1. საამფეთქებლო სამუშაო უნდა წარმოებდეს შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის (პროექტები, პასპორტები, სქემები) მიხედვით. ამ დოკუმენტებს  ხელმოწერით უნდა გაეცნოს სამუშაოს შემსრულებელი პერსონალი.

2. საჭაბურღილე, კამერული და ქვაბური მუხტების აფეთქებისათვის, მათ შორის, სამშენებლო ობიექტებზე საამფეთქებლო სამუშაოს შესრულებისათვის, შენობა-ნაგებობების აფეთქების მეთოდით დანგრევისათვის, ჭაობებში და წყალქვეშა, ცეცხლმოდებული მასივების, სეისმურ-სადაზვერვო ჭაბურღილების გასაგანიერებელი აფეთქებისა და სხვა სპეცდანიშნულების საამფეთქებლო სამუშაოებისათვის უნდა შედგეს პროექტები. სხვა სახის საამფეთქებლო სამუშაო შეიძლება შესრულდეს პასპორტების საფუძველზე.

3. ყველა საწარმოში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მასობრივი აფეთქებების წარმოებასთან, უნდა იყოს ბურღვა-აფეთქებით სამუშაოთა  ტიპური პროექტები (საბაზისო დოკუმენტები), რომელთა საფუძველზე კონკრეტული პირობებისათვის უნდა შედგეს  საამფეთქებლო სამუშაოების პროექტები და პასპორტები.

4. სამშენებლო ობიექტებზე მასობრივი აფეთქებები უნდა ჩატარდეს ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების პროექტებისა და სამუშაო ნახაზების მიხედვით.

5. ტიპური პროექტები უნდა დამტკიცდეს და მოქმედებაში შევიდეს საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე. თუ საამფეთქებლო სამუშაო სრულდება საიჯარო წესით, ტიპური პროექტი უნდა შეადგინოს და დაამტკიცოს მოიჯარე საწარმომ დამკვეთ  საწარმოსთან ერთად.

6. ბურღვა-აფეთქების სამუშაოთა პროექტებს უნდა ამტკიცებდეს საწარმოს ხელმძღვანელი. პროექტში მოცემული უნდა იყოს: სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების ორგანიზაციული საკითხები, მუხტების ინიცირების მეთოდები, ასაფეთქებელი ქსელის გაანგარიშება, სარტყამი ვაზნებისა და მუხტების კონსტრუქციები, ფეთქებადი მასალების სავარაუდო ხარჯი, უსაფრთხო ზონის დადგენისა და მათი დაცვის წესები, სანგრევების განიავების მეთოდები და კონკრეტულ პირობებში უსაფრთხოების ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებათა ნუსხა.

7. თუ უსაფრთხო ზონაში ხვდება სხვა საწარმოს ობიექტი, მის ხელმძღვანელს საამფეთქებლო სამუშაოების დაწყებიდან ერთი დღით ადრე წერილობით უნდა ეცნობოს აფეთქების დრო და ადგილი.

8. პასპორტებს უნდა ამტკიცებდეს იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომელიც საამფეთქებლო სამუშაოს ასრულებს.

9. პასპორტში მოცემული უნდა იყოს:

ა) შპურების ან გარე მუხტების განლაგების სქემა; ფეთქებადი მასალების დასახელება;

მონაცემები დამუხტვის ხერხის შესახებ; შპურების რიცხვი, მათი სიღრმე, დიამეტრი, მუხტის მასა, სარტყამი ვაზნებისა და მუხტების კონსტრუქცია; აფეთქების თანამიმდევრობა; ერთად ასაფეთქებელი მუხტების რაოდენობა, საცობი მასალის სახეობა და საცობის სიგრძე, ამნთები და საკონტროლო მილაკების სიგრძე, ასაფეთქებელი (ელექტროსაამფეთქებლო) ქსელის მონტაჟის სქემა, მისი სიგრძე, დაყოვნებების სიდიდე და სანგრევის განიავების ხანგრძლივობა.

ბ)  საშიში ზონის რადიუსი;

გ) მითითებები აფეთქების პროცესში ამფეთქებლებისა და მუშების თავშესაფრების შესახებ;

დ) მითითებები პოსტების, მაფრთხილებელი და ამკრძალავი ნიშნების განლაგების შესახებ. გარდა ამისა, გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიში შახტებისათვის პასპორტებში მოცემული უნდა იყოს გაზისა და მტვრის აფეთქების თავიდან აცილების მიზნით მოწყობილი სპეციალური საშუალებების რაოდენობა და მათი განლაგების სქემა, აგრეთვე, ასაფეთქებელი სამუშაოების რეჟიმი.

10. ცალკეულ შემთხვევებში, სამთო-გეოლოგიური პირობების შეცვლასთან დაკავშირებით, საწარმოს ტექნიკური ზედამხედველის ნებართვით უნდა მოხდეს პასპორტით გათვალისწინებული მუხტების მასის ან რაოდენობის შემცირება.

11. ერთეული საშპურე მუხტებით აფეთქებით გვირაბის პროექტით გათვალისწინებულ კონტურამდე დაყვანა, ჭერზე დაკიდებული ქანების მონგრევა, სანგრევების მოსწორება, გვირაბის საგები გვერდის მოსწორება, გადამაგრებისას გვირაბის გაფართოება, აგრეთვე, მტყუნებების სალიკვიდაციო სამუშაოთა შესრულება უნდა მოხდეს სქემების მიხედვით. სქემა უნდა შეადგინოს და ხელმოწერით დაამოწმოს საწარმოს ტექნიკურმა ზედამხედველმა. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ შახტებში სქემებს უნდა ამტკიცებდეს საწარმოს ტექნიკური ხელმძღვანელი. სქემებში ნაჩვენები უნდა იყოს: სანგრევში შპურების განლაგების სქემა, მუხტების მასა და კონსტრუქცია, პოსტების განლაგებისა და ამფეთქებლების თავშესაფრის ადგილები, აგრეთვე, უსაფრთხოების დამატებითი ზომების ნუსხ