1. დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს შახტში ჩამსვლელთა (ამომსვლელთა) ზუსტი აღრიცხვის პროცედურის შემუშავება და დანერგვა.

2. აკრძალულია დავალების გაცემა იმ ადგილებში სამუშაოდ, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების წესები.

3. პირებს, რომლებიც არ არიან დაკავებულები  მიწისქვეშა სამუშაოებით, მაგრამ მათი შახტში ჩასვლა აუცილებელია კონკრეტული დავალების შესასრულებლად, უნდა ჩაუტარდეთ ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების საკითხებზე და უზრუნველყოფილი უნდა იქნენ დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით.

4. დამსაქმებელი ვალდებულია შახტში მომუშავე პერსონალი უზრუნველყოს სპეცტანსაცმელით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებით, ასევე შეიმუშაოს სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების ინსტრუქციები და მუშა პერსონალს ჩაუტაროს პერიოდული ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების საკითხებში.

5. გვირაბის ის ადგილები, სადაც არის ადამიანების ჩავარდნის საფრთხე, უნდა შემოიფარგლოს მაფრთხილებელი ნიშნებით. ჭაურები, ზუმპფები, ჭაბურღილები და სხვა ვერტიკალური ან დახრილი გვირაბები უნდა იყოს საიმედოდ დახურული ან შემოღობილი.

6. მოწყობილობის ყველა ღია მოძრავი ნაწილი ისე უნდა იყოს დაცული,   რომ  გამოირიცხოს ადამიანების ტრავმირება.

7. შახტში, სადაც სამთო სამუშაოების წარმოებისას წარმოიქმნება მტვერი, გამოიყოფა და გროვდება მავნე აირი, აუცილებელია განხორციელდეს ჰაერში მტვრისა და მავნე აირების კონცენტრაციის კონტროლი.

8. შახტში საამფეთქებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს „ტექნიკური რეგლამენტი საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ“–ის მოთხოვნათა შესაბამისად.

9. შახტის ჭაურებსა და დახრილი გვირაბების ქვედა ჰორიზონტის ბაქნებზე, საიდანაც ხდება ადამიანების მექანიზებული საშუალებებით გადაადგილება,  უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოწყობილი უნდა იყოს მოსაცდელი კამერები.

10. საწარმო ვალდებულია შახტში ავარიების თავიდან აცილებასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება უზრუნველყოს საკუთარი ან სახელშეკრულებო პირობებზე დამყარებული სპეციალიზებული სამთო-სამაშველო სამსახურის   მეშვეობით.

11. შახტში უნდა მოქმედებდეს ჰაერში მავნე/ფეთქებადსაშიში აირების კონცენტრაციის კონტროლისა და ავტომატური შეტყობინების საშუალებები და მომსახურე პერსონალის დეტექციისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.

12. აკრძალულია მოწევა და ღია ცეცხლით სარგებლობა გვირაბებში და საშახტო ინფრასტრუქტურულ გამონამუშევრებში.

კარი II

ტექნოლოგია

თავი IV. გვირაბების გაყვანა და გამაგრე