1.  ერთ-ერთი მხარის პოლიციის თანამდებობის პირები, რომლებიც, სისხლისსამართლებრივი საქმის გამოძიების ფარგლებში, თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ეძებენ პირს, რომელიც სავარაუდოდ მონაწილეობას იღებდა სისხლის სამართლის დანაშაულში, რომელსაც შედეგად შეიძლება თან სდევდეს ექსტრადიცია, ან პირს, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს მყარი საფუძველი, რომ ის შეძლებს ზემოაღნიშნული პიროვნების და მისი ადგილმდებარეობის დადგენას, უფლებამოსილნი არიან, გააგრძელონ მათზე მეთვალყურეობა მეორე მხარის ტერიტორიაზე, თუ ამ მხარემ დაუშვა საზღვრებს გარეთ მეთვალყურეობის განხორციელება დახმარების გაწევის შესახებ მოთხოვნის საპასუხოდ, რომელიც წინასწარ იქნება წარდგენილი. ნებართვას შეიძლება თან დაერთოს პირობები.

მოთხოვნის შესაბამისად, მეთვალყურეობა ევალება იმ მხარის მოსამსახურეებს, რომლის ტერიტორიაზეც იგი მიმდინარეობს.

ამ მუხლის 1-ლი ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დახმარების გაწევის შესახებ მოთხოვნა  უნდა გაეგზავნოს თითოეული მხარის მიერ უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც გააჩნია მოთხოვნილი ნებართვის გაცემის ან გადაგზავნის იურისდიქცია.

2.  თუ კონკრეტული გადაუდებელი მიზეზების გამო ვერ ხორციელდება მეორე მხარის წინასწარი ნებართვის მოთხოვნა, თანამდებობის პირები, რომლებიც წარმართავენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, უფლებამოსილნი არიან გააგრძელონ გამოძიება საზღვრებს გარეთ იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც მტკიცებულებების მიხედვით ჩაიდინა ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული დანაშაული, და დაიცვან შემდეგი  პირობები:

ა. მე-4 პუნქტის შესაბამისად დადგენილი მხარის ორგანოები, რომლის ტერიტორიაზეც უნდა გაგრძელდეს მეთვალყურეობა, დაუყოვნებლივ იქნებიან ინფორმირებულნი მეთვალყურეობის პროცესში საზღვრის გადაკვეთის შესახებ;

ბ. 1-ლი პუნქტის შესაბამისად დახმარების აღმოჩენის შესახებ გადაცემული მოთხოვნა და საზღვრის გადაკვეთის საფუძვლების აღწერა, წინასწარი ნებართვის გარეშე გადაეცემა დაუყოვნებლივ.

მეთვალყურეობა წყდება მაშინვე, როდესაც მხარე, რომლის ტერიტორიაზეც იგი მიმდინარეობს, ითხოვს ამას, „ა“ ქვეპუნქტში  მითითებული შეტყობინების ან „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ, ან თუ ნებართვა არ იქნება მიღებული საზღვრის გადაკვეთიდან ხუთი საათის განმავლობაში.

3.   ამ მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში ხსენებული მეთვალყურეობა ხორციელდება მხოლოდ შემდეგი ძირითადი პირობების შესაბამისად:

ა. თანამდებობის პირები, რომლებიც ახორციელებენ მეთვალყურეობას, ასრულებენ ამ მუხლის პირობებს, იცავენ მხარის კანონმდებლობას, რომლის ტერიტორიაზეც ისინი მოქმედებენ და ემორჩიელებიან ადგილობრივი პასუხისმგებელი ორგანოების ინსტრუქციებს;

ბ. მე-2 პუნქტში გათვალისწინებული გარემოებების გარდა, თანამდებობის პირებს, რომლებიც ახორციელებენ მეთვალყურეობას, თან აქვთ დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნებართვა მინიჭებულია;

გ. თანამდებობის პირებმა, რომლებიც ახორციელებენ მეთვალყურეობას, ნებისმიერ დროს უნდა შეძლონ იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლის თანახმადაც ისინი მოქმედებენ, როგორც ოფიციალური პირები;

დ. თანამდებობის პირებს, რომლებიც ახორციელებენ მეთვალყურეობას, უფლება აქვთ იქონიონ სამსახურებრივი იარაღი, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული მომთხოვნი მხარის მიერ. იარაღის გამოყენება დაუშვებელია, გარდა აუცილებელი თავდაცვის შემთხვევებისა;

ე. შესვლა კერძო საცხოვრებელ ადგილებსა და იმ ადგილებში, რომელიც არაა საჯაროდ ხელმისაწვდომი, აკრძალულია;

ვ. თანამდებობის პირებს, რომლებიც ახორციელებენ მეთვალყურეობას, არ შეუძლიათ დააკავონ, დაკითხონ, ან დააპატიმრონ პირები, რომლებიც იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ;

ზ. ანგარიში ყველა ოპერაციასთან დაკავშირებით წარედგინება მხარის იმ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც ეს ოპერაციები მიმდინარეობს; თანამდებობის პირებს, რომლებიც ახორციელებენ მეთვალყურეობას, შესაძლოა, წარედგინოთ მოთხოვნა, პირადად გამოცხადნენ ზემოაღნიშნულ ორგანოებში;

თ. მხარეთა ორგანოები, რომლიდანაც დამკვირვებელი თანამდებობის პირები ჩამოვიდნენ, მხარეთა ორგანოების მოთხოვნისამებრ, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს მეთვალყურეობა, ხელს შეუწყობენ  გამოძიებას იმ ოპერაციების გატარების შემდეგ, რომელშიც ისინი იღებდნენ მონაწილეობას, საპროცესო მოქმედებების ჩათვლით.

4. მხარეები, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირებისას, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი განცხადების მეშვეობით, უთითებენ თანამდებობის პირებს და ორგანოებს, რომელსაც ისინი ადგენენ ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიზნების შესაბამისად. მომავალში მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს იმავე საშუალებით შეცვალონ თავიანთი განცხადების პირობები.

5.მხარეებს შეუძლიათ, ორმხრივ დონეზე, გააფართოვონ ამ მუხლის ფარგლები და მიიღონ დამატებითი ზომები მისი შესრულებისათვის.

6.  მე-2 პუნქტში მითითებული მეთვალყურეობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ სისხლის სამართლის ერთ-ერთ დანაშაულთან დაკავშირებით:

–   მკვლელობა პოლიტიკური მოტივების საფუძველზე;

–    მკვლელობა;

–    გაუპატიურება;

–    ცეცხლის წაკიდება;

–   ფულის გაყალბება;

–   შეიარაღებული ყაჩაღობა და მოპარული ნივთების შენახვა;

–   გამოძალვა;

–    ადამიანის გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით და მძევლების აყვანა;

–    ადამიანებით ვაჭრობა;

–  ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობა;

–   ომის კანონებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ კანონების დარღვევა;

–   ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება;

–  ტოქსიკური და საშიში ნარჩენების უკანონო გადაზიდვა;

–  უცხოელთა უკანონო გადაყვანა, რომელთაც არ გააჩნიათ ქვეყანაში ცხოვრების უფლება;

–   ბავშვებზე სექსუალური ძალადობ