ამ რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1. შახტი – საწარმო, სადაც სასარგებლო წიაღისეული მოიპოვება მიწისქვეშა სამთო სამუშაოებით.
2. მიწისქვეშა სამთო სამუშაოები – სამთო სამუშაოები, რომელთა დროსაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული ოპერაციები სრულდება მიწისქვეშა წესით.
3. საამფეთქებლო სამუშაოები – ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მოღვაწეობა, რომელიც დაკავშირებულია ფეთქებადი მასალების გამოყენებასთან.
4. საწმენდი სამუშაოები – საწმენდ სანგრევში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით შესასრულებელი ოპერაციების ერთობლიობა.
5. საწმენდი სანგრევი – წიაღისეულის ან ქანის მასივის ზედაპირი, რომელიც გადაადგილდება საწმენდი სამუშაოების წარმოების პროცესში.
6. სამთო სამუშაოების პროექტი (შემდგომში – პროექტი) – დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია კონკრეტული სამთო სამუშაოს ძირითადი პარამეტრები და უსაფრთხო შესრულების პირობები.
7. მოსამზადებელი (ჩიხური) გვირაბი – გვირაბი, რომელიც უზრუნველყოფს შახტის, ველის, ფრთის და საწმენდი სანგრევის მომზადების და ექსპლუატაციის ნორმალურ პირობებს.
8. კაპიტალური გვირაბი – გვირაბი, რომელიც შახტს დედამიწის ზედაპირთან აკავშირებს და ძირითადად გამოიყენება ტრანსპორტირების მიზნით.
9. ნამუშევარი სივრცე – სასარგებლო წიაღისეულის, აგრეთვე, ფუჭი ქანის ამოღების შედეგად წარმოქმნილი სივრცე.
10. სამთო დარტყმა – გვირაბის მომიჯნავე ქანის მასივის ზღვრულად დაძაბული ნაწილის უეცარი, სწრაფად მიმდინარე რღვევა (დაშლა), რომელსაც თან ახლავს გვირაბში ქანის გამოტყორცნა, ძლიერი ხმოვანი ეფექტი და ჰაერის მძლავრი ტალღა.
11. სამთო წნევა – ქანის მასივში, გვირაბის, ჭაბურღილის კედლებთან ახლოს, მთელანებში, ქანის და სამაგრის კონტაქტის ზედაპირზე გრავიტაციული, აგრეთვე, ტექტონიკური ძალებით და დედამიწის ქერქის ზედა შრეების ტემპერატურის ცვლილების შედეგად შექმნილი დაძაბულობა.
12. ქანის სიმაგრის კოეფიციენტი (ფ) – ქანის წინააღმდეგობა დაშლის მიმართ. სიმაგრის კოეფიციენტია ერთღერძა კუმშვაზე ქანის სიმტკიცის ზღვარი.
13. ჭაური – ვერტიკალური გვირაბი, რომელსაც უშუალო გამოსავალი მიწის ზედაპირზე აქვს.
14. ჭაურის არმირება – სამუშაოები გამბჯენების დაყენების, მიმმართველების დამონტაჟებისა და კიბისა და მილების განყოფილებების მოწყობის მიზნით.
15. ქანობი – დახრილი გვირაბი, რომელსაც მიწის ზედაპირზე უშუალო გამოსავალი არ აქვს, გაყვანილია ფენის დაქანების მიმართულებით და მისი დანიშნულებაა ქვედა ჰორიზონტიდან ზედაზე ტვირთის აწევა მექანიკური მოწყობილობით.
16. ბრემსბერგი – დახრილი გვირაბი, რომელსაც მიწის ზედაპირზე უშუალო გამოსავალი არ აქვს და მისი დანიშნულებაა სასარგებლო წიაღისეულის ჩამოშვება მექანიკური მოწყობილობით.
17. შურფი – მცირე განივკვეთის და სიღრმის ვერტიკალური გვირაბი, რომელსაც მიწის ზედაპირზე აქვს გამოსავალი.
18. შტრეკი – ჰორიზონტალური გვირაბი, რომელსაც მიწის ზედაპირზე უშუალო გამოსავალი არ აქვს და გაიყვანება ფენის მიმართების თანხვდენილად.
19. შურო – დახრილი გვირაბი, რომელსაც მიწის ზედაპირზე უშუალო გამოსავალი არ აქვს და მისი ძირითადი დანიშნულებაა სასარგებლო წიაღისეულის და ფუჭი ქანის ზედა ჰორიზონტიდან ქვედაზე საკუთარი წონით ჩამოშვება.
20. გეზენკი – ვერტიკალური გვირაბი, რომელსაც მიწის ზედაპირზე უშუალო გამოსავალი არ აქვს და მისი დანიშნულებაა სასარგებლო წიაღისეულის და მასალების მიწოდება ზედა მუშა ჰორიზონტიდან ქვედაზე.
21. ორტი – ფენის, სახურავ და საგებ გვერდებში გაყვანილი შტრეკების შემაერთებელი გვირაბი, რომელიც სქელი ფენის დამუშავების დროს გამოიყენება.
22. გამკვეთი, სასულე, ირიბულა – ორი, ერთმანეთთან ახლოს განლაგებული კაპიტალური გვირაბის მაერთებელი ჰორიზონტალური (გამკვეთი), ვერტიკალური (სასულე), დახრილი (ირიბულა) მცირე კვეთის გვირაბები, რომელთა დანიშნულებაა მათში ადამიანების გადაადგილება და გვირაბების განიავება.
23. რაბი, ტიხარი – სავენტილაციო ჭავლების გამმიჯნავი დროებითი კედელი, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს სუფთა და ნამუშევარჭავლიან ჰაერს.
24. სავენტილაციო კარი, სარქველი – რაბსა და ტიხარში, აგრეთვე, ჭაურის პირზე მოწყობილი ადამიანების სასვლელი, რომელიც დროებით იხსნება ადამიანების გავლის დროს.
25. დამცავი თარო – ჭაურის კვეთში განლაგებული თარო, რომლის დანიშნულებაა სანგრევში მყოფი მუშების დაცვა ბადიიდან შემთხვევით გადმოვარდნილი ქანის ნატეხებისა და სხვა საგნების ჩაცვენისაგან.
26. გვირაბგამყვანი თარო – ჭაურში ჩამოკიდებული პლატფორმა მექანიზმების, მოწყობილობის და ადამიანების განსათავსებლად.
27. კროსინგი – გვირაბების ურთიერთგადამკვეთი, საჰაერო ჭავლების გამმიჯნავი სავენტილაციო ნაგებობა.
28. ტიუბინგი – გვირაბის კონტურის შესაბამისი სამაგრი, შემსუბუქებული (რკინაბეტონის ან თუჯის), სეგმენტის ფორმის ასაკრები კონსტრუქცია.
29. ფიქლის და წყლის საფარი – პლასტმასის ან სხვა ხისტი მასალისგან დამზადებული ოთხკუთხა, ზევიდან ღია ჭურჭელი, რომელიც იდგმება გვირაბის ჭერში მოწყობილ თაროზე ისე, რომ გვირაბში აირის აფეთქების შედეგად იოლად ყირავდება და მასში მოთავსებული წყალი ან ინერტული მტვერი (ფიქალი) ახდენს ნახშირის მტვრის აფეთქების ლოკალიზაციას.
30. სანაყარო – ადგილი, სადაც თავსდება ფუჭი ქანი.
31. სამთო-სამაშველო სამსახური – სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი და საგანგებოდ მომზადებული სამსახური, რომლის დანიშნულებაა შახტში ავარიის თავიდან აცილება, აგრეთვე, ავარიის შემთხვევაში ადამიანების გადარჩენა და ავარიის ლიკვიდაცია.
32. შახტის ლიკვიდაცია – შახტის საექსპლუატაციო მარაგების ამოწურვის ან არარენტაბელობის გამო შახტის დახურვისათვის საჭირო ღონისძიებების ერთობლიობა.
33. გვირაბის სამაგრი – გვირაბში დადგმული ხელოვნური ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა გვირაბის განივკვეთის ზომების დაცვა და გვერდითი ქანების ჩამოქცევის თავიდან აცილება.
34. გვირაბების გამაგრება – სამაგრის დადგმასთან დაკავშირებული სამუშაოების ერთობლიობა.
35. სატუმბო კამერა – კამერა, რომელშიც განლაგებულია წყალამოსაღვრელი ტუმბოები.
36. კამერა – დიდი განივკვეთისა და მცირე სიგრძის გვირაბი.
37. პარაშუტი – მოწყობილობა გალის, სახალხო და სახალხო-სატვირთო ამწევი დანადგარების მდორე დამუხრუჭებისა და გაჩერებისათვის.
38. მთავარი განიავების ვენტილატორი – შახტის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში შახტის ან მისი ნაწილის (ფრთის, ბლოკის, პანელის) გასანიავებელი ვენტილატორი.
39. დამხმარე განიავების ვენტილატორი – ერთი საწმენდი სანგრევისა და მასთან მომიჯნავე მოსამზადებელი გვირაბების გასანიავებელი ვენტილატორი.
40. ადგილობრივი განიავების ვენტილატორი – ვენტილატორი, რომელიც უზრუნველყოფს შახტის მშენებლობის პერიოდში ჭაურის, კვერშლაგის, შტოლნის, ხოლო შახტის გამჭოლი ჭავლის მიმდებარე ყველა მოსამზადებელი გვირაბის გაყვანისას კი სანგრევის იძულებით განიავებას.
41. მავნე აირები – აირები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ აფეთქება ან ადამიანის მოწამვლა. მავნე აირებს მიეკუთვნება: მომწამლავი – ნახშირჟანგი CO, აგრეთვე, ნახშირორჟანგი, CO2, გოგირდწყალბადი - H2S, გოგირდის ანჰიდრიდი SO2, ხოლო აფეთქებასაშიშ აირებს – მეთანი CH4 და მძიმე ნახშირწყალბადები (მცირე რაოდენობით).
42. მეთანის შრისებრი დაგროვება – ჰაერზე მსუბუქი აირის (მეთანის) დაგროვება გვირაბის კედლებზე და ჭერში არსებულ სიცარიელეებში, რაც ჰაერის აქტიური ჭავლით ვერ ნიავდება.
43. ნახშირის ფენების წინასწარი გაჟღენთა – დამტვერიანების და სამთო დარტყმის წინააღმდეგ მიმართული პროფილაქტიკური ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხორციელდება მოსამზადებელი გვირაბებიდან ფენის მიმართებით წინასწარ გაბურღულ ჭაბურღილებში წყლის დაჭირხვნით (დამსველებლების გამოყენებით).
44. სავენტილაციო ჭავლების მოკლე შერთვა – შახტში შემავალი ჰაერის სუფთა ჭავლის შერევა ნამუშევარ გამომავალ ჭავლთან.
45. საშახტო ამწევი დანადგარი – ვერტიკალურ და დახრილ ჭაურებში ადამიანების და ტვირთის გადაადგილებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო კომპლექსი.
46. დეგაზაცია – ნახშირის ფენიდან, ქანიდან აირების ბუნებრივი ან ხელოვნური მოცილება.
47. ფენის დახრის კუთხე – კუთხე, რომელსაც ნახშირის ფენა ქმნის ჰორიზონტალურ სიბრტყესთან.
48. მცურავი ქანი - რბილი, წყლით გაჯერებული ზვავსაშიში ქანი.
49. საწარმოს ტექნიკური ზედამხედველი – შახტის ხელმძღვანელის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნული სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია შახტში პროექტის შესაბამისად სამთო სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებაზე.
50. სპეციალიზებული საწარმო – იურიდიული პირი, რომელიც სამთო საწარმოებში ახორციელებს სხვადასხვა კონკრეტულ სამუშაოს ან სამუშაოებს (დაპროექტება, მშენებლობა, ტექნიკური ექსპერტიზა, მანქანებისა და მოწყობილობის მონტაჟი, გამართვა).
51. თანამდებობრივი ინსტრუქციები – საწარმოს მიერ დამტკიცებული ხელმძღვანელების და სპეციალისტების უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი დოკუმენტი.
52. საწარმოო ინსტრუქციები – საწარმოში დამუშავებული საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული კონკრეტული სამუშაოს ჩატარების თანამიმდევრობის, თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების მეთოდური მითითებები.
53. საშახტო აფეთქებაუსაფრთხო შესრულების ელექტრომოწყობილობა – ელექტრომოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს აპარატში წარმოქმნილი პერწკვლის, ელექტრული რკალისა და გახურებისგან აპარატის მიმდებარე აფეთქებასაშიში გარემოს აფეთქებისგან დაცვას.
54. ნახშირის მიდრეკილება თვითაალებისადმი – ნახშირის თვისება, სწრაფად დაიჟანგოს გარემოს ტემპერატურაზე ჰაერის ჟანგბადით.
55. ნახშირის თვითგახურება – თვითაალების პროცესის დასაწყისი. პროცესის ბოლოს ნახშირის ტემპერატურა 70-900 C-ს აღწევს და ინტენსიურად ძლიერდება დაჟანგვის პროცესი.
56. ენდოგენური ხანძარსაშიშროება – ნახშირის ბუნებრივი თვისებების, გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობების ერთობლიობა, რომელთა ურთიერთქმედება განაპირობებს ნახშირის თვითგახურების პოტენციურ შესაძლებლობას.
57. ნახშირის თვითაალება – ფიზიკურ-ქიმიური პროცესი, რომელიც იწვევს ნაშალი (ნაყარი) ნახშირის აალებას იმის გამო, რომ სითბოს გამოყოფა აღემატება გარემოში თბოგადაცემას.
58. დალამვა – ნამუშევარი სივრცის მოცულობის ლამით (თიხით) შევსება.
59. მიწისქვეშა ხანძარი – შახტში წარმოქმნილი ღია ცეცხლი, კვამლი, წვის პროდუქტი აირების სუნი ან ნახშირჟანგის ნიშნები ყოველ 3-4 საათში აღებულ ჰაერის სინჯში სამი დღე-ღამის განმავლობაში, თუ ეს არ არის გამოწვეული ნახშირიდან აირის ნორმალური გამოყოფით ან შახტის საწარმოო პროცესებით (შედუღება ან საამფეთქებლო სამუშაოები და სხვ.).
60. ენდოგენური ხანძარი – სასარგებლო წიაღისეულის, ქანის ან წვადი მასალის თვითაალებით გამოწვეული ხანძარი.
61. ეგზოგენური ხანძარი – სითბოს გარე წყაროს ზემოქმედებით (გაუმართავი ელექტრომოწყობილობა, ხახუნი და სხვ.) წვადი მასალის (სასარგებლო წიაღისეული, სამაგრი, კონვეიერის ლენტი და სხვ.) აალების შედეგად წარმოქმნილი ხანძარი.
62. გალი – ამწევი მოწყობილობა (ლითონის კაბინა), რომლის დანიშნულებაა შახტის ჭაურში სასარგებლო წიაღისეულისა და ფუჭი ქანის ვაგონებით ზიდვა, სხვადასხვა მასალისა და მოწყობილობის ჩაშვება და მომუშავეთა ჩაყვანა-ამოყვანა.
63. შტოლნა – ჰორიზონტალური გვირაბი, რომელსაც უშუალო გამოსასვლელი აქვს მიწის ზედაპირზე, იყენებენ როგორც სადაზვერვო, ასევე საექსპლუატაციო სამუშაოებისათვის.
64. უსაფრთხოების მოთხოვნა – შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით ან/და ,,წესებით’’ გათვალისწინებული ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნა.
65. ლავა – გრძელი გვირაბი საწმენდი სანგრევით, რომლის გვერდითი ზედაპირი (სანგრევის ხაზი) გადაადგილდება სამთო სამუშაოების წარმოების შედეგად და გააჩნია ორი გამოსასვლელი.
66. ბოგა – გვირაბების გადაკვეთაზე მოწყობილი გადასასვლელი ბილიკი, რომელსაც აქვს გადახურვა უცხო საგნების ვარდნისგან ადამიანების დასაცავად.
67. ჭაურმიმდებარე ეზო – გვირაბების ერთობლიობა ( სამსახურო კამერები, კვერშლაგების ან შტრეკების ნაწილი) რომლებიც განლაგებული არიან ჭაურის მიმდებარედ და ემსახურებიან მიწისქვეშა სამთო სატრანსპორტო სამუშაოებს და ვენტილაციას.
68. საერთო საშახტო დეპრესია – სხვაობა ატმოსფერულ და ვენტილატორის არხში არსებულ წნევათა შორის.
69. მთელანი – გარკვეული მოცულობის სასარგებლო წიაღისეულის ან/და ფუჭი ქანის გამოუღებელი მასივი, რომელიც შემოსაზღვრულია გვირაბებით ან გამომუშავებული სივრცით.
70. პულპა – წყლის, თიხის და ქვიშის ნარევი, რომელიც განკუთვნილია ნახშირის გამომუშავებულ სივრცეებში ხანძარსაწინაარმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებებისათვის.
71. ეკრანირებული კაბელი – სპეციალური კაბელი, მოხეტიალე დენებისაგან და ელექტრომაგნიტური ზემოქმედებისაგან დამცავი გარსაცმით.
72. ჯავშნიანი კაბელი – კაბელი ლითონის გარსაცმით, მექანიკური დაზიანებისაგან დასაცავად.
73. ლენტურჯავშნიანი კაბელი - კაბელი ლენტური ტიპის ლითონის გარსაცმით.
74. ჭავლი – შახტის ჰაერის ნაკადი.
75. აირიანი რეჟიმი – დაგაზიანებული ნახშირის შახტების მიმართ ,,წესებით’’ განსაზღვრული მოთხოვნები.
76. სკიპი – თვითგანტვირთვადი სატვირთო ამწევი მანქანის ჭურჭელი, რომლის დანიშნულებაა სასარგებლო წიაღისეულის ან ფუჭი ქანის გადატანა ზედა ჰორიზონტზე.
77. მეთანის შრეობრივი დაგროვება – გვირაბის გავრცელებით ჭერში არსებულ სიცარიელეებში მეთანის დაგროვება.
78. მეთანის ადგილობრივი დაგროვება – გვირაბის ჩიხურ ადგილებში მეთანის დაგროვება.
79. შეგრეხის ბიჯი – ბაგირის მონაკვეთი, რომელზეც ერთი წნა შემობრუნდება 3600-ით.
80. საშახტო აფეთქებაუსაფრთხო შესრულების მოწყობილობა/დანადგარი – ისეთი გარსის მქონე მოწყობილობა/დანადგარი, რომელიც დაცულია გარსის შიგნით აფეთქება საშიში აირების შეღწევისაგან.
81. საშახტო მომატებული შესრულების მოწყობილობა/დანადგარი – ჰერმეტული კორპუსის მქონე აფეთქებაუსაფრთხო შესრულების მოწყობილობა/დანადგარი, რომელიც მედეგია მექანიკური დაზიანებისაგან.
82. ქურო – ელექტროგადამცემი და გამანაწილებელი კაბელების შემაერთებელი (გადასაბმელი) აფეთქებაუსაფრთხო მოწყობილობა.
83. საწმენდი კამერა – გვირაბი, რომლის სანგრევი მცირე სიგრძისაა და გვერდებიდან შეზღუდულია წიაღისეულის მთელანებით.
84. სტანდარტი – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტი.