არცერთი მხარე არ უნდა ითვალისწინებდეს თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად წარმოების დაწყების უფლებას, მათ შორის, თავიანთ შესაბამის ეროვნულ სასამართლოებში საქმის აღძვრას მეორე მხარის წინააღმდეგ, იმ საფუძვლით, რომ მეორე მხარის მიერ განხორციელებული ქმედებები შეუსაბამოა წინამდებარე შეთანხმებასთან.
დანართი 15-A
საარბიტრაჟო ტრიბუნალის პროცედურული წესები
პირველი წერილობითი წარდგინება
1. მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ უნდა წარადგინოს პირველი წერილობითი წარდგინება საარბიტრაჟო ტრიბუნალის დაკომპლექტებიდან არაუგვიანეს 20 დღისა. მოპასუხე მხარემ უნდა წარადგინოს პირველი წერილობითი წარდგინება, მოთხოვნის წარმდგენი მხარის პირველი წერილობითი წარდგინების ჩაბარების თარიღიდან არაუგვიანეს 30 დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი სხვაგვარად გადაწყვეტს.
2. მხარემ უნდა წარუდგინოს თავისი პირველი წერილობითი წარდგინების ასლი თითოეულ არბიტრს და მეორე მხარეს. დოკუმენტის ასლი ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულ ფორმატში.
საქმის განხილვები
3. საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარემ უნდა დათქვას საქმის განხილვის თარიღი და დრო დავის მხარეებთან და საარბიტრაჟო ტრიბუნალის სხვა წევრებთან კონსულტაციით. საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე წერილობით შეატყობინებს დავის მხარეებს საქმის განხილვის თარიღს, დროსა და ადგილმდებარეობას. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთი მხარე არ არის თანახმა, საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია გადაწყვიტოს, არ დანიშნოს სხდომა.
4. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა შესაძლოა დანიშნოს დამატებითი მოსმენები.
5. ყველა არბიტრი წარმოდგენილი უნდა იყოს საქმის განხილვაზე.
6. საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ საქმის განხილვა უნდა განხორციელდეს დახურულ სხდომაზე.
დამატებითი წერილობით წარდგინებები
7. საქმის განხილვიდან 20 დღის განმავლობაში, თითოეული მხარე უფლებამოსილია გააკეთოს დამატებითი წერილობითი წარდგინება, რომელიც პასუხობს ნებისმიერ საკითხს, რაც წარმოიშვა საქმის განხილვის დროს. დამატებითი წერილობითი წარდგინებები უნდა განხორციელდეს წინამდებარე წესების მე-2 პარაგრაფის თანახმად.
წერილობითი კითხვები
8. საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია, საქმისწარმოების ნებისმიერ დროს, წერილობითი ფორმით დაუსვას დავის მხარეებს შეკითხვები.
9. მხარემ უნდა მიაწოდოს წერილობითი პასუხი საარბიტრაჟო ტრიბუნალს და მეორე მხარეს. თითოეულ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა წარმოადგინოს წერილობითი კომენტარები მეორე მხარის პასუხთან დაკავშირებით.
კონფიდენციალურობა
10. საარბიტრაჟო საქმისწარმოება და საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის წარდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს კონფიდენციალური. წინამდებარე თავი არანაირად არ უშლის ხელს დავის მხარეს, გაუმჟღავნოს საკუთარი პოზიციები საზოგადოებას. მეორე მხარის მიერ საარბიტრაჟო ტრიბუნალისთვის წარდგენილი ინფორმაცია, რომელიც აღნიშნულმა მხარემ განსაზღვრა კონფიდენციალურად, განიხილება, როგორც კონფიდენციალური.
Ex parte კონტაქტი
11. საარბიტრაჟო ტრიბუნალი არ უნდა შეხვდეს ან დაეკონტაქტოს მხარეს, მეორე მხარის გარეშე.
12. არცერთ მხარეს არ შეუძლია საქმესთან დაკავშირებით დაეკონტაქტოს რომელიმე არბიტრს, მეორე მხარის ან სხვა არბიტრების გარეშე.
13. არცერთ არბიტრს არ შეუძლია განიხილოს საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დავის საგნის რაიმე ასპექტი დავის მხარესთან ან ორივე მხარესთან, მეორე მხარის ან სხვა არბიტრების გარეშე.
ექსპერტების როლი
14. მხარის მოთხოვნით, ან საკუთარი ინიციატივით, საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია მოიძიოს ინფორმაცია და ტექნიკური რჩევა ნებისმიერი პირის ან ორგანოსგან, რომელსაც იგი მიიჩნევს საჭიროდ. ნებისმიერ ინფორმაცია, ამგვარად მოპოვებული, უნდა წარედგინოს დავის მხარეებს კომენტარებისთვის.
სამუშაო ენა
15. დავების მოგვარების პროცესის სამუშაო ენაა ინგლისური.
ზოგადი დებულებანი და გამონაკლისე