1. დასამუხტი სამუშაოების დაწყების წინ საშიში ზონის საზღვარზე უნდა განლაგდეს დაცვისათვის განკუთვნილი პოსტები. ხალხი, რომელიც არ არის უშუალოდ დაკავებული დასამუხტი სამუშაოებით, ტექნიკურმა ზედამხედველმა უნდა გაიყვანოს უსაფრთხო ადგილებზე. აკრძალულია გუშაგებისთვის ისეთი დავალების მიცემა, რაც დაკავშირებული არ არის მათი პირდაპირი მოვალეობის შესრულებასთან. საშიშ ზონაში შესვლა ნებადართულია მხოლოდ საწარმოს ტექნიკური ზედამხედველის და კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირებისათვის.

2. მიწისქვეშა სამუშაოებზე დამუხტვის პერიოდში პოსტები შეიძლება შეიცვალოს ზონაში შესვლის ამკრძალავი ნიშნებით.

3. ისეთ გვირაბებში, რომლებშიც აფეთქების შედეგად გამოყოფილი გაზების ნაკადი გადის, პოსტების განლაგება აკრძალულია. ასეთ გვირაბებში უნდა დაიდგას ზონაში შესვლის ამკრძალავი ნიშნები. საამფეთქებლო სამუშაოების დასრულებისა და სანგრევის სრული განიავების შემდეგ ამკრძალავი ნიშნები უნდა მოიხსნას.

4. ღია სამთო სამუშაოებზე, თუ დამუხტვის ოპერაციები ერთ ცვლაზე მეტ ხანს გრძელდება, სამთო-გეოლოგიური პირობებისა და სამუშაოების ორგანიზაციის გათვალისწინებით, აკრძალული ზონის საზღვარი უახლოესი ჭაბურღილიდან დაცილებული უნდა იყოს არანაკლებ 20 მეტრით. ეს ვრცელდება როგორც იმ საფეხურებისათვის, სადაც დამუხტვა მიმდინარეობს, ასევე მის ზედა და ქვედა საფეხურებისთვისაც. მანძილი იანგარიშება უახლოესი ჭაბურღილიდან ჰორიზონტალური მიმართულებით.

5. პროექტით განსაზღვრული საშიში ზონა მოქმედებაში შედის: ელექტროდეტონატორების გამოყენებისას – სარტყამი ვაზნების ჭაბურღილებში ჩაშვების დაწყებისთანავე; სადეტონაციო ზონრის გამოყენებისას – ქსელის მონტაჟის დაწყებისთანავე.

6. მიწისქვეშა გვირაბებისათვის აკრძალული ზონა განისაზღვრება დასამუხტ მანქანებსა და განაპირა ჭაბურღილში მაქსიმალური რაოდენობით მოთავსებული ფეთქებადი ნივთიერების შესაძლო აფეთქებისაგან გამოწვეული ჰაერის დარტყმითი ტალღის მოქმედების არის გათვალისწინებით, მაგრამ არ უნდა იყოს 50 მეტრზე ნაკლები.

7. აკრძალული ზონის საზღვრებზე დამუხტვის დაწყებამდე უნდა განლაგდეს  საზღვრების დასაცავი პოსტები. იმ გვირაბებში, რომლებშიც დამუხტვა წარმოებს,  პოსტები შეიძლება შეიცვალოს ზონაში შესვლის ამკრძალავი ნიშნებით.

8. დაღმავალი შპურებისა და ჭაბურღილების მიმდებარე ტერიტორია უნდა გაიწმინდოს ქანების ნამსხვრევებისაგან, ხოლო შპურებიდან და ჭაბურღილებიდან ამოიწმინდოს ნაბურღი ფხვნილი ან სხვა ნაწილაკები.

9. საცობის ღერო უნდა დამზადდეს ისეთი მასალისაგან, რომელიც არ იძლევა ნაპერწკალს. მისი სიგრძე შპურის სიგრძეზე მეტი უნდა იყოს.

10. სარტყამი ვაზნა მოთავსებული უნდა იყოს შპურის პირიდან პირველი, რომელშიც ელექტროდეტონატორი (კაფსულდეტონატორი) იდება ისე, რომ მისი ძირი შპურის ძირისაკენ იყოს მიმართული. სარტყამი ვაზნის მოთავსება დასაშვებია შპურის ძირზეც. ასეთ შემთხვევაში ელექტროდეტონატორის (კაფსულდეტონატორის) მასრის ძირი მიმართული უნდა იყოს შპურის პირისაკენ. სარტყამი ვაზნების ასეთი განლაგება დასაშვებია გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ უსაფრთხო ნახშირის შახტებში.

11. ცეცხლოვანი აფეთქებებისას უკუინიცირებით აფეთქების მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა უნდა განსაზღვროს საწარმოს ხელმძღვანელმა.

12. შპურში ან ჭაბურღილში ჩაჭედილი სარტყამი ვაზნის ძალით ჩატენვა აკრძალულია. თუ ჩაჭედილი სარტყამი ვაზნის ამოღება შეუძლებელი გახდა, დამუხტვა უნდა შეწყდეს და იგი აფეთქდეს სხვა მუხტებთან ერთად.

13. წაგრძელებული ან განწერტებული მუხტებით ნახშირის მასივების წინასწარ გაფხვიერებისას 5 მეტრზე მეტი სიგრძის შპურებით და ჭაბურღილებით, სადაც ჰიდროსაცობებს იყენებენ, დამატებით ინიციატორად დასაშვებია სადეტონაციო ზონრის ხმარება. მისი სიგრძე შპურის სიგრძეს არ უნდა აღემატებოდეს.

14. შპურში ან ჭაბურღილში სიგრძეზე განწერტებული მუხტების გამოყენებისას თითოეულ ნაწილში უნდა  მოთავსდეს მხოლოდ ერთი სარტყამი ვაზნა. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ შახტებში, საყელავი შპურების აფეთქება განწერტებული მუხტებით უნდა მოხდეს მხოლოდ ფუჭი ქანის ისეთ სანგრევებში, რომლებშიც საწვავი გაზი არ გამოიყოფა.

15. თუ დამუხტვის დროს რომელიმე შპურში ფეთქებადი ნივთიერება ჩაიფშვნება (ვაზნის გარსაცმის დაზიანების გამო), იგი უნდა დაიმუხტოს ბოლომდე და აფეთქდეს სხვა მუხტებთან ერთად.

16. ასაფეთქებელი მუხტების რაოდენობა დროის იმ მონაკვეთში, რომელიც ეძლევა ამფეთქებელს აფეთქებისათვის, უნდა დადგინდეს ქრონომეტრული დაკვირვებების საფუძველზე და დამტკიცდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ.

17. სარტყამ ვაზნაში ჩამაგრებული სადეტონაციო ზონრის, ცეცხლგამტარი ზონრის, ელექტროდეტონატორის მავთულების გამოქაჩვა ამოღების მიზნით აკრძალულია. აკრძალულია შპურიდან გარეთ გამოყვანილი ცეცხლგამტარი და სადეტონაციო ზონრების გადატეხა.

18. შპურები (ჭაბურღილები) დასაცობი მასალით უნდა შეივსოს ფრთხილად. ელექტროდეტონატორები და სადეტონაციო ზონარი  არ უნდა იყოს დაჭიმული. დასაცობ მასალებად ნატეხებიანი მასის ან საწვავი მასალების გამოყენება აკრძალულია.

19. დასაცობი მასალები შპურებში (ჭაბურღილებში) უნდა მოთავსდეს სპეციალური მანქანების გამოყენებით, მათი ექსპლუატაციის ინსტრუქციების (სახელმძღვანელო დოკუმენტების) შესაბამისა