1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ, ნარჩენების ინსინერაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაინტერესებული პირის განცხადება და თანდართული დოკუმენტები, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით  განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, ასევე უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დაგეგმილი საწარმოსა და მისი საქმიანობის აღწერას, საპროექტო სიმძლავრის მითითებით;

ბ) ნედლეულისა და დამხმარე მასალების, სხვა ნივთიერებებისა და საწარმოს მიერ გამოყენებული ან წარმოქმნილი ენერგიის აღწერას;

გ) საწარმოს ემისიის წყაროების აღწერას;

დ) საწარმოს განთავსების ტერიტორიის ფიზიკური პირობების აღწერას;

ე) საწარმოს მიერ გარემოს ყველა კომპონენტში გავრცელებული ემისიის სახეობებისა და რაოდენობის აღწერას − ამ ემისიის გარემოზე ზემოქმედების მითითებით;

ვ) საწარმოდან წარმოქმნილი ემისიის თავიდან აცილების ან შემცირების (როდესაც თავიდან აცილება არ არის შესაძლებელი) ტექნოლოგიებისა და მეთოდების აღწერას;

ზ) საწარმოო ნაშთის წარმოქმნის თავიდან აცილებისათვის, ხელახალი გამოყენებისათვის, რეციკლირებისა და აღდგენისათვის მომზადების ღონისძიებების აღწერას;

თ) ოპერატორის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლით  განსაზღვრული ზოგადი ვალდებულებების შესრულების უზრუნველმყოფი ღონისძიებების აღწერას;

ი) ემისიის მონიტორინგის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების საშუალებების  აღწერას.

2. განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიცავდეს იმ კონკრეტული ღონისძიებების აღწერას, რომელთა განხორციელებითაც უზრუნველყოფილი იქნება:

ა) საწარმოს პროექტის, აღჭურვილობისა და ექსპლუატაციის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან, ინსინერაციას დაქვემდებარებული ნარჩენების კატეგორიების გათვალისწინებით;

ბ) ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პროცესში წარმოქმნილი სითბოს შეძლებისდაგვარად გამოყენება, მაგალითად, სითბოს ან ელექტროენერგიის კომბინირებული მიღება, ორთქლის გენერირება ან ცენტრალური გათბობის სისტემებში გამოყენება;

გ) ინსინერაციისა ან თანაინსინერაციის პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების მინიმუმამდე შემცირება რაოდენობისა და სახიფათო თვისებების თვალსაზრისით და მათი შეძლებისდაგვარად რეციკლირება;

დ) ინსინერაციის ან თანაინსინერაციის პროცესში წარმოქმნილი იმ საწარმოო ნაშთის  განთავსება, რომელთა თავიდან აცილება, შემცირება ან რეციკლირება შეუძლებელია.

3. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ  ტექნიკური რეგლამენტით, ნარჩენების მართვის კოდექსით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსითა და მათ საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენის სახეობების ჩამონათვალი (ნარჩენის თითოეული სახეობის რაოდენობის მითითებით), ნარჩენების ნუსხის შესაბამისად;

ბ) საწარმოს სიმძლავრე, ნარჩენების ინსინერაციის ან თანაინსინერაციის პოტენციალის თვალსაზრისით;

გ) ატმოსფერულ ჰაერსა და წყალში ემისიის ზღვრული მნიშვნელობა, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართების შესაბამისად;

დ) pH, ტემპერატურა და ჩაშვებული ჩამდინარე  წყლების კონტროლის მოთხოვნები;

ე) ნიმუშების აღებისა და საზომი მოწყობილობებისა და პროცედურების აღწერა, მათი ჩატარების სიხშირის მითითებით, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნეს მონიტორინგის პროცესში და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ემისიის მონიტორინგის პირობების უზრუნველსაყოფად.

4. ისეთი საწარმოს შემთხვევაში, რომელიც ამუშავებს სახიფათო ნარჩენებს, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა, დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დამუშავებას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის სახიფათო ნარჩენების  რაოდენობა;

ბ) სახიფათო ნარჩენების მინიმალური და მაქსიმალური მასური ხარჯი და მინიმალური და მაქსიმალური კალორიულობა, მათში პოლიქრორირებული ბიფენილების, პენტაქლოროფენოლის, ქლორის, ფტორის, გოგირდის, მძიმე ლითონებისა და იმ სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებების მაქსიმალური კონცენტრაცია, რომლებიც მასალის სახიფათოობას განაპირობებენ.

5. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების  გაცემისას უნდა განისაზღვროს ყველა ის ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოო პროცესის შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. აღნიშნული უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ღონისძიებებს:

ა) ემისიის ზღვრული მნიშვნელობის განსაზღვრა ტექნიკური რეგლამენტის დანართ II-ში ჩამოთვლილი და იმ სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებებისათვის, რომლებიც შესაძლოა დიდი რაოდენობით გაიფრქვეს საწარმოდან, მათი პროფილისა და გარემოს ერთი კომპონენტიდან მეორეში დაბინძურების გადატანის შესაძლებლობის გათვალისწინებით;

ბ) მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნიადაგის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაცვასა და საწარმოს მიერ წარმოქმნილი საწარმოო ნაშთის მონიტორინგსა და მართვას;

გ) ემისიის მონიტორინგი, რომელშიც განსაზღვრულია გაზომვის ტექნოლოგია და მეთოდოლოგია, სიხშირე და შეფასების პროცედურა;

დ) მოთხოვნები ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებში ემისიის თავიდან ასაცილებლად საჭირო ღონისძიებების რეგულარულად წარმოებასა და ზედამხედველობასთან დაკავშირებით, ასევე მოთხოვნები ნიადაგის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების პერიოდულ მონიტორინგთან დაკავშირებით საწარმოს ტერიტორიაზე სავარაუდოდ არსებული სახიფათო ნივთიერებების კუთხით და საწარმოს ტერიტორიაზე ნიადაგის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების შესაძლებლობის გათვალისწინებით;

ე) პროცესების მოწესრიგება, რომლებიც ეხება საწარმოს მუშაობის ისეთ პირობებს, რომლებიც განსხვავდება მისი ჩვეულებრივი საექსპლუატაციო რეჟიმისგან: საწარმოს ექსპლუატაციაში გაშვება და დახურვა, გაჟონვა, სისტემების გაუმართაობა, ავარიული გაჩერება და  მუშაობის შეწყვეტა.

6. სამინისტრო უფლებამოსილია, განსაზღვროს ნარჩენების ის კატეგორიები, რომელთა თანაინსინერაცია შესაძლებელია ნარჩენების თანაინსინერაციის გარკვეული კატეგორიის საწარმოებში.

7. იმ შემთხვევაში, თუ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაცემულია ორ ან მეტ საქმიანობაზე, რომელსაც ახორციელებს ერთი საქმიანობის განმახორციელებელი, აღნიშნული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით  თითოეული საქმიანობისათვის ინდივიდუალურად უნდა იყოს განსაზღვრული პირობები, ამ ტექნიკური რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

თავი III

ნარჩენების მიტანა და მიღე