1. ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებისა და ამ დადგენილების შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისათვის, ქვეყანაში შემოსვლისას ან ქვეყნიდან გასვლისას სასაზღვრო ინსპექციის პუნქტმა შესაძლოა მოითხოვოს:

ა) ინფორმაცია მგზავრობის პუნქტებთან დაკავშირებით მგზავრთან კონტაქტის დადგენის მიზნით;

ბ) ინფორმაცია მგზავრობის მარშრუტის (დასენიანებულ ზონაში ან მის მახლობლად ყოფნის) შესახებ ინფექციის ან კონტამინაციის წყაროსთან კონტაქტის დადგენის მიზნით;

გ) მგზავრის არაინვაზიური და შეძლებისდაგვარად ნაკლებინტრუზიული სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით;

დ) კონტროლის ობიექტის ინსპექტირების ჩატარება.

2. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი მონაცემების არსებობისას სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი უფლებამოსილია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენოს დამატებითი სანიტარიული ღონისძიებები, კერძოდ, დასენიანებული ან ინფიცირებაზე საეჭვო მგზავრების მიმართ არაინვაზიური და შეძლებისდაგვარად ნაკლებად ინტრუზიული სამედიცინო გამოკვლევა.

3. მგზავრის სამედიცინო გამოკვლევა, ვაქცინაცია, პროფილაქტიკა ან სხვა სამედიცინო-სანიტარიული ღონისძიება შესაძლებელია განხორციელდეს ამ დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, მხოლოდ მგზავრის (პირის ქმედუუნარობის ან შეზღუდული ქმედუნარიანობის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის) წინასწარი ზეპირი ან წერილობითი ინფორმირებული თანხმობით, გარდა ამ ტექნოლოგიური სქემის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. მგზავრს (პირის ქმედუუნარობის ან შეზღუდული ქმედუნარიანობის შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელს), რომლის მიმართაც ხორციელდება ვაქცინაცია ან გამოიყენება სხვა სანიტარიული ღონისძიებები, დროულად უნდა მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ვაქცინაციის ან სხვა სამედიცინო მანიპულაციის არსისა და აუცილებლობის, მოსალოდნელი კლინიკური გამოსავლის, არსებული რისკისა და, სამედიცინო მანიპულაციაზე უარის შემთხვევაში, შესაძლო შედეგების შესახებ.

5. ნებისმიერი სამედიცინო პროცედურა (მანიპულაცია), რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების ეროვნული და საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად.

6. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების პირადი ბარგი, ხელბარგი, დიპლომატიური ფოსტა, აგრეთვე საკონსულო ვალიზა თავისუფლდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლისაგან. თუ არსებობს ეჭვი, რომ ამ ბარგით, ხელბარგით ან საფოსტო გზავნილით გადაიტანება პათოგენური ბიოლოგიური აგენტი ან/და არსებობს ქვეყანაში განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების შემოტანისა და გავრცელების საშიშროება, კონტროლი ხორციელდება მხოლოდ დიპლომატისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით.

7. საკონსულო ვალიზის გახსნაზე უარის თქმის შემთხვევაში, იგი ბრუნდებ