1. ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის ლაბორატორიის დიზაინის თავისებურებების გარდა, ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორიის დიზაინი დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ლაბორატორია განცალკევდეს შენობის იმ სივრცისაგან, სადაც პერსონალის მოძრაობა შეუზღუდავია. უკეთ იზოლირებისთვის ლაბორატორია შეიძლება განთავსდეს დერეფნის ბოლოში, ან აიგოს ტიხარი და კარები, ან მოეწყოს შუალედური სივრცე (ვესტიბიული) ლაბორატორიასა და დერეფანს შორის, რომლის საშუალებითაც შენარჩუნდება წნევის სხვაობები ლაბორატორიასა და მის გარშემო არსებულ სივრცეს შორის. შუალედურ სივრცეში ასევე საჭირო იქნება სუფთა და ბინძური ტანსაცმლის შესანახი ადგილებისა და საშხაპის მოწყობა;
ბ) ვესტიბიულის კარს ჰქონდეს ავტომატური დახურვისა და ურთიერთჩამკეტი მოწყობილობა, რათა ერთდროულად, მხოლოდ ერთი კარის გაღების საშუალება იყოს. ასევე შეიძლება დამონტაჟდეს კარის ავარიული გასაღები პანელი;
გ) კედლის, იატაკისა და ჭერის ზედაპირები იყოს წყალგაუმტარი და ადვილად გასაწმენდი. ამ ზედაპირებზე არსებული ხვრელები (მაგ., მილგაყვანილობის) უნდა იყოს ჰერმეტულად შევსებული ოთახ(ებ)ის დეკონტამინაციის გასაადვილებლად;
დ) შესაძლებელი იყოს ლაბორატორიის ოთახის ჰერმეტულად დალუქვა დეკონტამინაციისთვის. საჰაერო არხების სისტემა მოეწყოს ისე, რომ შესაძლებელი იყოს ოთახის გაზით დეკონტამინაცია;
ე) ფანჯრები უნდა იყოს დახურული ჰერმეტულად და დამზადებული არამსხვრევადი მასალისგან;
ვ) გასასვლელ ყველა კართან დაიდგას ხელსაბანები, რომელთა ამოქმედება შესაძლებელია ხელის დაუხმარებლად;
ზ) არსებობდეს კონტროლირებადი სავენტილაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მიმართულებიანი ჰაერის ნაკადის შედინებას ლაბორატორიის ოთახში. დამონტაჟდეს ვიზუალური მონიტორინგის სისტემა სიგნალიზაციით ან მის გარეშე, რათა პერსონალს შეეძლოს ჰაერის ნაკადის კონტროლი ლაბორატორიის ოთახში;
თ) შენობაში ვენტილაციის სისტემა მოეწყოს ისე, რომ ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის დაცული ლაბორატორიიდან გამოსული ჰაერი არ ცირკულირებდეს შენობის სხვა ზონებში (უარყოფითი წნევის პრინციპი). შენობაში ჰაერის რეკონდიცირება და რეცირკულაცია შეიძლება ხდებოდეს მაღალეფექტიანი ჰაერის ნაწილაკებისგან გამწმენდი სისტემის (HEPA) გავლით. ლაბორატორიიდან გამომავალი ჰაერი (გარდა ბიოუსაფრთხოების კაბინიდან გამომავალი ჰაერისა) ადიოდეს შენობის გარეთ და იფანტებოდეს შენობების და ჰაერის მიწოდების მილების საპირისპირო მხარეს. იმის გათვალისწინებით, თუ რომელი აგენტი გამოიყენება მუშაობის დროს, შენობიდან გამომავალ ჰაერს შესაძლოა დასჭირდეს HEPA ფილტრაცია. გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების კონტროლის სისტემა (HVAC) შეიძლება დამონტაჟდეს ლაბორატორიაში მუდმივი დადებითი წნევის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. ამ სისტემის მონტაჟის დროს გათვალისწინებულ იქნეს ხმოვანი ან ვიზუალური სიგნალიზაცია, რომელიც გააფრთხილებს პერსონალს HVAC სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ;
ი) ყველა HEPA ფილტრი დამონტაჟდეს ისე, რომ ოთახის გაზით დეკონტამინაციის და ტესტირების საშუალებას იძლეოდეს;
კ) ბიოუსაფრთხოების კაბინა დაშორებული იყოს გასასვლელებისგან, კარიდან და ვენტილაციის სისტემიდან შემომავალი ჰაერის ნაკადებისგან;
ლ) I ან II კლასის ბიოუსაფრთხოების კაბინებიდან გამომავალი ჰაერი, რომელიც HEPA ფილტრის გავლით გამოდის, არ მოქმედებდეს კაბინის ჰაერის ბალანსზე და შეხებაში არ იყოს შენობიდან გამომავალ ჰაერთან;
მ) ლაბორატორიაში არსებობდეს ორმაგკარიანი ავტოკლავი, რომელიც საჭიროა დაბინძურებული მასალის დეკონტამინაციისთვის. დეკონტამინაციისა და განადგურების მიზნით, ნარჩენების ლაბორატორიიდან გამოტანა უნდა ხდებოდეს მყარი მასალისგან დამზადებული გაჟონვისადმი მდგრადი კონტეინერებით, ეროვნული და საერთაშორისო წესების შესაბამისად;
ნ) წყალმომარაგების სისტემას ჰქონდეს უკუდენისგან დამცავი სარქველები. ვაკუუმის მილები დაცული იყოს თხევადი დეზინფექტანტების, სეპარატორების, HEPA ფილტრების ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით. ალტერნატიული ვაკუუმის ტუმბოები ასევე სათანადოდ იყოს დაცული სეპარატორებისა და ფილტრების საშუალებით;
ო) ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორიის დაწესებულების დიზაინი და მუშაობის პროცედურები იყოს დოკუმენტირებულ