთდამოკიდებული საწარმოს მიერ გაწეულ ისეთ ხარჯებს ან განხორციელებულ ისეთ საქმიანობებს როგორებიცაა:

ა) საქმიანობა ან ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ზემოთ აღნიშნული საწარმოს მშობელი კომპანიის იურიდიულ სტრუქტურასთან, როგორიცაა მშობელი კომპანიის აქციონერთა კრება, აქციების ემისია მშობელ კომპანიაში და მშობელი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ხარჯები;

ბ) საქმიანობა ან ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ზემოთ აღნიშნული საწარმოს მშობელი კომპანიის მიერ საანგარიშგებო მოთხოვნების შესრულებასთან, ანგარიშგებების კონსოლიდაციის ჩათვლით;

გ) საქმიანობა ან ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია სახსრების მოზიდვასთან ურთიერთდამოკიდებული საწარმოების ჯგუფის წევრებში წილის/აქციის შესაძენად თუ ეს წევრები არ არიან პირდაპირ ან არაპირდაპირ შეძენილი ზემოთ აღნიშნული საწარმოს მიერ და შეძენას სარგებელი მოაქვს ან მოსალოდნელია, რომ სარგებელს მოიტანს ზემოთ აღნიშნული  საწარმოსათვის.

საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებული საწარმოსათვის მომსახურების გაწევისას, თუ შესაძლებელია კონკრეტული მომსახურების იდენტიფიკაცია, მაშინ მომსახურების საფასურის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს თითოეული კონკრეტული მომსახურებისთვის  ამ მუხლის დებულებების შესაბამისად.

როდესაც მომსახურების გაწევა წარმოებს საწარმოს მიერ ერთობლივად სხვადასხვა ურთიერთდამოკიდებული საწარმოებისთვის და შეუძლებელია თითოეული მათგანისთვის გაწეული კონკრეტული მომსახურებების იდენტიფიკაცია, მომსახურების მთლიანი საფასური განაწილებულ უნდა იქნას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოებს შორის, რომლებიც სარგებელს იღებენ ან ელიან სარგებელს მომსახურებიდან, განაწილების გონივრული კრიტერიუმების შესაბამისად. ამ დებულების მიზნებისათვის განაწილების კრიტერიუმები მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული, როცა ისინი ემყარება ცვლადს ან ცვლადებს რომლებიც:

ა) ითვალისწინებს მომსახურების ბუნებას, გარემოებებს, რომელშიც ის იქნა გაწეული და ასევე მიღებულ სარგებელს ან მხარეებისთვის მოსალოდნელ სარგებელს, რომლისთვისაც მოხდა მომსახურების გაწევა; და

ბ) შესაძლებელია შეფასდეს მიზანშეწონილად საიმედო ფორმით