1. ოთახი, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია, სადაც ინახება ან/და მუშავდება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია, დაცული უნდა იქნეს დაცვის შესაბამისი აქტიური და პასიური ზომებით, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
ა) ინფორმაციის კლასიფიკაციის დონე;
ბ) ინფორმაციის რაოდენობა, ფორმა (დოკუმენტი, ნაკეთობა, ელექტრონული მონაცემთა მატარებელი და სხვა) და შენახვის მეთოდი;
გ) ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება (Personnel Security Clearance (PSC)) და ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპი (Need-to-Know);
დ) ტერორისტული, დივერსიული ან სხვა დანაშაულებრივი საქმიანობის საფრთხე.
2. ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებები შემუშავებული უნდა იქნეს, რათა მოხდეს:
ა) არაუფლებამოსილი შეღწევის აღკვეთა;
ბ) არაუფლებამოსილი შეღწევის გამოვლენა და მასზე დაუყოვნებლივ რეაგირება;
გ) ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან პერსონალის ინდივიდუალური დაშვება, ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპის დაცვით;
დ) არაკეთილსინდისიერ თანამშრომელთა მოქმედების გამოვლენა, დაბრკოლება და შეკავება.
3. ფიზიკური უსაფრთხოება უნდა ეფუძნებოდეს პრინციპს – „დაცვა სიღრმეში“ (Defence in Depth), რაც გულისხმობს ობიექტის გარე პერიმეტრის, შიდა პერიმეტრის, უსაფრთხოების ზონის, დაცული ოთახის, სეიფის, უსაფრთხოების კონტეინერის ან ინფორმაციის ღია შენახვის ადგილის უსაფრთხოების სისტემურ უზრუნველყოფას.
4. ფიზიკური უსაფრთხოების სისტემის ოპტიმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭიროა მისი ცალკეული უსაფრთხოების ზომებისა და მთლიანი უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობის რეგულარული შეფასება, დაცვის სამსახურის მიერ შემუშავებულ ინციდენტებზე რეაგირების სამოქმედო გეგმების პერიოდული გამოცდის გზით. ასეთი შეფასება უნდა ჩატარდეს დასაცავ ტერიტორიაზე ან უსაფრთხოების სისტემის შემადგენელ ნაწილებში ცვლილებების განხორციელების შემთხვევებში.
5. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო, ფიზიკური უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით, გასცემს რეკომენდაციებს, ასევე მიუთითებს ფიზიკური უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით აუცილებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
6. დაწესებულებაში/ორგანოში არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს ევაკუაციის, დაცვის ან განადგურების გეგმა შედგენილი უნდა იყოს ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული რეკომენდაციებისა და აუცილებლად გასატარებელი ღონისძიებების გათვალისწინებით