საინკასო დავალების შესრულება შესაძლებელია ბანკში არსებული კლიენტის ნებისმიერი საგადახდო ანგარიშიდან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიუხედავად იმისა, მითითებულია თუ არა საინკასო დავალებაში გადამხდელის ანგარიშის ნომერი.
საინკასო დავალების შესრულება შესაძლებელია როგორც გადამხდელის ერთი ანგარიშიდან, ასევე ნაწილ–ნაწილ გადამხდელის სხვადასხვა ანგარიშებიდან, ან გადამხდელის სხვა ანგარიშებიდან თანხების ერთ ანგარიშზე აკუმულირების გზით (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საინკასო დავალებაში მითითებული თანხის ოდენობით.
საინკასო დავალების შესრულება არ შეიძლება ვადიანი დეპოზიტის ანგარიშიდან.
საინკასო დავალების შესრულება ხდება მხოლოდ გადამხდელის საკუთარი თანხის ფარგლებში (გადამხდელის საგადახდო ანგარიშზე (ანგარიშებზე) არსებული საკრედიტო ნაშთის ფარგლებში ამ მუხლის მე-5 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით). დაუშვებელია საინკასო დავალების შესრულება ოვერდრაფტის ან საკრედიტო ხაზის გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადამხდელს გაცემული აქვს ბანკის მიმართ თანხმობა საინკასო დავალების აღნიშნული თანხებით შესრულებაზე. საინკასო დავალების შესრულებამდე ბანკი ვალდებულია შეუზღუდოს გადამხდელს ოვერდრაფტის ან საკრედიტო ხაზის გამოყენების უფლება.
იმ შემთხვევაში, როდესაც გადამხდელის მიმდინარე ანგარიშზე (ანგარიშებზე) არის სადებეტო ნაშთი (ოვერდრაფტი) და ამავე დროს წარდგენილია ამ გადამხდელზე საინკასო დავალება, საინკასო დავალება უნდა შესრულდეს მისი წარდგენის შემდეგ აღნიშნულ ანგარიშზე (ანგარიშებზე) განხორციელებული ნებისმიერი ჩარიცხული თანხიდან.
საგადახდო ბარათით განხორციელებული ოპერაციის შესახებ ბანკის მიერ ინფორმაციის მიღების მომენტიდან აღნიშნული ოპერაციის თანხა არ წარმოადგენს გადამხდელის საკუთარ თანხას, მიუხედავად იმისა, რომ საგადახდო ბარათით განხორციელებული ოპერაციის თანხით ანგარიშის დადებეტება არ განხორციელებულა. საგადახდო ბარათით შესრულებული ოპერაციის გაუქმების შესახებ ბანკის მიერ ინფორმაციის მიღებისთანავე, გაუქმებული ოპერაციის თანხა წარმოადგენს გადამხდელის საკუთარ თანხას.
დასაშვებია საინკასო დავალების ნაწილობრივ შესრულება.
თუ საინკასო დავალების ვალუტის ანგარიშზე (ანგარიშებზე) არ არის თანხა ან არის არასაკმარისი თანხა დავალების შესასრულებლად, მაშინ გადამხდელის ბანკი ვალდებულია შეუსრულებელი თანხის ოდენობით განახორციელოს გადამხდელის სხვა ვალუტის ანგარიშზე (ანგარიშებზე) არსებული თანხის კონვერტაცია საინკასო დავალების ვალუტაში და შეასრულოს საინკასო დავალება. კონვერტაცია ხდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხოლო საინკასო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული საკომისიო (გადარიცხვის საკომისიო, კონვერტაციის საკომისიო) განისაზღვრება ბანკის მიერ დადგენილი ტარიფებით.
თუ გადამხდელს ანგარიშზე (ანგარიშებზე) (მათ შორის, საინკასო დავალების ვალუტისგან განსხვავებული ვალუტის ანგარიშებზე) არ გააჩნია საკმარისი ფულადი სახსრები საინკასო დავალების შესასრულებლად, დავალება აღირიცხება „შეუსრულებელი ან ნაწილობრივ შესრულებული საინკასო დავალებების რეესტრში“. რეესტრის წარმოება დასაშვებია როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით.
რეესტრში აღრიცხული საინკასო დავალებების შესრულება ბანკის მიერ უნდა განხორციელდეს გადამხდელის ანგარიშზე (ანგარიშებზე) ფულადი სახსრების ჩარიცხვიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. შესაბამისი ცვლილებების ასახვა უნდა განხორციელდეს რეესტრში.
საინკასო დავალების მიღების ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით საინკასო დავალების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ბანკი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. ბანკი არ არის პასუხისმგებელი საინკასო დავალების წარდგენის საფუძვლიანობასა და სამართლიანობაზე, ასევე მასში ასახული რეკვიზიტების სისწორეზ