1. წევრების საბჭო
წევრების საბჭოს შემადგენლობაში შედის თითოეული წევრის ერთი დელეგატი. ამასთან, თითოეულ წევრს შეუძლია დანიშნოს თავისი დელეგატის ერთი ან რამდენიმე შემცვლელი და ერთი ან რამდენიმე კონსულტანტი.
წევრების საბჭო წარმოადგენს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს უმაღლეს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს და ის ახორციელებს ყველა უფლებამოსილებას და ფუნქციას, რომელიც აუცილებელია წინამდებარე შეთანხმების მიზნების მისაღწევად.
წევრების საბჭო პასუხისმგებელია წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განხორციელებაზე. ამ მიზნით, ის იღებს გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს, იმ პირობით თუ შესაბამისი უფლებამოსილებების ან ფუნქციების შესრულება არ ეკისრება უშუალოდ აღმასრულებელ დირექტორს.
ნებისმიერი გადაწყვეტილება ან რეკომენდაცია მიღებული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად, რომელიც წინ უსწრებს წინამდებარე შეთანხმებას და რომელიც ჯერ კიდევ ძალაშია წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტისთვის, გააგრძელებს მოქმედებას, თუ ის არ ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმებას ან მას არ აუქმებს წევრების საბჭო.
წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, წევრების საბჭო, წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესაბამისად, მიიღებს:
საპროცედურო წესებს;
ფინანსურ რეგულაციებს;
პერსონალთან დაკავშირებულ რეგულაციებს, ანალოგიურ სამთავრობათშორისო ორგანიზაციებში თანამდებობის პირთა მიმართ მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით;
ორგანიზაციის სტრუქტურას და მოვალეობების აღწერას;
სხვა პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ფუნქციონირებისთვის;
წევრების საბჭო მიიღებს და გამოაქვეყნებს თავისი საქმიანობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს, ასევე ანგარიშებს, კვლევებსა და სხვა დოკუმენტებს, რომლებსაც ის ჩათვლის მიზანშეწონილად და აუცილებლად.
2. თავმჯდომარე და ვიცე-თავმჯდომარე
წევრების საბჭო ერთი წლის ვადით დანიშნავს თავმჯდომარეს და ვიცე-თავმჯდომარეს წევრების დელეგაციების წარმომადგენელთაგან. იმ შემთხვევაში თუ თავმჯდომარე, ან ვიცე-თავმჯდომარე წარმოადგენს დელეგაციის ხელმძღვანელს, რომელიც ხელმძღვანელობს სხდომებს, წევრების საბჭოს გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას განახორციელებს მისი დელეგაციის სხვა წევრი.
იმ უფლებამოსილებებისა და ფუნქციების შეუზღუდავად, რომლებიც აღმასრულებელ დირექტორს ეკისრება წინამდებარე შეთანხმებაში ან მის შესაბამისად, თავმჯდომარე ხელმძღვანელობს წევრების საბჭოს სხდომებს, წარმართავს დისკუსიებს გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივების მიზნით და ასრულებს ნებისმიერ სხვა შესაბამის მოვალეობას და ფუნქციას, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმებით და/ან დამატებით მითითებულია საპროცედურო წესებში.
თავისი ფუნქციების შესრულებისას, თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია წევრების საბჭოს წინაშე.
თავმჯდომარის არყოფნის პერიოდში, მის ფუნქციებს შეასრულებს ვიცე-თავმჯდომარე, რომელსაც ექნება იგივე უფლებამოსილებები და მოვალეობები, როგორიც თავმჯდომარეს, ამ უკანასკნელის ჩანაცვლებისას.
თავმჯდომარე და ვიცე-თავმჯდომარე არანაირ ანაზღაურებას არ იღებენ. როგორც თავმჯდომარის, ისე ვიცე-თავმჯდომარის დროებითი არყოფნის, ან ერთ-ერთის ან ორივეს მუდმივად არყოფნის შემთხვევაში, წევრების საბჭო დანიშნავს ახალ თანამდებობის პირებს წევრთა დელეგაციების წარმომადგენელთაგან, დროებით ან მუდმივ საფუძველზე, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.
3. ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტეტი და ნებისმიერი სხვა კომიტეტი და ქვეკომიტეტები
წევრების საბჭოს სამუშაოს გამარტივების მიზნით, საბჭო უფლებამოსილი იქნება, წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლში მითითებულ ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტეტის გარდა, შექმნას ნებისმიერი სხვა კომიტეტები და ქვეკომიტეტები, რომლებსაც ის მიიჩნევს მიზანშეწონილად მისთვის წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებაში დახმარების მიზნით.
4. აღმასრულებელი სამდივნო
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს გააჩნია აღმასრულებელი სამდივნო, რომელიც შედგება აღმასრულებელი დირექტორის, უფროსი თანამდებობის პირებისა და ისეთი პერსონალისგან, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დავალებების შესასრულებლად. აღმასრულებელი დირექტორისა და უფროსი თანამდებობის პირების ფუნქციები რეგულირდება საპროცედურო წესებით, რომლებიც, კერძოდ, განსაზღვრავს მათთვის დაკისრებულ დავალებებს.
აღმასრულებელ სამდივნოში პერსონალის აყვანისას, პირველ რიგში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს პროდუქტიულობის, კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის აუცილებლობა. აღმასრულებელი სამდივნოს თანამშრომლები, კერძოდ, აღმასრულებელი დირექტორი, უფროსი თანამდებობის პირები და საშუალო რგოლის ხელმძღვანელობა უნდა ინიშნებოდნენ წევრებს შორის პროპორციული ცვლისა და გეოგრაფიული ბალანსის პრინციპის საფუძველზე.
წევრების საბჭო აღმასრულებელ დირექტორსა და უფროსი თანამდებობის პირებს ნიშნავს ოთხი წლის ვადით. მე-10 მუხლის მე-4(b) პუნქტის დებულებათა შესაბამისად, წევრების საბჭოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელმეორე დანიშვნის ან არაუმეტეს ერთჯერადად, მაქსიმუმ ოთხი წლით დანიშვნის ვადის გაგრძელების შესახებ. წევრების საბჭო დანიშვნის პირობებს განსაზღვრავს ანალოგიურ სამთავრობათშორისო ორგანიზაციებში შესაბამის თანამდებობის პირთა მიმართ მოქმედი პირობების გათვალისწინებით;
აღმასრულებელი დირექტორი პერსონალს დანიშნავს წინამდებარე შეთანხმების დებულებებისა და პერსონალთან დაკავშირებული რეგულაციების შესაბამისად. აღმასრულებელი დირექტორი უზრუნველყოფს, რომ ყველა დანიშვნისას დაცულ იქნეს ამ მუხლის მე-4(b) პუნქტით გათვალისწინებული პრინციპები და აღნიშნულთან დაკავშირებით ანგარიშს წარუდგენს ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეთა კომიტეტს.
აღმასრულებელი დირექტორი წარმოადგენს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მთავარ ადმინისტრაციულ თანამდებობის პირს და პასუხისმგებელია წევრების საბჭოს წინაშე შეთანხმების შესრულებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით მისთვის დაკისრებული ნებისმიერი მოვალეობის შესრულებაზე. აღმასრულებელი დირექტორი ასრულებს თავის მოვალეობებს და იღებს მმართველობით გადაწყვეტილებებს უფროს თანამდებობის პირებთან ერთად, კოლეგიურ საფუძველზე, საპროცედურო წესების დებულებათა შესაბამისად.
აღმასრულებელი დირექტორი, უფროსი თანამდებობის პირები და პერსონალის სხვა წევრები არ განახორციელებენ არანაირ მომგებიან საქმიანობას ზეთისხილის მოყვანისა და ზეთისხილის პროდუქტების წარმოების სხვადასხვა სექტორიდან რომელიმეში.
წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ მოვალეობებთან დაკავშირებით, აღმასრულებელი დირექტორი, უფროსი თანამდებობის პირები და პერსონალის წევრები არ მიმართავენ მითითებებისთვის, ან არ მიიღებენ მითითებებს რომელიმე წევრის ან ორგანოსგან, რომელიც არ არის დაკავშირებული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსთან. ისინი თავს შეიკავებენ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათი, როგორც საერთაშორისო მოხელეების პოზიციაზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ წევრების საბჭოს წინაშე. წევრები ვალდებულნი არიან პატივი სცენ აღმასრულებელი დირექტორის, უფროსი თანამდებობის პირებისა და პერსონალის წევრების ვალდებულებათა საერთაშორისო ხასიათს და არ მოახდინონ მათზე გავლენა მათ მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებისას.
ნაწილი 2
წევრების საბჭოს ფუნქციონირე