1. მზადყოფნის ღონისძიებებს უზრუნველყოფენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები, შესაბამის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტების ორგანოები და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ორგანიზაციები.
2. მზადყოფნის ღონისძიებები გულისხმობს მომზადების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფას და ამ პროცესის კომპლექსურ კონტროლს მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის წინასწარ განსაზღვრისა და მასზე დაუყოვნებლივ რეაგირებისათვის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით.
3. მზადყოფნის ღონისძიებებია:
ა) საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობისთვის შეტყობინების (ადრეული შეტყობინების) უზრუნველყოფის ღონისძიებების ორგანიზება;
ბ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების, შესაბამის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტების ორგანოების და ორგანიზაციების საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოების ხელმძღვანელებისა და სპეციალისტების სწავლება;
გ) სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიშები: სამაგიდო ანუ სამეთაურო-საშტაბო ვარჯიში, კომპლექსური ვარჯიში და ტაქტიკურ-სპეციალური ვარჯიში;
დ) მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისათვის სწავლებები და მოსახლეობის ინფორმირება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში;
ე) პროფესიონალი მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების გადამზადება და აღჭურვა;
ვ) სამოქალაქო უსაფრთხოების რეზერვისტების მომზადება;
ზ) საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით მატერიალური რეზერვების მარაგის შექმნა.
4. თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში რეაგირების ძალებისა და მოსახლეობის მომზადებას უზრუნველყოფენ, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები, შესაბამის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციების და მუნიციპალიტეტების ორგანოები, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, დადგენილი წესით შემუშავებული და შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან შეთანხმებული პროგრამებით.
5. საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციებში ქცევისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლებას უზრუნველყოფენ აღნიშნული დაწესებულებები დადგენილი წესით შემუშავებული და შსს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან შეთანხმებული პროგრამებით.
6. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის ინფორმირება ხდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, გამოცემებით, სპეციალური ლიტერატურით, სარეკლამო პროდუქციით, თემატური გამოფენების, ჩვენებებისა და კონფერენციების მოწყობითა და მოსახლეობის ინფორმირების სხვა ფორმებით.
7. სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიშების თემები უნდა ითვალისწინებდეს როგორც მშვიდობიან დროს, ისევე საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პერიოდში მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციებს. შესაბამისად, თემატიკა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) პერსონალისა და მოსახლეობის თავშესაფრებში განთავსება;
ბ) პერსონალისა და მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზება;
გ) სახანძრო, საინჟინრო, ქიმიური, რადიაციული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური დაცვისათვის გამიზნული ღონისძიებების ორგანიზება;
დ) სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტის უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ე) პერსონალისა და მოსახლეობის საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისა და უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.
8. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობისათვის მიწოდებული ინფორმაცია მოიცავს:
ა) პროგნოზირებადი და წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ მონაცემებს და მისი გავრცელების საზღვრებს;
ბ) საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციის საქმიანობის სფეროს შესახებ მონაცემებს, ავარიის დროს − რისკის ხასიათის, ადამიანსა და გარემოზე ავარიის ზემოქმედების შესაძლებლობის შესახებ მონაცემებს;
გ) საგანგებო სიტუაციის შედეგებს;
დ) საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესებს;
ე) მოსახლეობის დასაცავად განხორციელებულ ღონისძიებებს და მიღებულ ზომებ