1. სუფთა ჰაერზე გასეირნება ხორციელდება მხოლოდ იმ პირთათვის, რომელთაც სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის ზომად განუსაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა ერთ დღე-ღამეზე მეტი ვადით. გასეირნება არ გამოიყენება იმ ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირის მიმართ, რომლისთვისაც სამედიცინო მუშაკის დასკვნის შესაბამისად გასეირნება არ არის რეკომენდებული.

2. გასასეირნებლად გაყვანა ხორციელდება 10.00 საათიდან 18.00 საათამდე პერიოდში, იზოლატორის უფროსის მიერ შედგენილი გრაფიკით. გასეირნების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 1 საათით.

3. შესაძლებელია, გასასეირნებლად ერთდროულად გაყვანილ იქნეს არაუმეტეს 3 მოთავსებული პირი, რომლებიც ერთი და იმავე სამართალდარღვევის ჩადენისთვის არ იხდიან ადმინისტრაციულ პატიმრობას.

4. იზოლატორის ტერიტორიაზე მოთავსებული პირის გასასეირნებლად გამოიყენება სპეციალური ეზოები. ვიზუალურ კონტროლს მოთავსებული პირის გასეირნების პროცესზე ახორციელებს იზოლატორის უფროსის მიერ განსაზღვრული იზოლატორის მოსამსახურე.

5. მოთავსებული პირის გასეირნების უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფის კონტროლს ახორციელებს იზოლატორის უფროსი. არასასურველი მეტეოროლოგიური პირობების, მოთავსებული პირის მიერ შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული შემთხვევების დროს, იზოლატორის უფროსის გადაწყვეტილებით მოთავსებულ პირს შესაძლებელია შეეზღუდოს გასეირნების უფლებით სარგებლობა. აღნიშნულის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც მიეთითება შეზღუდვის დაწესების მიზეზები. ამ მიზეზის აღმოფხვრის შემთხვევაში მოთავსებული პირი გაყვანილი უნდა იქნეს სასეირნოდ.

6. იზოლატორში, რომელშიც არ არის მოწყობილი სპეციალური გასასეირნებელი ეზო, გასეირნება ხორციელდება, როგორც წესი, ბადრაგის ან სამინისტროს სხვა მოსამსახურის თანხლების გარეშე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს იმ რაიონული ან საქალაქო დანაყოფის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელშიც განთავსებულია აღნიშნული იზოლატორი. აღნიშნულ ტერიტორიაზე გასეირნებისას მოთავსებულ პირზე ხორციელდება ვიზუალური მეთვალყურეობა. გასეირნებამდე იზოლატორის უფროსი წერილობით აფრთხილებს მოთავსებულ პირს, რომ მას გაქცევის შემთხვევაში დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეს ზემოაღნიშნული ინციდენტების შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

7. მოთავსებულ პირს გასეირნების დროს ეკრძალება სხვა პირთან საუბარი, არაეთიკური ქცევა, რაიმე საგნის და ნივთის მიღება ან გაცემა. აღნიშნული ფაქტის გამოვლენისას მოთავსებულ პირს, მისი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე შეეზღუდება გასეირნების უფლებ