1. საწყობიდან გაცემამდე ელექტროდეტონატორები უნდა შემოწმდეს შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით. ელექტროდეტონატორები მოწმდება საწყობის სათავსში ან ღია ცის ქვეშ განლაგებულ ფარდულებში.
2. ელექტროდეტონატორების შემოწმება უნდა განხორციელდეს შიგნიდან, რბილი მასალით ამოგებული ლითონის მილებში, დამცავი ფარების უკან ან სპეციალურ მოწყობილობაში, რომელიც გამორიცხავს ადამიანების დაშავებას აფეთქების შემთხვევაში.
3. წინაღობის შემოწმების შემდეგ ელექტროდეტონატორების სადენები მოკლედ უნდა შეირთოს, მათი გახსნა საამფეთქებლო ქსელში ჩართვამდე დაუშვებელია. შემოწმების დროს ამფეთქებლის მაგიდაზე არ შეიძლება იდოს 100 დეტონატორზე მეტი.
4. ელექტროსაამფეთქებლო ქსელის სადენებს უნდა ჰქონდეს წესივრული იზოლაცია, საიმედო ელექტრული შეერთებები. სადენებისა და კაბელების ძარღვების ბოლოები საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოს, მჭიდროდ შეერთდეს და იზოლირდეს სპეციალური მომჭერებით ან სხვა საშუალებებით. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ შახტებში აუცილებელია გამოყენებულ იქნეს საკონტაქტო საიზოლაციო დამჭერები.
5. საამფეთქებლო ქსელი უნდა იყოს ორსადენიანი. ერთ-ერთ სადენად წყლის, მიწის, მილების, რელსების, ბაგირებისა და სხვათა გამოყენება აკრძალულია. და-მუხტვის დაწყებამდე ამფეთქებელი ვალდებულია შეამოწმოს საამფეთქებლო ქსელი, რათა დარწმუნდეს მის წესივრულობაში.
6. გაზის ან მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ შახტებში გამოიყენება მხოლოდ სპილენძისსადენებიანი ელექტროდეტონატორები. ასეთივე უნდა იყოს ელექტროსაამფეთქებლო ქსელის შემაერთებელი და მაგისტრალური სადენები (კაბელები).
7. ელექტროსაამფეთქებლო ქსელის მონტაჟი უნდა დაიწყოს მუხტიდან დენის წყაროს მიმართულებით.
8. მონტაჟის დამთავრებისა და ვიზუალური დათვალიერების შემდეგ აუცილებლად უნდა შემოწმდეს ელექტროსაამფეთქებლო ქსელის გამტარობა.
9. მუდმივი საამფეთქებლო მაგისტრალი 100 მეტრზე მეტად არ უნდა ჩამორჩებოდეს აფეთქების ადგილს.
10. საჭაბურღილე და კამერული მუხტების აფეთქების წინ თეორიულად უნდა გამოითვალოს ქსელის საერთო წინაღობა. დაზუსტების მიზნით იგი უნდა გაიზომოს უსაფრთხო ადგილიდან ელექტროსაზომი ხელსაწყოებით. გამოთვლილ და გაზომილ სიდიდეებს შორის 10 პროცენტზე მეტი სხვაობის შემთხვევაში უნდა დადგინდეს და აღმოიფხვრას აღნიშნული სხვაობის გამომწვევი მიზეზები. თუ შეუძლებელია ქსელის წინაღობის გაზომვა, დასაშვებია ტექნიკური ზედამხედველის ნებართვით მხოლოდ გამტარობის შემოწმება.
11. აფეთქებისათვის საჭირო ძაბვა მიწოდებულ უნდა იქნეს უსაფრთხო ადგილიდან. საამფეთქებლო ხელსაწყო აღჭურვილი უნდა იყოს მაგისტრალურ სადენებთან შესაერთებელი სპეციალური კლემებით. მაგისტრალური სადენების დენის წყაროსთან შეერთება უნდა მოხდეს ამფეთქებლის თავშესაფარში.
12. მასობრივი აფეთქებების ჩატარებისას ძაბვის მიწოდების შესახებ განკარგულებას გასცემს სამუშაოს ხელმძღვანელი.
13. ელექტროსაამფეთქებლო ქსელის დამონტაჟებული უბნის სადენის ბოლოები მოკლედ უნდა იყოს შერთული მთელი დროის განმავლობაში, მომდევნო უბნის სადენებთან შეერთებამდე. აკრძალულია უკვე დამონტაჟებული უბნის სადენების მიერთება შემდეგი უბნის სადენებთან, თუ ისინი არაა მოკლედ შერთული საწინააღმდეგო მხრიდან.
14. მაგისტრალური სადენების ბოლოები მოკლედ უნდა იყოს შერთული მთელი დროის განმავლობაში ძაბვის მიმწოდებელი ხელსაწყოს კლემებთან მიერთების მომენტამდე.
15. ელექტროდეტონატორების დუბლირების შემთხ-ვევაში ძირითადი და მადუბლირებელი სადენების აღრევის თავიდან აცილების მიზნით თითოეული ელექტროდეტონატორის სადენები გადახვეული უნდა იყოს ერთმანეთზე. დამუხტვის დამთავრების შემდეგ ისინი უნდა გაიხსნას და დაეხვეს ცალ-ცალკე გორგ-ლებად.
16. მასობრივი აფეთქებების ძირითადი და დუბლირებული ელექტროსაამფეთქებლო ქსელის სადენები მარკირდება სხვადასხვა ნიშნით.
17. ელექტროსაამფეთქებლო ქსელის მონტაჟის დაწყებამდე მონტაჟის ზონაში მოქმედი ყველა ელექტროდანადგარი, კაბელი, საკონტაქტო და საჰაერო სადენები, აგრეთვე, საშიში ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროები უნდა გამოირთოს დენის წყაროდან.
18. მოხეტიალე დენების ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით უნდა განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული დამატებითი ღონისძიებები (დამცავი ელექტროდეტონატორების გამოყენება, შემაერთებელი გამტარების ხელმეორედ გამოყენების გამორიცხვა, სპეციალური საიზოლაციო მომჭერების გამოყენება და სხვ.).
19. მიწისქვეშა გვირაბებში საამფეთქებლო ქსელის მონტაჟის დროს უნდა გამოირთოს ადგილობრივი განიავების ვენტილატორები და განათების ელექტრული ქსელი. თუ ძაბვის სიდიდე 42 ვოლტს არ აღემატება და გატარებულია მოხეტიალე დენებისაგან ელექტროდეტონატორების დაცვის ღონისძიებები, გამორთვა აუცილებელი არ არის.
20. საამფეთქებლო ხელსაწყოები და მოწყობილობა უნდა ინახებოდეს უცხო პირთათვის მიუწვდომელ ადგილზე.
21. აკრძალულია საამფეთქებლო ქსელში ძალური ან განათების ქსელიდან ძაბვის მიწოდება სპეციალური მოწყობილობის გარეშე.
22. ამფეთქებელი ვალდებულია საამფეთქებლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ დენის წყაროდან გამორთოს საამფეთქებლო ქსელის სადენები და დაამოკლოს მათი ბოლოები. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას საფარიდან გამოსვლა, მაგრამ არა უადრეს 5 წთ-ისა.
23. თუ ძაბვის მიწოდების შემდეგ მუხტები არ აფეთქდა, ამფეთქებელი ვალდებულია გამორთოს საამფეთქებლო ქსელი დენის წყაროდან, ჩაამოკლოს მათი ბოლოები, თან წაიღოს საამფეთქებლო ხელსაწყოს ან მისი ყუთის გასაღები. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია შეუდგეს მტყუნებების მიზეზების დადგენას. ასეთ შემთხვევებში ამფეთქებელი თავშესაფრიდან უნდა გამოვიდეს 10 წთ-ის შემდეგ.
24. საამფეთქებლო ხელსაწყოები ამფეთქებლისათვის გაცემამდე შემოწმებული უნდა იქნეს ექსპლუატაციის ინსტრუქციის თანახმად დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობა, მათ შორის, დენისა და დენის იმპულსის. გაზის ან მტვრის მხრივ საშიშ შახტებში უნდა შემოწმდეს, აგრეთვე ხელსაწყოების ძაბვის იმპულსის ხანგრძლივობა.
25. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ ნახშირის შახტებში, აგრეთვე, გეოლოგიურ-სადაზვერვო ობიექტების სტაციონარულ საამფეთქებლო პუნქტებში საამფეთქებლო ხელსაწყოები უნდა შემოწმდეს 15 დღეში ერთხელ მაინც მათი დაყენების ადგილზე
მუხლი 29. აფეთქება ელექტროდეტონატორების გამოყენებით
თავი IX — აფეთქების ხერხები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 23. მიღებისა და გაცემის აღრიცხვა
- მუხლი 24. გაცემისა და დაბრუნების აღრიცხვა
- მუხლი 25. განწეს-ზედნადები
- მუხლი 26. განწეს-საგზური
- მუხლი 27. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების განადგურებისას
- მუხლი 28. მოთხოვნები ფეთქებადი ნივთიერებების შრობის, დაქუცმაცების, გაცრის, გარსაცმში მოთავსებისა და გალხობის მიმართ
- მუხლი 30. ელექტროცეცხლოვანი და ცეცხლოვანი აფეთქება
- მუხლი 31. სადეტონაციო ზონრით აფეთქება
- მუხლი 32. სარტყამი ვაზნების დამზადება
- მუხლი 33. ამნთები და საკონტროლო მილაკების დამზადება
- მუხლი 34. უსაფრთხო მანძილის ნორმა ხალხისათვის
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 29, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-29/