1. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურება ხორციელდება განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში.
2. განცხადების მიღების შემდეგ 10 დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან და სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან.
3. სააგენტო შეაჩერებს განცხადების განხილვას და დაადგენს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადას, თუ განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება:
ა) ამ წესის 52-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა;
ბ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოთხოვნებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება რჩება განუხილველი.
5. თუ განმცხადებლის სახელზე არ არის გაცემული აქტიური სტატუსის ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატი:
ა) სააგენტო განმცხადებელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის ინდივიდუალური მოწყობილობის წარმოდგენის თაობაზე. შეტყობინებაში მიეთითება ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის ინდივიდუალური მოწყობილობის წარმოდგენის დრო და ადგილი;
ბ) განმცხადებელი ვალდებულია, გამოცხადდეს სააგენტოს მიერ წინასწარ წერილობით განსაზღვრულ დროსა და ადგილას და წარმოადგინოს ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის ინდივიდუალური მოწყობილობა;
გ) სააგენტო ადგენს ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის ინდივიდუალური მოწყობილობის განმცხადებლის მიერ სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტებთან შესაბამისობას და გასცემს ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის სერტიფიკატს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ გამოცხადდა სააგენტოში, განცხადება რჩება განუხილველი.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაცემის შეუძლებლობისას, სააგენტო უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრის ვადა, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება რჩება განუხილველი.
8. სააგენტო უზრუნველყოფს განმცხადებლის მიერ წარდგენილი ელექტრონული დოკუმენტიდან ამოღებული დაშიფრული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების გაშიფვრას, განმცხადებლის სახელზე გაცემული აქტიური ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის ღია გასაღების მეშვეობით დაშიფვრას და განმცხადებლისთვის უსაფრთხო მიწოდება