დანართი №1
საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემა
ზოგადი დებულებები
ტერმინთა განმარტება
ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი – ქვეყანაში საკარანტინო და საერთაშორისო გავრცელების რისკის მქონე სხვა დაავადებების შემოტანის, აღმოცენებისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ ქვეყნის სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში (სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებში) „ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების“, „საზღვრებზე ტვირთის კონტროლის ჩატარების პირობების შეთანხმების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციისა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის ღონისძიებები;
ბ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი – №3 დანართით განსაზღვრული სასაზღვრო ინსპექციის პუნქტები და სხვა კონტროლის ზონა, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი;
გ) სატრანსპორტო საშუალება – საერთაშორისო რეისის განმახორციელებელი საჰაერო ხომალდი, საზღვაო ხომალდი, მატარებელი, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალება ან სხვა სატრანსპორტო საშუალება;
დ) საქონელი – სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების ბორტზე გამოყენებისათვის განკუთვნილი მატერიალური ქონება, მათ შორის, ცხოველები და მცენარეები;
ე) ეკიპაჟი – საერთაშორისო მიმოსვლის სატრანსპორტო საშუალების ბორტზე მყოფი პირები, გარდა მგზავრისა;
ვ) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს, მიუხედავად საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისა;
ზ) საერთაშორისო გადაადგილება:
ზ.ა) სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – ერთზე მეტი ქვეყნის ტერიტორიის შემოსასვლელ პუნქტებს შორის გადაადგილება ან ერთი ქვეყნის ტერიტორიის შემოსასვლელ პუნქტებს შორის გადაადგილება, თუ სატრანსპორტო საშუალებას გადაადგილებისას აქვს შეხება ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიასთან;
ზ.ბ) მგზავრის შემთხვევაში – მგზავრობა ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის მიზნით, გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, საიდანაც მგზავრი იწყებს გადაადგილებას;
თ) იზოლაცია – ინფიცირებისა და კონტამინაციის გავრცელების აღკვეთის მიზნით დაავადებული ან დასენიანებული პირის, ან დასენიანებული სატრანსპორტო საშუალების, კონტეინერის, ტვირთის, ბარგის, საფოსტო გზავნილების განცალკევება;
ი) კარანტინი – ქმედების შეზღუდვა ან/და დაავადებაზე საეჭვო პირების განცალკევება იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან დაავადებულნი, ან საეჭვო სატრანსპორტო საშუალებების, ბარგის, ხელბარგის ან საქონლის განცალკევება იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ინფექციის შესაძლო გავრცელება ან კონტამინაცია;
კ) დაავადებაზე საეჭვო – ის პირი, სატრანსპორტო საშუალება, კონტეინერი, ტვირთი, ბარგი, ხელბარგი ან საფოსტო გზავნილი, რომლებმაც განიცადეს ან შესაძლოა განიცადეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკის ფაქტორის ზემოქმედება და, ამდენად, შესაძლებელია წარმოადგენდნენ დაავადების გავრცელების პოტენციურ წყაროს;
ლ) ინფექცია – ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში ინფექციური აგენტის შეჭრა და განვითარება ან შემდგომი გამრავლება, რაც შეიძლება წარმოადგენდეს რისკს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის;
მ) რეზერვუარი – ცხოველი, მცენარე ან ნივთიერება, რომელშიც ინფექციის გამომწვევი აგენტი ჩვეულებრივად ბინადრობს და რომლის არსებობა შესაძლებელია წარმოადგენდეს რისკს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის;
ნ) ეპიდემიური კერა – ინფექციის წყაროს ადგილი და მისი მომიჯნავე ტერიტორია, რომელთა ფარგლებშიც მოცემულ პირობებში შესაძლებელია ჯანმრთელი ადამიანების ინფიცირება დაავადების გამომწვევით;
ო) დასენიანებული რეგიონი – კონკრეტული გეოგრაფიული რეგიონი, რომლის მიმართ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციებს დადგენილი წესების შესაბამისი სამედიცინო-სანიტარიული ზომების მიღების შესახებ;
პ) სამედიცინო ღონისძიება – კონტამინაციის ან დაავადების გავრცელების თავიდან აცილების, ანუ პრევენციის მიზნით ჩატარებული პროცედურა (სამედიცინო ღონისძიება არ გულისხმობს სამართალდამცავ ან უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებს);
ჟ) ინსპექტირება – კომპეტენტური ორგანოების მიერ ან უშუალოდ მათი კონტროლის ქვეშ, არეალის, ბარგის და ხელბარგის, ადამიანის გვამის, კონტეინერების, სატრანსპორტო საშუალების, ობიექტების, საქონლისა და საფოსტო გზავნილების, აგრეთვე შესაბამისი მონაცემებისა და დოკუმენტაციის დათვალიერება-შესწავლა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის გამოვლენის მიზნით;
რ) კონტროლის ობიექტი – სატრანსპორტო საშუალება და მისი ეკიპაჟი, მგზავრი, მისი ბარგი და ხელბარგი, ადამიანის გვამი;
ს) უფლებამოსილი პირი – სამსახურის შესაბამისი სპეციალობის მქონე მოხელე (ზოგადი პროფილის ექიმი პროფილაქტიკოსი, ექიმი ეპიდემიოლოგი ან ექიმი ჰიგიენისტი), რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი;
ტ) ეროვნული კოორდინატორი – ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების თანახმად, ეროვნული კოორდინატორის ფუნქციის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომელიც ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის საკონტაქტო პუნქტებთან კავშირისათვის ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს;
უ) განსაკუთრებით საშიში ინფექციები – პათოგენური ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას;
ფ) დეზინფექცია – პროცედურა, რომლის შესაბამისად ადამიანის ან ცხოველის სხეულის ზედაპირზე ან ბარგში, ხელბარგში, საქონელში, კონტეინერებში, სატრანსპორტო საშუალებებსა და საფოსტო გზავნილებში ქიმიური ან ფიზიკური აგენტების პირდაპირი ზემოქმედების მეშვეობით ტარდება სანიტარიული ღონისძიებები ინფექციური აგენტების წინააღმდეგ ბრძოლის ან განადგურების მიზნით;
ქ) დეზინსექცია – პროცედურა, რომლის შესაბამისადაც ტარდება სანიტარიული ღონისძიებები ბარგში, ხელბარგში, საქონელში, კონტეინერებში, სატრანსპორტო საშუალებებსა და საფოსტო გზავნილებში აღმოჩენილი ადამიანის დაავადების გადამტანი მწერების გასანადგურებლად;
ღ) დერატიზაცია – პროცედურა, რომლის შესაბამისადაც ტარდება სანიტარიული ღონისძიებები ბარგში, ხელბარგში, კონტეინერებში, სატრანსპორტო საშუალებებზე, ობიექტებზე, საქონელში, ამანათებსა და საფოსტო გზავნილებში არსებული ადამიანის დაავადებების გამავრცელებელი მღრღნელების გასანადგურებლად შემოსასვლელ პუნქტში;
ყ) კონტამინაცია – ინფექციური ან ტოქსიკური აგენტის ან ნივთიერების არსებობა ადამიანის ან ცხოველის სხეულის ზედაპირზე, მოხმარებისათვის განკუთვნილ პროდუქტში ან პროდუქტზე, ან სხვა საგანზე (სატრანსპორტო საშუალების ჩათვლით), რაც შესაძლებელია წარმოადგენდეს რისკს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის;
შ) დეკონტამინაცია – პროცედურა, რომლის შესაბამისად ტარდება სანიტარიული ღონისძიებები ადამიანის ან ცხოველის სხეულის ზედაპირზე, მოხმარებისათვის განკუთვნილ პროდუქტში ან პროდუქტზე ან სხვა საგნებზე (სატრანსპორტო საშუალების ჩათვლით) ინფექციური ან ტოქსიკური აგენტის მოსპობის მიზნით, რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს რისკს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის;
ჩ) რეკომენდაციები – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული მუდმივი ან დროებითი რეკომენდაციები, რომლებიც ოპერატიულად მიეწოდება სამსახურს დასენიანებული ან/და დასენიანების რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოსული პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ჩასატარებელი სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის პროცედურებისა და გასატარებელი ღონისძიებების (დეკონტამინაცია, იზოლაცია, კარანტინი, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების ქვეყანაში შემოსვლის დროებითი აკრძალვა ან შეზღუდვა, სხვა ღონისძიებები) შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების საერთაშორისო გავრცელება და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი დაბრკოლებები საერთაშორისო გადაზიდვებისათვის;
ც) ინტრუზიული პროცედურა – პირისათვის შესაძლო დისკომფორტის შექმნა მასთან მჭიდრო და უშუალო კონტაქტის ან პირადი ხასიათის შეკითხვების დასმის შედეგად;
ძ) ინვაზიური პროცედურა – კანზე ჩხვლეტა, კანის გაჭრა, სხეულში სამედიცინო ინსტრუმენტის ან უცხო სხეულის შეყვანა ან ორგანიზმის ღრუების დათვალიერება; ამ დადგენილების მიზნებისათვის: ყურის, ცხვირისა და პირის ღრუს სამედიცინო გამოკვლევა; ტემპერატურის გაზომვა ყურის, ორალური ან კანის თერმომეტრით, ან გამოსახულების თერმული ვიზუალიზაციით; სამედიცინო შემოწმება; აუსკულტაცია; გარეგანი პალპაცია; რეტინოსკოპია; შარდის, ფეკალური მასებისა და ნერწყვის ნიმუშების გამოყოფის შემდგომი შეგროვება; არტერიული წნევის ექსტერნალური გაზომვა და ელექტროკარდიოგრაფია მიიჩნევა არაინვაზიურ პროცედურებად;
წ) თანხმობა თავისუფალ ურთიერთობაზე – სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ ნებართვის გაცემა:
წ.ა) საზღვაო მცურავი საშუალებებისათვის – პორტში შესვლაზე, მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ჩასხდომა-გადმოსხდომაზე, საქონლის ან მარაგის ჩატვირთვა-გადმოტვირთვაზე;
წ.ბ) დაშვების შემდეგ საჰაერო ხომალდისათვის – მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ჩასხდომა-გადმოსხდომაზე, საქონლის ან მარაგის ჩატვირთვა-გადმოტვირთვაზე;
წ.გ) შემოსვლის შემდეგ სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებისათვის – მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ჩასხდომა-გადმოსხდომაზე, საქონლისა და მარაგის ჩატვირთვა-გადმოტვირთვაზე.
კომპეტენტური ორგანოები და მათი მოვალეობებ