1. ამ ნაწილში მოცემული პირობების შესაბამისად, იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობები უნდა ანაზღაურდეს ან მოხდეს მათგან გათავისუფლება ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი საფუძვლით:
(a) იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ზედმეტად გადახდილი ოდენობები;
(b) წუნდებული საქონელი ან ის საქონელი, რომელიც არ შეესაბამება კონტრაქტის პირობებს;
(c) შესაბამისი ორგანოების მიერ დაშვებული შეცდომა;
(d) კეთილსინდისიერების პრინციპი.
იმ შემთხვევაში, თუ იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა გადახდილია და შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ძალადაკარგულია 174-ე მუხლის შესაბამისად, ეს ოდენობა უნდა ანაზღაურდეს.
2. საბაჟო ორგანოებმა უნდა აანაზღაურონ ან გაათავისუფლონ გადახდისგან 1-ლ პუნქტში მითითებული იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა იმ შემთხვევაში, როცა ის შეადგენს 10 ევროს ან მეტს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შესაბამისი პირი ითხოვს უფრო დაბალი ოდენობის ანაზღაურებას ან მისგან გათავისუფლებას.
3. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ორგანოები მიიჩნევენ, რომ ანაზღაურების ან გათავისუფლების უფლებამოსილება გაცემულ უნდა იქნეს 119-ე ან 120-ე მუხლის საფუძველზე, შესაბამისმა წევრმა სახელმწიფომ კომისიას უნდა გადაუგზავნოს საქმე გადაწყვეტილების მისაღებად შემდეგ შემთხვევებში:
(a) თუ საბაჟო ორგანოები მიიჩნევენ, რომ საგანგებო მდგომარეობა არის კომისიის მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგი;
(b) თუ საბაჟო ორგანოები მიიჩნევენ, რომ კომისიამ დაუშვა შეცდომა 119-ე მუხლის მნიშვნელობით;
(c) თუ საქმის გარემოებები უკავშირდება „საბაჟო და სოფლის მეურნეობის საკითხებზე კანონმდებლობის სწორი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით წევრი სახელმწიფოების ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის ურთიერთდახმარებისა და წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას შორის თანამშრომლობის შესახებ“ საბჭოს 1997 წლის 13 მარტის რეგულაციის (EC) No 515/97[5], ან ევროკავშირის სხვა კანონმდებლობით ან ევროკავშირის მიერ იმ ქვეყნებთან ან ქვეყნების ჯგუფებთან, რომლებშიც გათვალისწინებულია ევროკავშირის გამოძიებების ჩატარება, დადებული ნებისმიერი ხელშეკრულების შესაბამისად ჩატარებული ევროკავშირის გამოძიების შედეგებს;
(d) თუ ის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულებაც აქვს შესაბამის პირს იმპორტის ან ექსპორტის ერთ ან ერთზე მეტ პროცედურასთან დაკავშირებით, არის ან აღემატება 500 000 ევროს შეცდომის ან განსაკუთრებული გარემოებების შედეგად.
პირველი აბზაცის მიუხედავად, ფაილების გადაგზავნა არ უნდა მოხდეს რომელიმე შემდეგ სიტუაციაში:
(a) თუ კომისიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება იმ საქმეზე, რომელიც მოიცავს ფაქტებთან და კანონმდებლობასთან შედარებად საკითხებს;
(b) თუ კომისია უკვე განიხილავს იმ საქმეს, რომელიც მოიცავს ფაქტებთან და კანონმდებლობასთან შედარებად საკითხებს.
4. გადაწყვეტილებისთვის კომპეტენციის წესების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო ორგანოები თავად აღმოაჩენენ 121(1)-ე მუხლში მითითებულ პერიოდებში, რომ იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა ექვემდებარება ანაზღაურებას ან გადახდისგან გათავისუფლებას 117-ე, 119-ე ან 120-ე მუხლების შესაბამისად, მათ ეს ოდენობა უნდა აანაზღაურონ ან გაათავისუფლონ გადახდისგან საკუთარი ინიციატივით.
5. ანაზღაურების ან გადახდისგან გათავისუფლების უფლების მიცემა არ უნდა მოხდეს მაშინ, როცა ის სიტუაცია, რომელმაც გამოიწვია საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინება, გამოწვეულია მოვალის მიერ მოტყუებით.
6. ანაზღაურებამ არ უნდა გამოიწვიოს შესაბამისი საბაჟო ორგანოების მიერ პროცენტის გადახდა.
თუმცა, პროცენტი გადახდილ უნდა იქნეს იმ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტილება, რომელიც იძლევა ანაზღაურების უფლებას, არ ხორციელდება გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან სამი თვის განმავლობაში, თუკი ვადის ვერ დაცვა საბაჟო ორგანოების კონტროლს მიღმა დგას.
ამ შემთხვევებში, პროცენტი გადახდილ უნდა იქნეს სამ თვიანი პერიოდის ამოწურვის თარიღიდან ანაზღაურების თარიღამდე. საპროცენტო განაკვეთი უნდა განისაზღვროს 112-ე მუხლის შესაბამისად.
7. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ორგანოებმა შეცდომით გასცეს ანაზღაურების ან გადახდისგან გათავისუფლების უფლება, თავდაპირველი საბაჟო დავალიანება შეიძლება აღდგენილ იქნეს იმდენად, რამდენადაც ის არ არის ვადაგასული 103-ე მუხლის შესაბამისად.
ასეთ შემთხვევებში, ►C2 მე-6 პუნქტის მეორე აბზაცის შესაბამისად გადახდილი ნებისმიერი პროცენტი უნდა ანაზღაურდეს.