1. ფეთქებადი მასალების განადგურება (მათ შორის, ისეთების, რომლებიც არ პასუხობენ სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნებს) უნდა განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელობის წერილობითი განკარგულების საფუძველზე. განადგურებით სამუშაოებს აწარმოებს ამფეთქებელი საწყობის გამგის ხელმძღვანელობით. განადგურება არის აფეთქება, დაწვა ან წყალში გახსნა.
2. ფეთქებადი მასალების განადგურების თითოეული შემთხვევისას დგება სათანადო აქტი, რომელშიც აღინიშნება ფეთქებადი მასალების დასახელება, რაოდენობა, განადგურების მიზეზები და ხერხები. აქტი დგება ორ ეგზემპლარად: ერთი ბარდება ფეთქებადი მასალების საწყობს, მეორე – საწარმოს ბუღალტერიას.
3. ფეთქებადი მასალების განადგურების ადგილები მოწყობილი უნდა იყოს პროექტის შესაბამისად.
4. აფეთქებით განადგურება უნდა მოხდეს კარგი ხარისხის ფეთქებადი მასალების საშუალებით. დავაზნული ფეთქებადი მასალები უნდა განადგურდეს დასტებად, ხოლო დეტონატორები, სადეტონაციო ზონრები და პიროტექნიკური რელეები – ნებისმიერი შეფუთვით მიწაში ჩაფლული ან სხვა ხერხებით, რომლებიც გამორიცხავენ აუფეთქებელი ნაკეთობების გაბნევას.
5. დაწვით უნდა განადგურდეს მხოლოდ ისეთი ფეთქებადი მასალები, რომელთა აფეთქება შეუძლებელია. დეტონატორებისა და მისი შემცველი ნაკეთობების დაწვით განადგურება აკრძალულია.
6. ფეთქებადი მასალების დაწვით განადგურებისას უსაფრთხო მანძილი იანგარიშება ისევე, როგორც შესაბამისი რაოდენობის ფეთქებადი ნივთიერებების აფეთქებისას.
7. ფეთქებადი მასალების დაწვით განადგურება დასაშვებია მხოლოდ მშრალ ამინდში. მისი რაოდენობა განისაზღვრება გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.
8. ფეთქებადი ნივთიერებები, ცეცხლგამტარი ზონრები და სადეტონაციო ზონრები უნდა განადგურდეს ცალ-ცალკე. ერთჯერადად კოცონზე არ შეიძლება დაიწვას 10 კგ-ზე მეტი ფეთქებადი მასალა.
9. დენთების დაწვით განადგურება ხორციელდება 30 სმ სიგანისა და 10 სმ სისქის ზოლებად. ერთდროულად შეიძლება სამი ასეთი ზოლის დაწვა. ზოლებს შორის მანძილი 5 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.
10. ფეთქებადი ნივთიერებების ვაზნების დაწვით განადგურებისას ისინი ლაგდება ერთ შრედ, ისე რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს.
11. ფეთქებადი მასალების დაწვა ტარაში აკრძალულია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ დასაწვავ ვაზნებში არ იყოს ჩარჩენილი დეტონატორები. შემდგომი გამოყენებისათვის გამოუსადეგარი ტარა (ყუთები, კოლოფები, ქაღალდები, ტომრები და სხვ.), მათ შორის, ისეთებიც, რომლებზეც შერჩენილია ექსუდატები, გასინჯვისა და გაწმენდის შემდეგ ცალკე უნდა დაიწვას.
12. კოცონის ასანთებ საშუალებებს (ცეცხლგამტარი ზონარი, ადვილად აალებადი მასალა) ცეცხლს უკიდებენ ქარზურგა მხრიდან. მოსაკიდებელი ზოლის სიგრძე 5 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.
13. ამფეთქებელი ცეცხლის წაკიდების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს თავშესაფარში ან გავიდეს საშიში ზონის საზღვრებიდან.
14. ცეცხლის წაკიდება დასაშვებია ყველა მოსამზადებელი სამუშაოს დამთავრებისა და ხალხის უსაფრთხო ადგილზე გაყვანის შემდეგ.
15. კოცონი იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ აღარ დასჭირდეს საწვავი მასალის დამატება. დაწვის ადგილების დათვალიერება წვის პროცესის სრულ დამთავრებამდე აკრძალულია.
16. წყალში გახსნით ნადგურდება მხოლოდ არაწყალმედეგი ფეთქებადი ნივთიერებები (ამონიუმის-გვარჯილიანი და კვამლიანი დენთები). წყალში გახსნა წარმოებს კასრებში ან სხვა ანალოგიურ ჭურჭელში. უხსნადი ნარჩენები უნდა შეგროვდეს და დაიწვას.
17. ფეთქებადი მასალების განადგურების ოპერაციების დამთავრების შემდეგ ოპერაციების შემსრულებლები და მათი ხელმძღვანელი ვალდებული არიან დარწმუნდნენ ფეთქებადი ნივთიერებების ნაკეთობების სრულ განადგურებაში.
თავი VIII. ფეთქებადი ნივთიერებების შრობა, დაქუცმაცება, გაცრა, გარსაცმში მოთავსება და გალხობ