1. ფეთქებადი მასალების განადგურება (მათ შორის ისეთების, რომლებიც არ პასუხობენ სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნებს) უნდა განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელობის წერილობითი განკარგულების საფუძველზე. განადგურებითი სამუშაოები უნდა ჩაატაროს ამფეთქებელმა, საწყობის გამგის ხელმძღვანელობით.

2. ფეთქებადი მასალების განადგურების თითოეული შემთხვევისას უნდა შედგეს  სათანადო აქტი, რომელშიც აღინიშნება ფეთქებადი მასალების დასახელება, რაოდენობა, განადგურების მიზეზები და ხერხები. აქტი დგება ორ ეგზემპლარად: ერთი ბარდება ფეთქებადი მასალების საწყობს, მეორე - საწარმოს ბუღალტერიას.

3. ფეთქებადი მასალების განადგურების ადგილები მოწყობილი უნდა იყოს პროექტის შესაბამისად.

4. აფეთქებით განადგურება უნდა მოხდეს კარგი ხარისხის ფეთქებადი მასალების საშუალებით. დავაზნული ფეთქებადი მასალები უნდა განადგურდეს დასტებად, ხოლო დეტონატორები, სადეტონაციო ზონრები და პიროტექნიკური რელეები – ნებისმიერი შეფუთვით მიწაში ჩაფლული ან სხვა ხერხებით, რომლებიც გამორიცხავენ აუფეთქებელი ნაკეთობების გაბნევას.

5. დაწვით უნდა განადგურდეს მხოლოდ ისეთი ფეთქებადი მასალები, რომელთა აფეთქება შეუძლებელია. დეტონატორებისა და მისი შემცველი ნაკეთობების დაწვით განადგურება აკრძალულია.

6. ფეთქებადი მასალების დაწვით განადგურებისას უსაფრთხო მანძილი იანგარიშება ისევე, როგორც შესაბამისი რაოდენობის ფეთქებადი ნივთიერებების აფეთქებისას.

7. ფეთქებადი მასალების დაწვით განადგურება უნდა მოხდეს მხოლოდ მშრალ ამინდში. მისი რაოდენობა განისაზღვრება გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

8. ფეთქებადი ნივთიერებები, ცეცხლგამტარი ზონრები და სადეტონაციო ზონრები უნდა განადგურდეს ცალ-ცალკე. ერთჯერადად კოცონზე არ შეიძლება დაიწვას 10 კგ-ზე მეტი ფეთქებადი მასალა.

9. დენთების დაწვით განადგურება უნდა განხორციელდეს 30 სმ სიგანისა და 10 სმ სისქის ზოლებად. ერთდროულად დასაშვებია მხოლოდ სამი ასეთი ზოლის დაწვა. ზოლებს შორის მანძილი 5 მეტრზე ნაკლები არ უნდა  იყოს.

10. ფეთქებადი ნივთიერებების ვაზნების დაწვით განადგურებისას ისინი უნდა დალაგდეს ერთ შრედ, ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს.

11. ფეთქებადი მასალების დაწვა ტარაში აკრძალულია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ დასაწვავ ვაზნებში არ იყოს ჩარჩენილი დეტონატორები. შემდგომი გამოყენებისათვის გამოუსადეგარი ტარა (ყუთები, კოლოფები, ქაღალდები, ტომრები და სხვ.), მათ შორის, ისეთებიც, რომლებზეც შერჩენილია ექსუდატები, გასინჯვისა და გაწმენდის შემდეგ ცალკე უნდა დაიწვას.

12. კოცონის ასანთებ საშუალებებს (ცეცხლგამტარი ზონარი, ადვილად აალებადი მასალა) ცეცხლი უნდა მოეკიდოს ქარზურგა მხრიდან. მოსაკიდებელი ზოლის სიგრძე 5 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

13. ამფეთქებელი ცეცხლის წაკიდების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს თავშესაფარში ან გავიდეს საშიში ზონის საზღვრებიდან.

14. ცეცხლის წაკიდება უნდა მოხდეს ყველა მოსამზადებელი სამუშაოს დამთავრებისა და ხალხის უსაფრთხო ადგილზე გაყვანის შემდეგ.

15. კოცონი იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ აღარ დასჭირდეს საწვავი მასალის დამატება. დაწვის ადგილების დათვალიერება წვის პროცესის სრულ დამთავრებამდე აკრძალულია.

16. წყალში გახსნით უნდა განადგურდეს მხოლოდ არაწყალმედეგი ფეთქებადი ნივთიერებები (ამონიუმისგვარჯილიანი და კვამლიანი დენთები). წყალში გახსნა  უნდა მოხდეს კასრებში ან სხვა ანალოგიურ ჭურჭელში. უხსნადი ნარჩენები უნდა შეგროვდეს და დაიწვას.

17. ფეთქებადი მასალების განადგურების ოპერაციების დამთავრების შემდეგ ოპერაციების შემსრულებლები და მათი ხელმძღვანელი უნდა დარწმუნდნენ ფეთქებადი ნივთიერებების ნაკეთობების სრულ განადგურებაში.

თავი VII. ფეთქებადი ნივთიერებების შრობა, დაქუცმაცება,გაცრა, გარსაცმში მოთავსება და გალხო