საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთათვის ერთჯერადი ფულადი დამარების გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №731
2008 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთათვის ერთჯერადი ფულადი დამარების გაცემის შესახებ
მოსახლეობის ზოგიერთი კატეგორიის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (კ.სუბელიანი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან ერთად დააზუსტოს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-სოციალური სუბსიდიების სააგენტოს (შემდგომში-სააგენტო) მიაწოდოს მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებიც 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილები და გადაადგილებულიყვნენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, და რომლებიც განსახლებულნი იქნებიან სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად შეძენილ საცხოვრებელ ადგილებში.
2. სააგენტომ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული პირისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით გასცეს 200 (ორასი) ლარი.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა სიის წარმოდგენის შემდეგ დამატებითი აღრიცხული პირებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა განხორციელდეს სააგენტოში შესაბამისი მონაცემების წარმოდგენიდან მომდევნო თვეს.
4. ზემოაღნიშნული ერთჯერადი ფულადი დახმარების ფინანსური უზრუნველყოფა განახორციელოს სააგენტომ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში, სოციალური დახმარების პროგრამიდან (35 21 05).
5. ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა სააგენტომ უზრუნველყოს „სოციალური გასაცემლების“ მომსახურე შესაბამისი საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი