1. ცენტრის განვითარების მიმართულებებს, სამუშაო გეგმებს, წლიური ბიუჯეტის პროექტს და/ან მათში შესატან ცვლილებებსა და ანგარიშებს ამტკიცებს ცენტრის გენერალური დირექტორი (შემდგომში - გენერალური დირექტორი) მინისტრთან შეთანხმებით.

2. ცენტრს უშუალოდ და ერთპიროვნულად მართავს გენერალური დირექტორი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება მინისტრის ბრძანებით.  გენერალური დირექტორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად.

3. ცენტრს აგრეთვე ჰყავს აღმასრულებელი დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილეები.

4. გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს აღმასრულებელი დირექტორი ან გენერალური დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

5. გენერალური დირექტორი:

ა) ასრულებს ცენტრის წარმომადგენლობით ფუნქციას და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობის სწორი წარმართვისათვის;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს აღმასრულებელ დირექტორს, გენერალური დირექტორის მოადგილეებს, სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოსამსახურეებს შორის;

გ) ანაწილებს საკურატორო სფეროებს აღმასრულებელ დირექტორს და გენერალური  დირექტორის მოადგილეებს  შორის;

დ) წარმოადგენს ცენტრს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს ცენტრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს ცენტრის ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ანგარიშებს ბანკში, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფუნქციებს;

ე) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს და გენერალური დირექტორის მოადგილეებს. ასევე თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსებსა და სხვა მოსამსახურეებს (მათ შორის ახორციელებს შტატგარეშე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებას, შრომითი ურთიერთობის შეჩერებას და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას).

ვ) ახორციელებს ცენტრის მოსამსახურეების ქვეყნის შიგნით მივლინებაში წარგზავნას, შვებულებაში გაშვებას;

ზ) ახორციელებს ცენტრის  მოსამსახურეების ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნას;

თ) ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ გამოყენებაზე. იგი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;

ი) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

კ) ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურას,საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს  სამინისტროსთან შეთანხმებით;

ლ) ახორციელებს თანამდებობრივი სარგოს კატეგორიების მინიჭებას თანამდებობის დაკავებისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნების, მოსამსახურის კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევების, მუშაობის გამოცდილების და შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგების მიხედვით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

მ) პასუხს აგებს ცენტრის ძირითადი ამოცანების შესრულებაზე, საქმიანობაში სახელმწიფო საიდუმლოების სათანადო რეჟიმის უზრუნველყოფაზე;

ნ) სპეციალური დავალებების შესასრულებლად  ცენტრში ქმნის დროებით მიზნობრივ ჯგუფებს და იწვევს ამ ჯგუფებში სამუშაოდ სპეციალისტებს დადგენილი წესით;

ო) უფლებამოსილია ცენტრის ბიუჯეტის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებით, ცენტრის საწარმოო პროცესში ჩართული მოსამსახურეებისათვის განსაზღვროს საათობრივი ან ნორმირებული ანაზღაურება;

პ) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით ცენტრში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-17 მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების, ცენტრის გენერალური დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, იმ სამუშაოს შესრულებისათვის, რაც სცდება დასაქმებული პირის უშუალო მოვალეობას, თუმცა პირდაპირ არის დაკავშირებული ცენტრის ან/და სამინისტროს საქმიანობის მიზნებთან და ამოცანებთან, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია ცენტრსა ან/და სამინისტროს საქმიანობასთან;

ჟ)   სამინისტროს თანხმობით, უფლებამოსილია განსაზღვროს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტები;

რ) ახორციელებს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილება