1. ავიასპეციალისტის მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის და ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების და სერტიფიკატის განახლების უფლებამოსილების მქონე ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატის მისაღებად, განმცხადებელი სააგენტოში წარადგენს განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის №3 დანართით გათვალისწინებულ ფორმას.
2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
გ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
დ) საავიაციო მედიცინის ბაზისური სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი საბუთი;
ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ავიასპეციალისტის პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების და სერტიფიკატის განახლების უფლებამოსილების მქონე ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატის მაძიებელმა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების გარდა, სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) ავიასამედიცინო ექსპერტის მოქმედი სერტიფიკატი;
ბ) განცხადების შეტანამდე ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, არანაკლებ 30 შესაბამისი გამოკვლევის ჩატარების დამადასტურებელი საბუთი;
გ) საავიაციო მედიცინის შემდგომი კურსის გავლის დამადასტურებელი საბუთი;
დ) ავიასამედიცინო ცენტრში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სააგენტოს ზედამხედველობით, პრაქტიკული სწავლების გავლის დამადასტურებელი საბუთი.
4. ავიასპეციალისტის მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების და სერტიფიკატის განახლების უფლებამოსილების მქონე ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატის მაძიებელმა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების გარდა, სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს საავიაციო მედიცინის შემდგომი სწავლების კურსის, აგრეთვე, საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის და საჰაერო მოძრაობის სპეციფიკური გარემოს სამედიცინო შეფასების კონკრეტული მოდულების გავლის დამადასტურებელი საბუთი.
5. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების და სერტიფიკატის განახლების უფლებამოსილების მქონე ავიასამედიცინო ექსპერტს უნდა გააჩნდეს გამოკვლევების/ კვლევების და ვარგისობის შეფასებების ჩასატარებლად საჭირო საშუალებები, პროცედურები, დოკუმენტაცია, ფუნქციური აღჭურვილობა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობები.
6. თუ განმცხადებელი აწარმოებს პრაქტიკულ საქმიანობას სხვადასხვა იურიდიულ მისამართზე, სააგენტოს წარედგინება ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების ყველა მისამართის შესახებ