1. ავტოგასამართი კომპლექსის ტექნოლოგიური სისტემა განკუთვნილია ორი ან სამი სახეობის საწვავით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასამართად, რომელთა შორის დასაშვებია ნავთობპროდუქტები, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირი (გათხევადებული პროპან-ბუტანი) და შეკუმშული ბუნებრივი აირი.
2. შეკუმშული ბუნებრივი აირის მისაღები, მოსამზადებელი და შესანახი შენობა-ნაგებობების და დანადგარების მოედანს, აგრეთვე, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის რეზერვუარების მოედანს უნდა ჰქონდეს გარეშე პირთათვის დახურული, არასაწვავი მასალისგან დამზადებული და განიავებადი დამოუკიდებელი შემოღობვა.
3. მინიმალური მანძილები ავტოგასამართი კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულ შენობებსა და ნაგებობებს შორის, ასევე მინიმალური მანძილები ავტოგასამართი კომპლექსიდან იმ ობიექტებამდე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან კომპლექსს განისაზღვრება მოქმედი სტანდარტის შეასაბამისად.
4. დანადგარებთან, რომლებშიც ხდება შეკუმშული და გათხევადებული აირის და/ან მისი ორთქლის მიმოქცევა, გათვალისწინებული უნდა იქნეს სახანძრო მანქანებისთვის განკუთვნილი მისასვლელებისა და სადგომების მოწყობა მოქმედი სტანდარტის შესაბამისად.
5. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის ორთქლის საგდებ მილს უნდა ჰქონდეს ისეთი სიმაღლე, დიამეტრი, კონსტრუქცია და განთავსება, რომ ავტოგასამართ კომპლექსს არ მიკუთვნებული ობიექტების განთავსების, აგრეთვე, კომპლექსის ტექნოლოგიური დანადგარების, შენობა-ნაგებობების ზონაში და მძღოლებისა და მგზავრების ყოფნის შესაძლო ადგილებში გამორიცხული იყოს აფეთქებასაფრთხიანი ნარევების წარმოქმნა.
6. შეკუმშული ბუნებრივი აირის საგდები მილი განთავსებული უნდა იყოს მოქმედი სტანდარტის შესაბამისად.
7. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირისთვის განკუთვნილი რეზერვუარების თავზე, აგრეთვე, ავტოცისტერნის გასამართად განკუთვნილი მოედნის თავზე ფარდულის მოწყობა დაუშვებელია. შეკუმშული ბუნებრივი აირისთვის განკუთვნილი დანადგარების თავზე გაუნიავებელი მოცულობების (უბეების, ჯიბეების) მქონე ფარდულის მოწყობა, გასამართი მოედნის თავზე საერთო ფარდულის ჩათვლით, სადაც ნავთობპროდუქტებით ან გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართვის გარდა ხდება შეკუმშული ბუნებრივი აირით გამართვაც, დაუშვებელია.
8. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირით გასამართ ერთ მოედანზე გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთდროული გამართვა. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირით გასამართ მოედნებს შორის, აგრეთვე, მათსა და ნავთობპროდუქტებით გასამართ მოედნებს შორის საჭიროა გასამართი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სიმაღლეზე უნდა მოეწყოს დამცავი ეკრანი მოქმედი სტანდარტის შესაბამისად.
9. ავტოგასამართი კომპლექსისათვის დაუშვებელია:
ა) ნავთობპროდუქტებისთვის და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირისთვის განკუთვნილი ავტოცისტერნების საერთო მოედნის მოწყობა;
ბ) ერთდროულად სადგურზე ორი და მეტი ავტოცისტერნის ყოფნა;
გ) ნავთობპროდუქტების და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის რეზერვუარების შევსება კომპლექსის მუშაობის გაჩერების გარეშე.
10. დაუშვებელია გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ავტოცისტერნის გამოყენება მისაბმელიან ცისტერნასთან ერთად.
11. ავტოგასამართ კომპლექსზე დასაშვებია სტაციონარული სადგურის ტექნოლოგიური მოწყობილობის მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ნავთობპროდუქტების მიღების, შენახვის და გაცემის ტექნოლოგიური სისტემის გამოყენება.
12. ტექნოლოგიურ მოწყობილობაში (სადაც ხდება შეკუმშული ბუნებრივი აირის, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის და მისი ორთქლის მიმოქცევა) გამოყენებული მილგაყვანილობის ჩამკეტ არმატურას უნდა ჰქონდეს ჰერმეტული საკეტები.
13. ტექნოლოგიური სისტემის კონსტრუქცია უნდა ითვალისწინებდეს მოწყობილობის დემონტაჟის გარეშე როგორც მისი შიგა სივრცის (რომელშიც იმყოფება შეკუმშული ბუნებრივი აირი, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირი და მისი ორთქლი), ასევე გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის მოწყობილობის კედელთშორისი სივრცის ხანძარაფეთქებაუსაფრთხო დაცლის ჩატარების და ინერტული აირით გაქრევის შესაძლებლობა