1. მოსამსახურის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით.
2. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებაზე უფლებამოსილი თანამდებობები (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისათვის მითითებული ზომების შეფარდებაზე უფლებამოსილი თანამდებობებისა) განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
3. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის მოსამსახურისათვის (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისება:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) მადლობის სიგელით დაჯილდოება;
გ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
დ) ადრე დადებული დისციპლინური სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წახალისების ღონისძიებები.
4. დისციპლინური გადაცდომის გამო მოსამსახურეს (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) შეიძლება დაედოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ე) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
ვ) ხელფასის არაუმეტეს 30%-ის დაქვითვა 6 თვემდე ვადით;
ზ) სამსახურიდან გათავისუფლება.
5. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნა;
გ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;
დ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.
6. მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ხდება შემდეგი წესით:
ა) წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ცხადდება ბრძანებით, მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება;
ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მოსამსახურეს შეეფარდება სამსახურებრივი შემოწმების დამთავრებიდან ან დისციპლინური გადაცდომის აღმოჩენიდან არაუგვიანეს ორი თვისა. თუ ეს ვადა არ იქნა დაცული, მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ შეეფარდება;
გ) დისციპლინური გადაცდომის ყოველი შემთხვევის გამო შეიძლება მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება. თუ ერთი დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოიკვეთა მოსამსახურის მიერ რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, ასეთ შემთხვევაში მას შეიძლება შეეფარდოს ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ჩადენილი გადაცდომების რაოდენობის ან/და სიმძიმის გათვალისწინებით;
დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ითვლება მოხსნილად, თუ მისი დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მოსამსახურეს არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ვადაზე ადრე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა ხდება წახალისების სახით, უფლებამოსილი პირის მიერ;
ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ე.ა) მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლით. ამ პერიოდში ჩერდება ამ პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2-თვიანი ვადის დენა;
ე.ბ) იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი გადაცდომის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას და საფინანსო/სამეურნეო რევიზიის (შემოწმების) დროს აღმოჩენილი დარღვევების ჩადენიდან გასულია ორი წელი.
8. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ძალაში შედის დაუყოვნებლივ.
9. ამ მუხლით გათვალისწინებულის გარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა) შესაძლებელია მოიხსნას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
10. სამხედრო მოსამსახურეთა წახალისების/დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება შესაბამისი სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდები