1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია ამ პროგრამის №2 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ამასთან ამ ქვეპროგრამის მოსარგებლე არ შეიძლება იყოს სამიზნე ჯგუფით განსაზღვრული R62.0-ის დიაგნოზის მქონე ბავშვი, რომელიც ჩართულია დანართი 1.3-ით გათვალისწინებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არაუმეტეს 5040 ვიზიტი, მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
ბ) კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში – დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).
3. ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურებაში მოსათავსებელი მაძიებლების რეესტრი (ამ ქვეპროგრამაში შემდგომში – მაძიებლების რეესტრი) არის ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურებაში მოთავსების მსურველ პირთა ერთიანი ცენტრალიზებული საინფორმაციო ბაზა, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. სოციალური მუშაკი ახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას/დედანთან შესაბამისობის შემოწმებას და მომსახურებაში ჩართვის მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნას ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში. ამასთან, თუ გამოვლინდა ბავშვის მიტოვების რისკი ან ძალადობის რაიმე ფორმის ნიშნები, სოციალური მუშაკი ახდენს შესაბამის რეაგირებას და განსახილველად გადასცემს სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამის რეგიონულ საბჭოს (შემდგომში – რეგიონული საბჭო).
5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეთა შერჩევასა და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
6. სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ბავშვები, რომელთა მომსახურებაში ჩართვის თაობაზე განცხადებები სააგენტოში შემოსულია 2015 წლამდე;
ბ) ბავშვები, რომელთა მომსახურებაში ჩართვის თაობაზე განცხადებები სააგენტოში შემოსულია 2016 წლამდე და რომელთა ასაკი არ აღემატება ოთხ წელს გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის;
გ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;
დ) მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ადრეული განვითარების მომსახურების მიწოდება;
ე) ბავშვები, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობდნენ წინა 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);
ვ) ბავშვები, რომელთა ასაკი განცხადების შეტანის დღისთვის არ აღემატება 3 წელს;
ზ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახებს სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალი აქვთ განცხადების წარდგენის დღისთვის;
თ) განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით.
ი) მე-6 პუნქტის ქვეპუნქტებში არსებული ერთიდაიმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭოს იმავე პუნქტში ჩამოთვლილ მომდევნო ქვეპუნქტს.
7. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიმართვისა და სათანადო დასკვნის წარდგენის საფუძველზე სააგენტო ასევე იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარისთვის მომსახურეობის გაგრძელების, შეწყვეტის ან ბავშვის სხვა მომსახურებაში გადამისამართების თაობაზ