1. ჭაურის ზედაპირის აგების შემდეგ აკრძალულია გვირაბის გასაყვანი სამუშაოების გაგრძელება ჭაურის ნულოვან ნიშნულზე (ჭაურის გასასვლელი მიწის ზედაპირზე) გადახურვის მოწყობის გარეშე. ამასთან, ჩასაღრმავებელი ჭაურის სანგრევში მყოფი მუშები ზემოდან საგნების შესაძლო ვარდნისაგან დაცულნი უნდა იყვნენ  დამცავი მოწყობილობით.

2. ჭაურიდან მონგრეული ქანის შესაბამისი ჭურჭლით (ბადიით) გამოტანისას უნდა გაიხსნას მხოლოდ იმ დამცავი თაროს სარქველი, რომელიც აუცილებელია ჭურჭლის გასატარებლად. ბადიის განტვირთვისას, სარქვლის კონსტრუქციამ უნდა გამორიცხოს  ჭაურში ქანის ან სხვა საგნების ჩავარდნა.

3. აკრძალულია ადამიანების ჭაურში (შურფში) ყოფნა და სხვა სამუშაოების ჩატარება მასში დამონტაჟებული ამწევი მანქანის ჭურჭლის შეცვლისას, ჭურჭელზე მზიდი ბაგირის ჩახსნისას, აგრეთვე ჭაურში თხევადი ბეტონის მილსადენის დაკიდებისა და მოხსნისას.

4. ჭაურში ბეტონის მილსადენი მთელ სიგრძეზე დაზღვეული უნდა იყოს ვარდნისაგან დამცავი ბაგირით. მილსადენში ბეტონის  გაჭედვის ლიკვიდაციის სამუშაო უნდა ჩატარდეს სპეციალისტის ხელმძღვანელობით.  სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებისას დაუშვებელია ადამიანების ყოფნა ბეტონის  გაჭედვის ადგილის ქვემოთ.

5. გასაყვანი ან ჩასაღრმავებელი ჭაურის სანგრევი გადახურული უნდა იყოს საგნების ზემოდან ვარდნისაგან დამცავი (ჩამოსაკიდებელი ან სხვა) თაროთი. ერთსართულიანი ან მრავალსართულიანი თაროები ბაგირზე ისე უნდა ჩამოეკიდოს, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია.

6. მაბიჯი თაროს ჭაურში გადაადგილებისას ადამიანები ჭაურის სანგრევში და თაროზე არ უნდა იმყოფებოდნენ, გარდა მემანქანის და მისი თანაშემწეებისა, რომლებიც მონაწილეობენ თაროს გადაადგილებაში.

7. ჭაურის გაყვანის და კიდული თაროდან მუდმივი სამაგრის დაყენების სამუშაოების ერთდროულად წარმოებისას, თაროს უნდა ჰქონდეს ზედა (დამცავი) სართული ზემოდან საგნების შესაძლო ვარდნისგან თაროზე მომუშავეების დასაცავად.

8. გვირაბგამყვანი თაროების იატაკში  უნდა მოეწყოს სათვალიერებელი ხვრელი, რომელიც საშუალებას მისცემს ბადიასა და ტვირთის თაროს გარკვეულ მონაკვეთზე (მილძაბრაში) გატარებაზე პასუხისმგებელ გვირაბგამყვანს, დააკვირდეს თაროს ქვევით განლაგებულ მოწყობილობას და სანგრევში არსებულ მდგომარეობას.

9. აკრძალულია თაროების ექსპლუატაცია განმბჯენების გარეშე.

თავი V. საწმენდი სამუშაოების ტექნოლოგ