1. ინსინერაციის საწარმოს ექსპლუატაციის რეჟიმმა უნდა უზრუნველყოს ინსინერაციის ისეთი დონე, როდესაც ჯამური ორგანული ნახშირბადის შემცველობა წიდასა და ნაცარში 3%-ზე ნაკლებია ან მისი დანაკარგი წვის შედეგად დამუშავებული ნარჩენი მასალის მშრალი წონის 5%-ზე ნაკლებია. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ პირობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, გამოყენებულ უნდა იქნეს ნარჩენების წინასწარი დამუშავების მეთოდები.
2. ინსინერაციის საწარმო უნდა დაპროექტდეს, აღიჭურვოს და იმართოს ისე, რომ ინსინერაციის პროცესის შედეგად წარმოქმნილი აირების ტემპერატურა წვის ღუმელის შიდა კედელთან ან წვის კამერის სხვა, სამინისტროს მიერ განსაზღვრულ წერტილში, წვის ღუმელში ჰაერის ბოლო მიწოდების შემდეგ, სულ მცირე, ორი წამის განმავლობაში, კონტროლირებად, ერთგვაროვან და ყველაზე არასასურველ პირობებშიც კი, მინიმუმ 850°C-ს აღწევდეს. ისეთი სახიფათო ნარჩენების ინსინერაციის შემთხვევაში, რომლებშიც ჰალოგენირებული ორგანული ნივთიერებების (ქლორზე გადაანგარიშებით) შემცველობა 1%-ს აღემატება, ტემპერატურამ, სულ მცირე, ორი წამის განმავლობაში 1 100°C-ს უნდა მიაღწიოს დიოქსინებისა და ფურანების წარმოქმნის მინიმუმამდე დასაყვანად.
3. ინსინერაციის საწარმოს თითოეული ხაზი აღჭურვილი უნდა იყოს, სულ მცირე, ერთი დამატებითი სანთურით, რომელიც ავტომატურად უნდა ჩაირთოს იმ შემთხვევაში, თუ წვის კამერაში ჰაერის ბოლო მიწოდების შემდეგ გაფრქვევების ტემპერატურა 850°C-ზე ან 1 100°C-ზე (შესაბამის შემთხვევებში) ნაკლები გახდება. დამატებითი სანთურა გამოყენებულ უნდა იქნეს საწარმოს ექსპლუატაციაში გაშვების ან დახურვის ოპერაციების დროს მინიმალური ტემპერატურის 850°C-ის ან 1 100°C-ის (შესაბამის შემთხვევებში) დონეზე უზრუნველსაყოფად და მანამ, სანამ წვის კამერაში დაუწვავი ნარჩენი რჩება.
4. საწარმოს ექსპლუატაციაში გაშვების ან დახურვის დროს ან როდესაც გაფრქვევის ტემპერატურა 850°C-ზე ან 1 100°C-ზე (შესაბამის შემთხვევებში) ნაკლებია, დაუშვებელია დამატებითი სანთურისთვის ისეთი საწვავის მიწოდება, რომელსაც შეუძლია უფრო მაღალი ემისიის წარმოქმნა, ვიდრე გაზოილს, თხევად გაზს ან ბუნებრივ გაზს.
5. თანაინსინერაციის საწარმოები უნდა დაპროექტდეს, აღიჭურვოს, აშენდეს და იმართოს ისეთნაირად, რომ თანაინსინერაციის პროცესის შედეგად წარმოქმნილი აირების ტემპერატურა წვის ღუმელის შიდა კედელთან ან წვის კამერის სხვა, სამინისტროს მიერ განსაზღვრულ წერტილში, წვის ღუმელში ჰაერის ბოლო მიწოდების შემდეგ, სულ მცირე, ორი წამის განმავლობაში კონტროლირებად, ერთგვაროვან და ყველაზე არასასურველ პირობებშიც კი, მინიმუმ 850°C-ს აღწევდეს. ისეთი სახიფათო ნარჩენების ინსინერაციის შემთხვევაში, რომლებშიც ჰალოგენირებული ორგანული ნივთიერებების (ქლორზე გადაანგარიშებით) შემცველობა 1%-ს აღემატება, ტემპერატურამ, სულ მცირე, ორი წამის განმავლობაში 1,100°C-ს უნდა მიაღწიოს დიოქსინებისა და ფურანების წარმოქმნის მინიმუმამდე დასაყვანად.
6. საწარმოს უნდა ჰქონდეს ავტომატური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების მიწოდების შეწყვეტას შემდეგ შემთხვევებში:
ა) საწარმოს ამუშავების მომენტში, სანამ არ იქნება მიღწეული სავალდებულო მინიმალური − 850°C ან 1 100°C (შესაბამის შემთხვევებში) ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ტემპერატურა;
ბ) სანამ არ იქნება შენარჩუნებული სავალდებულო მინიმალური − 850°C ან 1 100°C (შესაბამის შემთხვევებში) ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ტემპერატურა;
გ) როდესაც ტექნიკური რეგლამენტით სავალდებულო უწყვეტი გაზომვების სისტემები და მათი შედეგები აჩვენებს, რომ ადგილი აქვს ემისიის ზღვრული მნიშვნელობის გადაჭარბებას ჰაერის დაბინძურების კონტროლის სისტემებისა და მოწყობილობების გაუმართაობის ან მუშაობის რეჟიმის დარღვევის გამ