1. ქვემოთ გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად უნდა შეიქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი, (შემდგომში წოდებული “კომიტეტი”).

2. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის მომენტისათვის კომიტეტი შედგება თორმეტი ექსპერტისაგან. კონვენციის დამატებითი სამოცი რატიფიკაციის, ან შეერთების შემდგომ, კომიტეტის შემადგენლობა იზრდება ექვსი წევრით და აღწევს მაქსიმალურ რაოდენობას თვრამეტი წევრის ოდენობით.

3. კომიტეტის წევრები მოქმედებენ ინდივიდუალური უფლებამოსილების ფარგლებში და უნდა ხასიათდებოდნენ მაღალი მორალური თვისებებით, აღიარებული კომპეტენტურობითა და გამოცდილებით წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში. საკუთარი კანდიდატების დასახელების დროს მონაწილე სახელმწიფოებმა სათანადოდ უნდა გაითვალისწინონ წინამდებარე კონვენციის 4.3 მუხლში დადგენილი მოთხოვნები.

4. კომიტეტის წევრები აირჩევიან მონაწილე სახელმწიფოების მიერ, თანაბარი გეოგრაფიული განაწილების, ცივილიზაციის სხვადასხვა ფორმებისა და ძირითადი სამართლებრივი სისტემების, ბალანსირებული გენდერული პოლიტიკისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ექსპერტების მონაწილეობის გათვალისწინებით.

5. კომიტეტის წევრები აირჩევიან ფარული კენჭისყრით, მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაზე, მათ მიერ წარმოდგენილი საკუთარი მოქალაქეების სიიდან. კონფერენციის მსვლელობისას, რომლის ქვორუმს მონაწილე სახელმწიფოების ორი მესამედი შედგენს,  კომიტეტში აირჩევიან პირები, რომელთაც ხმათა უმრავლესობა და მონაწილე სახელმწიფოებიდან დამსწრეთა და კენჭისყრაში მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობის ხმები მიიღეს.

6. პირველადი არჩევნები ტარდება წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან  არა უგვიანეს ექვსი თვისა. ყოველ არჩევნებამდე სულ მცირე ოთხი თვით ადრე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი წერილობით მიმართავს მონაწილე სახელმწიფოებს, ორი თვის ვადაში კანდიდატურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. შემდგომ გენერალური მდივანი მოამზადებს ყველა დასახელებული კანდიდატის ანბანის მიხედვით შედგენილ სიას, იმ მონაწილე სახელმწიფოს მითითებით, რომელმაც დაასახელა კანდიდატი და მიაწოდებს მას მონაწილე სახელმწიფოებს.

7. კომიტეტის წევრები აირჩევიან ოთხი წლის ვადით. მათი მეორე ვადით არჩევა დაშვებულია მხოლოდ ერთხელ. თუმცა პირველად არჩეული ექვსი წევრის საარჩევნო ვადა იწურება ორ წელიწადში; პირველი არჩევნებიდან უმოკლეს ვადაში აღნიშნული ექვსი წევრის ვინაობა შეირჩევა კენჭისყრით, შეხვედრის თავმჯდომარის მიერ, ისე როგორც ეს მითითებულია წინამდებარე მუხლის მე-5 პუნქტში.

8. კომიტეტის ექვსი დამატებითი წევრის არჩევა ხდება რეგულარული არჩევნების დროს, წინამდებარე მუხლში მოცემული შესაბამისი დებულებების შესაბამისად.

9. კომიტეტის წევრი გარდაცვლების, გადადგომის ან ნებისმიერი სხვა მიზეზით მასზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მონაწილე სახელმწიფო, რომელმაც იგი დაასახელა, შეცვლის მას სხვა, იმავე კვალიფიკაციის მქონე ექსპერტით, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ დებულებებს.

10. კომიტეტი თავად განსაზღვრავს საკუთარი საქმიანობის წესებს.

11. კომიტეტის მიერ ფუნქციების ეფექტური და წინამდებარე კონვენციის შესაბამისად განხორციელებისათვის,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი უზრუნველყოფს მას საჭირო პერსონალით, საშუალებებით და ნიშნავს პირველ შეხვედრას.

12. წინამდებარე კონვენციის ფარგლებში შექმნილი კომიტეტის წევრები, გენერალური ასამბლეის თანხმობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რესურსებიდან იღებენ გასამრჯელოს ასამბლეის მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით, კომიტეტის მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის მნიშვნელობიდან გამომდინარე.

13. კომიტეტის წევრები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ მივლინებებში სარგებლობენ ექსპერტთა იმ შეღავათებით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტით, რომელიც მათ ენიჭებათ გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენციის შესაბამისი დებულებები