2. გამჭვირვალობის ჩარჩო უზრუნველყოფს მოქნილობას ამ მუხლის განსახორციელებლად იმ განვითარებადი მხარე ქვეყნებისთვის, რომლებსაც ეს ესაჭიროებათ მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამ მუხლის მე-13 პარაგრაფით განსაზღვრული ფორმები, პროცედურები და სახელმძღვანელო პრინციპები უზრუნველყოფს ასეთ მოქნილობას.
3. გამჭვირვალობის ჩარჩო დაეფუძნება და გააძლიერებს კონვენციით განსაზღვრულ გამჭვირვალობის ღონისძიებებს, აღიარებს ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების განსაკუთრებულ გარემოებებს და განხორციელდება ხელშემყობი, არა თავსმოხვეული, არა სადამსჯელო სახით, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემით და თავიდან იქნება აცილებული მხარეებისთვის არაჯეროვანი ტვირთის დაკისრება.
4. კონვენციის მიხედვით განსაზღვრული გამჭვირვალობის ღონისძიებები, მათ შორის, ეროვნული შეტყობინებები, ორწლიური ანგარიშები და ორწლიური განახლებადი ანგარიშები, საერთაშორისო შეფასება და მიმოხილვა და საერთშორისო კონსულტაცია და ანალიზი შეადგენს იმ გამოცდილების ნაწილს, რომლის საფუძველზედაც უნდა შემუშავდეს ამ მუხლის მე-13 პარაგრაფით განსაზღვრული ფორმები, პროცედურები და სახელმძღვანელო პრინციპები.
5. მოქმედებისთვის გამჭვირვალობის ჩარჩოს მიზანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მოქმედებების ნათლად გაგების უზრუნველყოფა, კონვენციის მიზნის გათვალისწინებით, როგორც განსაზღვრულია მისი მე-2 მუხლით, მათ შორის, ამ შეთანხმების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული ინდივიდუალური წვლილის სიცხადის უზრუნველყოფა და მათი შესრულების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესის დაკვირვება, ასევე მე-7 მუხლით განსაზღვრული ადაპტაციის მოქმედებების, მათ შორის, საუკეთესო პრაქტიკის, პრიორიტეტების, საჭიროებების და ნაკლოვანებების სიცხადის უზრუნველყოფა, მე-14 მუხლით განსაზღვრული გლობალური შედეგების შეფასების პროცესის ინფორმირებისთვის.
6. მხარდაჭერისთვის გამჭვირვალობის ჩარჩოს მიზანია იმ მხარდაჭერის სიცხადის უზრუნველყოფა, რომელიც გაწეულია ან მიღებულია შესაბამისი ინდივიდუალური მხარეების მიერ მე-4, მე-7, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მოქმედებების კონტექსტში, შესაძლებლობის ფარგლებში, გაწეული ერთობლივი ფინანსური დახმარების სრული მიმოხილვის უზრუნველსაყოფად, მე-14 მუხლით განსაზღვრული გლობალური შედეგების შეფასების პროცესის უზრუნველყოფისთვის.
7. თითოეული მხარე რეგულარულად უზრუნველყოფს შემდეგ ინფორმაციას:
(a) ანთროპოგენური წყაროებიდან ემისიის და მშთანმთქმელებით ჩაჭერის შესახებ ეროვნული ინვენტარიზაციის ანგარიშს, რომელიც მომზადდება საუკეთესო პრაქტიკის მეთოდოლოგიების შესაბამისად, რომლებიც მიღებულია კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათაშორისო ჯგუფის მიერ და შეთანხმებულია მხარეთა კონფერენციასთან, მოქმედთან როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა; და
(b) ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მე-4 მუხლით გათვალისწინებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განხორციელების და შესაბამისი მიზნების მიღწევის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესის დასადგენად.
8. თითოეული მხარე ასევე უზრუნველყოფს ინფორმაციას, საჭიროების მიხედვით, კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან და მე-7 მუხლით განსაზღვრულ ადაპტაციასთან დაკავშირებით.
9. განვითარებული ქვეყანა მხარეები უზრუნველყოფენ ინფორმაციას გავითარებადი ქვეყანა მხარეებისთვის მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების მიხედვით ფინანსების, ტექნოლოგიების გადაცემის და შესაძლებლობების შექმნის თვალსაზრისით გაწეული დახმარების შესახებ. სასურველია, რომ სხვა მხარეებმაც, რომლებიც გამოყოფენ დახმარებას, წარადგინონ ასეთი ინფორმაცია.
10. განვითარებადმა ქვეყანა მხარეებმა, სასურველია წარადგინონ ინფორმაცია ფინანსების, ტექნოლოგიების გადაცემის და შესაძლებლობების შექმნის სფეროებში საჭირო და მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად მიღებული დახმარების შესახებ.
11. თითოეული მხარის მიერ ამ მუხლის მე-7 და მე-9 პარაგრაფების მიხედვით წარდგენილი ინფორმაცია ექვემდებარება ტექნიკური ექსპერტების მიერ განხილვას, 1/CP.21 გადაწყვეტილების შესაბამისად. იმ განვითარებადი ქვეყანა მხარეებისთვის, რომელთათვისაც ეს პროცესი უნდა წარიმართოს მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით, განხილვის პროცესში უზრუნველყოფილი იქნება დახმარება შესაძლებლობების შექმნის საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის. გარდა ამისა, თითოეული მხარე მონაწილეობას მიიღებს მე-9 მუხლის შესაბამისად განხორციელებული ძალისხმევის და მისი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განხორციელებისას მიღწეული პროგრესის მრავალმხრივ განხილვაში, რომელსაც ექნება ხელშეწყობის ხასიათი.
12. ამ პარაგრაფის შესაბამისად ტექნიკური ექსპერტების მიერ განხილვა მოიცავს მხარის მიერ დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაციას, სადაც ეს მიზანშეწონილია და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განხორციელების და მიღწევების განხილვას. განხილვისას ასევე იდენტიფიცირებული იქნება ის სფეროები, სადაც მხარეს ესაჭიროება გაუმჯობესება და მოიცავს ინფორმაციის ამ მუხლის მე-13 პარაგრაფით განსაზღვრულ ფორმებთან, პროცედურებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან შესაბამისობის განხილვას, იმ მოქნილობის გათვალისწინებით, რომელიც გარანტირებულია ამ მუხლის მე-2 პარაგრაფით. განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა განვითარებადი ქვეყანა მხარეების შესაბამის ეროვნულ შესაძლებლობებს და გარემოებებს.
13. მხარეთა კონფერენცია, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, თავის პირველ სესიაზე, კონვენციის ფარგლებში გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ამ მუხლით განსაზღვრული დებულებების დაზუსტების მიზნით, მიიღებს საერთო ფორმებს, პროცედურებს და სახელმძღვანელო პრინციპებს, საჭიროების მიხედვით, მოქმედებების და მხარდაჭერის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
14. ამ მუხლის განსახორციელებლად განვითარებად მხარეებს გაეწევათ დახმარება.
15. განვითარებად ქვეყანა მხარეებს ასევე მუდმივად გაეწევათ დახმარება გამჭვირვალობასთან დაკავშირებული შესაძლებლობების შექმნისთვი