1. მთავრობის სხდომას ხელმძღვანელობს (თავმჯდომარეობს) პრემიერ-მინისტრი. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავრობის სხდომა შეიძლება საჯაროდ გამოცხადდეს.

2. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის არანაკლებ 11 წევრისა.

3. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, შეცვალოს განსახილველი პროექტების თანმიმდევრობა. ინიციატორი უწყების დასაბუთებული თხოვნით, პრემიერ‑მინისტრს შეუძლია მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგს დაამატოს განსახილველი პროექტ(ებ)ი.

4. დღის წესრიგს არ დაემატება:

ა) საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების პროექტები;

ბ) საქართველოს მთავრობის იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, რომელთა მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგები აღემატება ერთ მილიონ ლარს, გარდა წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფის შემთხვევებისა;

გ) კანონპროექტ(ებ)ი;

დ) საერთაშორისო ხელშეკრულება.

5. მთავრობის სხდომაზე განსახილველი პროექტების დამატებისას, აღნიშნულ პროექტებს მთავრობა, საჭიროების შემთხვევაში, იღებს შენიშვნებით, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მათი ექსპერტიზის უზრუნველყოფის მიზნით. თუ ექსპერტიზის შედეგად არ დაფიქსირდა შენიშვნები, პროექტი ითვლება შენიშვნების გარეშე მიღებულად.

6. დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა, კანონპროექტის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს, ხოლო სხვა სახის პროექტის შემთხვევაში – 15 წუთს.

7. მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას დგება მთავრობის სხდომის ოქმი, რომელიც ფორმდება მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ. ოქმში აისახება განსახილველი პროექტის მიმართ მთავრობის სხდომაზე გამოთქმული წინადადებები, შენიშვნები, გაცემული დავალებების შინაარსი და, საჭიროების შემთხვევაში, მათი შესრულების ვადა. ოქმში ასევე აისახება მოკლე ინფორმაცია საკითხზე, რომელიც არ ეხება ინიციირებულ პროექტს, მაგრამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა გაცემულ იქნეს საოქმო დავალება ან მთავრობის მიერ მიღებულ იქნეს ცნობად. ოქმს ხელს აწერენ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

8. ინიციატორი უწყება ვალდებულია, მთავრობის სხდომაზე შენიშვნებით მიღებული სამართლებრივი აქტის კორექტირებული ვერსია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინოს მთავრობის სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადა მოიცავს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მათი ექსპერტიზისათვის საჭირო დროსაც, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 5 სამუშაო დღე