უფლებამოსილი პირის მიერ გადამხდელის ანგარიშებზე თანხიანი ყადაღის წარდგენის შემთხვევაში, პირველ რიგში ყადაღდება ყადაღის ვალუტის ანგარიშზე არსებული თანხა. თუ აღნიშნულ ანგარიშზე არის ყადაღის თანხაზე ნაკლები ნაშთი (თანხა), ყადაღა უნდა გავრცელდეს სხვა ვალუტის ანგარიშებზე ყადაღის თანხისა და ყადაღის ვალუტის ანგარიშზე არსებული თანხის სხვაობის ექვივალენტის ოდენობით. ყადაღის ვალუტისაგან განსხვავებული ვალუტის ანგარიშზე ყადაღის გავრცელების შემთხვევაში, ბანკი არ არის პასუხისმგებელი, თუ ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობის გამო ყადაღის შესაბამისი ოდენობის თანხის დათვლის დროს ანგარიშებზე არსებული თანხები არ აღმოჩნდა საკმარისი წარდგენილი ყადაღის სრულად შესასრულებლად. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირის მიერ ყადაღა წარდგენილია მხოლოდ კონკრეტულ ერთ ან რამდენიმე ანგარიშზე, მაშინ ბანკი ვალდებულია ყადაღა გაავრცელოს მხოლოდ ამ კონკრეტულ ანგარიშებზე.

საგადახდო ანგარიშზე ყადაღის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ანგარიშიდან ოპერაცია (მათ შორის შეუსრულებელი ან ნაწილობრივ შესრულებული საინკასო დავალების შესრულება) შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ყადაღისაგან თავისუფალი თანხების ფარგლებში, გარდა ყადაღის დადებამდე საგადახდო ბარათით შესრულებული ოპერაციისა, რომლის ანგარიშზე ასახვა (ოპერაციის თანხით ანგარიშის დადებეტება) შესაძლოა განხორციელდეს ყადაღის თანხის ფარგლებშიც ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

გადამხდელის ანგარიშზე (ანგარიშებზე) მხოლოდ შემოსავლების სამსახურის ყადაღის არსებობის შემთხვევაში, დაყადაღებული ანგარიშიდან უნდა განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული საინკასო დავალებების შესრულება და ასევე, კლიენტის მიერ წარდენილი საგადახდო დავალების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ან  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდა, როგორც ყადაღისაგან თავისუფალი ფულადი სახსრების ფარგლებში, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ დაყადაღებული თანხების ფარგლებშიც.

იმ შემთხვევაში, როდესაც გადამხდელის ანგარიშზე (ანგარიშებზე) არის სადებეტო ნაშთი (ოვერდრაფტი) და ამავე დროს ამ გადამხდელზე წარმოდგენილია ყადაღა, რომლის ჩანაცვლება მოხდა საინკასო დავალებით, აღნიშნული საინკასო დავალება უნდა შესრულდეს ყადაღის წარდგენის შემდეგ ჩარიცხული იმ თანხებითაც (ან თანხის იმ ნაწილითაც), რომლითაც მოხდა ოვერდრაფტის  ნაწილობრივი ან სრული დაფარვა (სადებეტო ნაშთის შემცირება/განულება). ამ მუხლის მიზნებისათვის  ანგარიშზე ჩარიცხვად არ ითვლება ოვერდრაფტის და საკრედიტო ბარათების ჩამოწერისა და გარესაბალანსო ანგარიშზე აღირცხვის მიზნით კლიენტის ანგარიშზე ბანკის მიერ განხორციელებული ბუღალტრული გატარება.

ბანკსა და შემოსავლების სამსახურს შორის ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის შესახებ ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის მიერ დადებული ყადაღა ავტომატურად გაავრცელოს ბანკში არსებულ გადამხდელის  ყველა ანგარიშზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა,  ყადაღის მოცულობის ფარგლებში.

ბანკში საინკასო დავალების წარდგენისას, არ იზღუდება გადამხდელის უფლება, საინკასო დავალების სრულად შესრულებამდე (მათ შორის საინკასო დავალების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაშიც) განკარგოს საინკასო დავალების შესასრულებლად საკმარისი თანხის ზემოთ არსებული ფულადი სახსრები.
თავი IV
უცხოური ვალუტით გადახდის ოპერაციების წარმოე