ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა – მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისაკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობა;
ბ) ეპიდზედამხედველობა – მოსახლეობის, ცხოველების ჯანმრთელობის, საკვების და/ან წყლის უვნებლობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების მუდმივმოქმედი სისტემა;
გ) ინფექციური დაავადებების ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული სისტემა − ქვეყანაში ეპიდზედამხედველობის ღონისძიებების ერთობლიობა, რომელსაც უზრუნველყოფს სახელმწიფო და რომელიც ხორციელდება შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო ორგანოებისა და პერსონალის მიერ, დადგენილი წესის შესაბამისად;
დ) პათოგენი ან ინფექციური აგენტი – მიკროორგანიზმი (ბაქტერია, ვირუსი, პროტოზოა, სოკო) ან პრიონი, რომელიც იწვევს დაავადებას მასპინძლის ორგანიზმში;
ე) ბიოლოგიური აგენტი − პათოგენი ან ბიოლოგიური წარმოშობის ტოქსინი, რომელიც იწვევს დაავადებას მასპინძლის ორგანიზმში და შეიძლება მიზანმიმართულად იქნეს გამოყენებული, როგორც ბიოლოგიური იარაღი;
ვ) ინფექცია − მასპინძლის ორგანიზმის ცოცხალი ქსოვილის ინვაზია დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებით და მასპინძელი ორგანიზმის პასუხი ამ მიკროორგანიზმებისა და მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინების მიმართ;
ზ) განსაკუთრებით საშიში პათოგენი – იმ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევი, მაღალი გადამდებლობის მქონე ბიოლოგიური აგენტები და ტოქსინები, რომლებსაც შეუძლიათ, მძიმე ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას და განსაზღვრულია „განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 27 მაისის №01-18/ნ ბრძანებით;
თ) განსაკუთრებით საშიში ინფექციები − მაღალი პათოგენობის მქონე ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკს უქმნიან ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას;
ი) საფრთხე − გარკვეულ პირობებში ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობის და/ან სიცოცხლისათვის ზიანის შემცველი ნებისმიერი წყარო და მოქმედება;
კ) რისკი − ზიანის განხორციელებისა და მისი სიმძიმის ალბათობათა კომბინაცია;
ლ) ეპიდემია – პოპულაციის ცალკეულ ჯგუფში დაავადების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელ (ფონურ) დონესთან შედარებით;
მ) ეპიდაფეთქება – განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოსახლეობის ან ცხოველების შეზღუდულ რაოდენობაში გადამდები დაავადების ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა ხანმოკლე პერიოდში;
ნ) ეპიდემიური კერა – ინფექციის წყაროს ადგილი და მისი მომიჯნავე ტერიტორია, რომელთა ფარგლებშიც მოცემულ პირობებში შესაძლებელია დაავადების გამომწვევით ჯანმრთელი ადამიანების, ცხოველების ინფიცირება;
ო) პანდემია – გადამდები დაავადების უჩვეულოდ ფართო (რამდენიმე ქვეყნის, კონტინენტის ან მსოფლიოს მასშტაბით) გავრცელება, რომელიც მოიცავს მოსახლეობის ან ცხოველების მნიშვნელოვან ნაწილს;
პ) ზოონოზური დაავადება – ნებისმიერი ინფექციური დაავადება, რომელიც შეიძლება გადაეცეს ხერხემლიანი ცხოველიდან ადამიანს და პირიქით;
ჟ) ეპიზოოტია − გადამდები დაავადებით ერთდროულად მრავალი ცხოველის დასენიანების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელ (ფონურ) დონესთან შედარებით;
რ) ეპიზოოტიური მდგომარეობა − განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დროის გარკვეულ მონაკვეთში ცხოველთა გადამდები დაავადებების წარმოშობისა და გავრცელების შესახებ მონაცემების ერთობლიობა;
ს) ცხოველი − ნებისმიერი ხერხემლიანი თუ უხერხემლო ცხოველი (ყველა სახეობის ცხოველი), ფრინველი, თევზი, ფუტკარი, წყალხმელეთა ძუძუმწოვარი, ამფიბია, კიბოსნაირი, მოლუსკი, საინკუბაციო კვერცხი, განაყოფიერებული ქვირითი;
ტ) ბიოუსაფრთხოება – ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებისაგან პერსონალის, მოსახლეობის, ცხოველებისა და გარემოს დაცვისკენ მიმართული ორგანიზაციული, სამედიცინო-ბიოლოგიური და საინჟინრო-ტექნოლოგიური ღონისძიებებისა და საშუალებების სისტემა;
უ) დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა (დზეის) − ქვეყანაში მოქმედი ეპიდზედამხედველობის ელექტრონული სისტემა;
ფ) სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (დკსჯეც) − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და მისი ტერიტორიული ერთეულები;
ქ) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ეროვნული კოორდინატორი – სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
ღ) ლუგარის ცენტრი − სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (დკსჯეც-ის) სტრუქტურული ერთეული − ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი;
ყ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი (სჯც) − მუნიციპალიტეტებთან არსებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრები;
შ) სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები;
ჩ) რეგიონალური სამმართველო − სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო;
ც) სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია − სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია და მისი ტერიტორიული ორგანოები;
ძ) შემოსავლების სამსახური − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური;
წ) დკსჯეც რეგიონული დიაგნოსტიკური ლაბორატორია − სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული ერთეული;
ჭ) ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია − სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ზონალური დიაგნოსტიკური ტერიტორიული ერთეულები;
ხ) საველე სადგური − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ტერიტორიული ორგანოები/რეგიონში განლაგებული ლაბორატორიები;
ჯ) ნიმუში − მასალა ლაბორატორიული კვლევისთვის;
ჰ) ლაბორატორია − დაწესებულება და/ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც კონტროლირებად პირობებში, ბიოლოგიურ მასალაზე შეიძლება განხორციელდეს სამეცნიერო კვლევა, ექსპერიმენტული, დიაგნოსტიკური, სასწავლო და/ან საწარმოო სამუშაოები;
ჰ1) კონტეინმენტი (შეკავება) – განსაზღვრულ ლაბორატორიულ ან დაწესებულების ერთეულში, უსაფრთხო მეთოდებით კონტროლირებადი გარემოს შექმნა, სადაც ლაბორატორიის თანამშრომლის, პაციენტის ან სხვა პერსონალის და გარემოს ინფექციურ აგენტთან ექსპოზიციის რისკი მინიმუმამდეა შემცირებული, ან საერთოდ აღმოფხვრილი. კონტეინმენტის ელემენტებია: ლაბორატორიული ჩვევა/პრაქტიკა და ტექნიკა, უსაფრთხო აღჭურვილობა და შენობის დიზაინი;
ჰ2) ბიოუსაფრთხოების პირველი დონის ლაბორატორია − განსაზღვრულია სამუშაოდ ისეთ პათოგენებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ან წარმოადგენენ მინიმალურ პოტენციურ რისკს ლაბორატორიის პერსონალისთვის ან გარემოსთვის და, ჩვეულებრივ, არ იწვევენ დაავადებას მოზრდილ, ჯანმრთელ ადამიანში. ბიოუსაფრთხოების პირველი დონის ლაბორატორია წარმოადგენს კონტეინმენტის საბაზისო დონეს, რომელიც ეყრდნობა კარგ მიკრობიოლოგიურ ჩვევას/პრაქტიკას;
ჰ3) ბიოუსაფრთხოების მეორე დონის ლაბორატორია − განსაზღვრულია კლინიკური, დიაგნოსტიკური, სასწავლო სამუშაოებისათვის ისეთ პათოგენებზე, რომლებიც წარმოადგენენ საშუალო პოტენციურ რისკს ლაბორატორიის პერსონალისთვის ან გარემოსთვის. აღნიშნულ აგენტებთან მუშაობისას ძირითად საფრთხეს წარმოადგენს კანის, ლორწოვანის ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შემთხვევითი ექსპოზიცია. მეორე დონის ლაბორატორია მსგავსია პირველი დონის ლაბორატორიის და დამატებით მოითხოვს პერსონალის სპეციალურ სწავლებას, ლაბორატორიაში დაშვების შეზღუდვებს, საინჟინრო დამცავი საშუალებებისა და პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენებას საჭიროებისამებრ;
ჰ4) ბიოუსაფრთხოების მესამე დონის ლაბორატორია − განსაზღვრულია კლინიკური, დიაგნოსტიკური, სასწავლო, კვლევითი ან საწარმოო სამუშაოებისათვის ადგილობრივ ან შემოტანილ პათოგენებზე, რომელთაც რესპირატორული გზით შეუძლიათ გამოიწვიონ მძიმე ან პოტენციურად ლეტალური დაავადება. ლაბორატორიის პერსონალმა უნდა გაიაროს სპეციალური სწავლება. სტანდარტული ლაბორატორიული ჩვევები/პრაქტიკა და ტექნიკა, უსაფრთხოების აღჭურვილობა და შენობის დიზაინი შეესაბამება კონტეინმენტის მაღალ დონეს;
ჰ5) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი – სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატი ან/და შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლება;
ჰ6) ვეტერინარული მომსახურების მიმწოდებელი – ვეტერინარული მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლება.
ჰ7) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი − სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე ორგანოები და პირები, მათი ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლო